გიორგი ჩიხრაძე: "ინტერის" ქართველებთან სასაყვედურო არავის არაფერი აქვს

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატში ამ ბოლო დროს დაწინაურებულ ახალგაზრდა მწვრთნელებზე არაერთხელ ვისაუბრეთ და ბევრად უფრო მისასალმებელია უცხოეთში მოღვაწე ქართველ სპეციალისტთა არა ლოკალური, არამედ მართლაც სერიოზული წარმატებები.

საერთოდაც, უკვე ორი-სამი წელია, უცხოეთში მომუშავე ახალი თაობის ქართველი მწვრთნელების წარმატებული საქმიანობა მხოლოდ და მხოლოდ დადებით ემოციებს იწვევს; თანაც, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, იმავე თემურ ქეცბაიამ (კვიპროსზე), კახა ცხადაძემ (აზერბაიჯანში) და შოთა არველაძემ (თურქეთში) ის "სტერეოტიპი დაამსხვრიეს", რის მიხედვითაც, წარსულში ცნობილ ფეხბურთელს თურმე სამწვრთნელო ასპარეზზე სრული ფიასკო ელოდა!

საბედნიეროდ, ჩვენი თანამემამულეების შემთხვევაში ასე არ მოხდა: დამოუკიდებელი
ქართული ფეხბურთის მართლაც გამორჩეული სამეული (თემურ ქეცბაია, კახა ცხადაძე, შოთა არველაძე) დღესდღეობით უკვე ჩამოყალიბებულ და წარმატებულ მწვრთნელებად უნდა მივიჩნიოთ; იმავეს თქმა შეიძლება გიორგი ჩიხრაძეზეც, - 2009 წლის ზაფხულიდან აზერბაიჯანის "ინტერში" რომ მუშაობს და საქართველოს ნაკრებში ყოფილ თანაგუნდელსა და მეგობარს კახა ცხადაძეს ეხმარება.

გიორგი ჩიხრაძეს ურიგო საფეხბურთო კარიერა ნამდვილად არ ჰქონია: ჭაბუკობისას თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობაში თამაშობდა, შემდეგ საკავშირო II ლიგაში სოხუმის "დინამოში" ასპარეზობდა. ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან სამწელიწადნახევარი (ანუ, ვიდრე აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყებოდა) იმ დროისათვის ერთ-ერთ მართლაც გამორჩეული გუნდის, სოხუმის "ცხუმის" დაცვის ბურჯი გახლდათ. ფიზიკურად ძლიერ და უშიშარ მარცხენა მცველს მეტოქეთა მიმართ "რიდი" ნამდვილად არასდროს ჰქონია და ხშირად გვახსოვს ისეთი თამაშებიც, როცა ამა თუ იმ მწვრთნელს მოწინააღმდეგის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელის პერსონალური მეურვეობა სწორედ ჩიხრაძისთვის დაუვალებია.

ორი სეზონი უკრაინულ "ტემპში" ჩაატარა, მერე ბევრად უფრო ძლიერ და ამბიციურ უკრაინულ გუნდში გადავიდა და ორი სეზონის განმავლობაში დონეცკის "შახტარის" ძირითადი შემადგენლობის წევრი გახლდათ; მერე, დროებით თბილისის "დინამოში" დაბრუნდა, რასაც ჩინეთში გამგზავრება მოჰყვა, საიდანაც თბილისის "ლოკომოტივში" გადმოვიდა; ალბათ, არც უნანია - როგორც "ლოკომოტივის" ფეხბურთელმა, გიორგი ჩიხრაძემ შეძლო საქართველოს თასის მოპოვება, არადა, "ცხუმის" შემადგენლობაში ორი ფინალი ჰქონდა წაგებული.

გავა წლები და ჩიხრაძეს კიდევ არაერთხელ ვნახავთ საქართველოს თასის ფინალში, ოღონდ, ამჯერად უკვე მთავარი მწვრთნელის რანგში. რაღა თქმა უნდა, მართლაც კოლორიტულ და თვითმყოფად გუნდს, თბილისის "ამერს" ვიხსენებთ; გუნდს, სადაც ისრაელის ჩემპიონატში გატარებული 2 სეზონის მერე გიორგი ჩიხრაძემ თავისი საფეხბურთო კარიერა დაასრულა და მერე, როგორც მწვრთნელმა, მართლაც ჩინებულ შედეგს მიაღწია: "ამერი" სამჯერ გაიყვანა თასის ფინალში და ორჯერ მოაპოვებინა ეს საპატიო პრიზი, ასევე ორჯერ კი, საქართველოს სუპერთასზე გაიმარჯვა!

