რევაზ ბარაბაძე კარიერას კვიპროსში, ახნას "ეთნიკოსში" გააგრძელებს

AutoSharing Option
გუშინ ერთი ისეთი ამბავი შევიტყვეთ, ვფიქრობთ, ჩვეულებრივი ტრანსფერის ფარგლებს სცილდება: 27 წლის თავდამსხმელი რევაზ ბარაბაძე კვიპროსის უმაღლესი ლიგის კლუბ ახნას "ეთნიკოსში" ჩაირიცხა, სადაც შოთა გრიგალაშვილი თამაშობს.

ამ გუნდში ნახევარი სეზონი ბექა ტუღუშიც გამოდიოდა, რომელიც ახლახან ქუთაისის "ტორპედოს" დაუბრუნდა. სხვათა შორის, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "ეთნიკოსში" შოთა გრიგალაშვილის ძმა, ელგუჯა გრიგალაშვილიც გადავიდა.

ეს ჩვეულებრივისგან განსხვავებული ტრანსფერი იმიტომ არის, რომ ბარაბაძეს, რეალურად, 7 წელი მაღალ დონეზე არ უთამაშია. ცხოვრება უცნაურია - ეს ტანმაღალი (190 სმ) თავდამსხმელი 16 წლის იყო, როცა უმაღლეს ლიგაში სადებიუტო
შეხვედრა ჩაატარა და მალე მასზე სპეციალისტები ალაპარაკდნენ. 17 წლისა დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" ჩაირიცხა და სამი მატჩიც ჩაატარა. მერე იმხანად გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე, ჩვენთვის კარგად ნაცნობ იენის "კარლ ცაისში" გადავიდა.

სწორედ იქიდან წამოსული ისინჯებოდა მილანის "ინტერის" ახალგაზრდულ გუნდში. გასაგებია, რომ ეს ბევრს არ სჯერა, არც ის, რომ მისით ლონდონის "ჩელსიში" მუშაობის დროს ლუიშ ფელიპე სკოლარი დაინტერესდა, ხოლო გელზენკირხენის "შალკეში" რეკომენდაცია "თბილისის" ყოფილმა დამრიგებელმა ლუის ცაკარიასმა გაუწია. ჩვენთან მსგავს ამბებს "ზღაპარს" უწოდებენ. თუმცა, ეს ამბები რეალურად ხდებოდა და არა - ზღაპრებში.

2008 წელს, პორტუგალიის ნაკრებთან თამაშის შემდეგ, რევაზ ბარაბაძეს დიდი იმედები ჰქონდა, მაგრამ იმავე წლის ზაფხულში ყველაფერი აირია და ოცნებების ზღვარზე მყოფი ბარაბაძის იმედებს წერტილი დაესვა - იმ დროს უკვე მახაჭყალის "ანჟის" თავდამსხმელს მუხლი დაუზიანდა.

მას შემდეგ სამწელიწად-ნახევარი გავიდა და მოედანს დიდი იმედებით უბრუნდებოდა: რამდენჯერმე მივიდა რუსთავის "ოლიმპში", მერე გორის "დილაში", ქუთაისის "ტორპედოში", თბილისის "ლოკომოტივში"... მაგრამ იმდენჯერ დაშავდა და იმდენი მძიმე ოპერაცია გადაიტანა, ეს სისტემა, ალბათ, ჯანდაცვის მინისტრზე უკეთაც გაიცნო. მოედანზე თავის გამოჩენა კი უჭირდა. უმაღლესი ლიგის რამდენიმე ლიდერ გუნდში გამოსვლის შემდეგ იმედგაცრუებული რჩებოდა.

ბევრჯერ უფიქრია ფეხბურთიდან წასვლაზეც. ეს შარშან ზაფხულში თქვა - გულდაწყვეტილი იყო, ნუთუ ჩემი ფეხბურთიდან არაფერი გამოვაო? ბოლო იმედად პირველი ლიგის ცხინვალის "ლიახვი" დარჩა - თუ აქაც ვერაფერი გავაკეთე, ფეხბურთს მართლა შევეშვებიო.

მან ეს შანსი გამოიყენა. "ლიახვის" მთავარი მწვრთნელი მალხაზ ჟვანია ბარაბაძეს ენდო და არც ინანა - ფორვარდმა პირველ წრეში 16 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა, ანუ უფრო მეტი, ვიდრე - ბოლო 7 წელიწადში.

27 წელი ის ასაკი არ არის, ფეხბურთელმა თავის გამოჩენა ვერ მოახერხოს და იქნებ ამ ნიჭიერმა შემტევმა ახნას "ეთნიკოსში" მაინც მოახერხოს თავისი შესაძლებლობის რეალიზება. მისი ნებისყოფისა და ფეხბურთისადმი სამაგალითო სიყვარულის მქონე მოთამაშე ამას ნამდვილად იმსახურებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
წარმატებები.
გიო
16:07 15-01-2016
0
უმაგრესი ფეხბურთელი ძალიან გვიხარია რეზის წარმატება ყველა ქართული ფეხბუთის გულშემატკივას. წარმატებები ვუსურვუთ ამ ღირსეულ სპორტსმენს.
ლაშა
16:20 15-01-2016
0

სიახლეები პოპულარული