სხვათა შორის, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ჩიხრაძე ერთადერთია, ვისაც საქართველოს თასი ფეხბურთელობის დროსაც აქვს მოგებული და როგორც - მწვრთნელსაც; ასევე ერთადერთია, ვისაც კოლეგებს შორის ყველაზე მეტჯერ გაუმარჯვია სუპერთასზე. ისე, ბაქოს "ინტერის" მთავარ მწვრთნელს, კახა ცხადაძესაც აქვს საამაყო მიღწევა: როგორც ფეხბურთელი და როგორც მწვრთნელი, საქართველოს ჩემპიონი სხვა არავინ გამხდარა.

და აი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2009 წლის ზაფხულიდან ცხადაძე და ჩიხრაძე აზერბაიჯანის "ინტერს" წვრთნიან და თავიანთ კოლექციას ახალ-ახალი ტიტულებით ამდიდრებენ: შარშან მაისში აზერბაიჯანის ჩემპიონობას სულ ახლახან დსთ-ს თასიც მიუმატეს. რას ვიზამთ, ასეთია რეალობა: 2006 და 2007 წლების საქართველოს საუკეთესო მწვრთნელები დღესდღეობით სხვა ქვეყნის გუნდში ავლენენ თავიანთ სამწვრთნელო შესაძლებლობებს.

ჩიხრაძის საფეხბურთო კარიერაზე ზემოთ რომ ვსაუბრობდით, საქართველოს ნაკრები "გაკვრით" ვახსენეთ, არადა, ორ ათეულზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული და ეს ციფრი ბევრად მეტი უნდა ყოფილიყო, ოთხი წლის განმავლობაში მისთვის იგნორირება რომ არ გაეკეთებინათ; ყოველ შემთხვევაში, ის კი ნაღდია, რომ 1994 წლის 12 სექტემბრამდე (სოფიაშია, ბულგარეთის ნაკრებთან შეხვედრამდე) ჩიხრაძეს ჩვენ უპირველეს გუნდში არ იძახებდნენ.

დსთ-ს თასზე ტრიუმფის შემდეგ ბაქოს "ინტერი" თურქეთში გაემგზავრა და აზერბაიჯანის ჩემპიონატის გადამწყვეტი ეტაპისათვის იქ ემზადება. ქართველი ჟურნალისტებისგან ამ ბოლო დროს "მივიწყებულ" გიორგი ჩიხრაძეს თურქეთში დავუკავშირდით და უპირველეს ყოვლისა, დსთ-ს თასზე გამარჯვება მივულოცეთ.

- კლუბის ხელმძღვანელობამ მიზნად ამ ტურნირის მოგება დაგვისახა; იმის მიუხედავად, რომ მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გვქონდა, ანთალიაში შეკრება ნაყოფიერად გამოვიყენეთ. თანაც, ვერც ვერავინ დავიმატეთ, მაგრამ სანკტ-პეტერბურგში ჩატარებული ტურნირის ყველა მატჩში ვამტკიცებდით, რომ ერთ-ერთი უპირველესი ფავორიტი სწორედ "ინტერი" უნდა ყოფილიყო.

- დსთ-ს თასზე თქვენი გუნდის ტრიუმფზე და იქაურ პერიპეტიებზე მერე დაგეკითხებით; მანამდე კი ის გვაინტერესებს, ბაქოს "ინტერში" როგორ აღმოჩნდით.
- როცა "ამერმა" უმაღლეს ლიგაში ასპარეზობაზე უარი თქვა, არ ვითაკილე და ამ გუნდთან ერთად პირველ ლიგაში დავბრუნდი; იმავე სეზონში მოვიპოვეთ უმაღლესი ლიგის საგზური, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო გუნდი, ფაქტობრივად, დაიშალა. სწორედ ამ დროს დამიკავშირდა კახა ცხადაძე და ბაქოს "ინტერში" მუშაობა შემომთავაზა.

- საქართველოში იმ დროისათვის ერთ-ერთი წარმატებული მწვრთნელი იყავით, ტიტულს-ტიტულზე იგებდით და... მეორე მწვრთნელობას ასე ადვილად დათანხმდით?
- ჯერ ერთი, მე და კახა მეგობრები ვართ, წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრებში ერთად ვთამაშობდით; თანაც, სულაც არ მითაკილია ასისტენტობა - მივიჩნიე, რომ ჩემ სამწვრთნელო კარიერაში ახალი ეტაპი უნდა დაწყებულიყო; მით უფრო, რომ მსურდა საკუთარი შესაძლებლობები სხვა ქვეყნის ჩემპიონატშიც მომესინჯა. არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა იმ ფაქტსაც, რომ მივდიოდი საკმაოდ ამბიციურ გუნდში და, როგორც უკვე გითხარით, ჩემ მეგობართან.

- ნაკრებში ერთად თამაშობდით, თუმცა ასევე წლების განმავლობაში როგორც მწვრთნელები, კონკურენტებიც იყავით, - "სიონისა" და "ამერის" დაპირისპირებებს ვგულისხმობთ.
- ფეხბურთში ასეა: მეგობრები, ხან ერთ გუნდში თამაშობენ, ხან მეტოქეები არიან; იგივე სიტუაციაა სამწვრთნელო ასპარეზზეც და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ.

- აზერბაიჯანში სადებიუტო სეზონშივე ჩემპიონი გახდით. არადა, წინა სეზონის მიწურულს "ინტერის" წარმატებისა უკვე ბევრს აღარ სჯეროდა.
- არ მინდა, ამ გუნდის ქართველ მწვრთნელებს ვინმემ თავის ქებაში ჩაგვითვალოს, მაგრამ ბევრი სიძნელე გადავლახეთ და საბოლოოდ ჩვენი შრომა დაფასდა. რა თქმა უნდა, გუნდს გააჩნდა ის პოტენციალი, მაღალი მიზნებისთვის რომ ებრძოლა, მაგრამ წმინდა სპორტულის გარდა, უამრავი გარეშე ფაქტორთანაც გვიხდებოდა გამკლავება. ჩვენი წარმატება უფრო მეტად იმიტომ არის დასაფასებელი, რომ "ინტერის" ბიუჯეტი უშუალო კონკურენტებისას საგრძნობლად ჩამორჩება.

- მწვრთნელების გარდა, "ინტერში" ქართველი ფეხბურთელებიც მრავლად არიან. ეს ფაქტი კი, როგორც ვიცით, ზოგს აღიზიანებს კიდეც...
- არა მგონია, აღიზიანებდეთ, უბრალოდ, ნებისმიერ ქვეყანაში უცხოელს "სხვა" თვალით უცქერენ; მერე, თუ შედეგი არ აჩვენე, მაშინ ხომ მართლაც ძნელია მუშაობა. რა თქმა უნდა, კეთილისმსურველების გარდა, აზერბაიჯანში ისეთი კატეგორიაც არის, ჩვენი წარმატებები რომ არ სიამოვნებს. თუმცა, მთლიანობაში, კლუბის ხელმძღვანელებსა თუ გუნდის ქომაგებს ქართველების მიმართ სასაყვედურო არაფერი აქვთ.

- "ინტერმა" ახალი სეზონი ცოტა "მძიმედ" დაიწყო.
- წეღანაც გითხარით, რომ კონკურენტები ფინანსური შესაძლებლობებით ბევრად გვჯობიან: "ნეფთჩიც", "ხაზარიც", "ბაქიც" "გაბალაც"; აქედან გამომდინარე, "სატრანსფერო ბაზარზე" ბევრად ვერ ვიაქტიურეთ, კვალიფიციური ფეხბურთელებიც ვერ დავიმატეთ, მაშინ როცა იგივე კონკურენტები თავიანთთვის სასურველ ლეგიონერებში ასტრონომიულ თანხებს იხდიან.

- აზერბაიჯანის ჩემპიონატში საერთოდ, ლეგიონერების თემა მეტად აქტუალურია.
- აქტუალური ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტია: ძირითად შემადგენლობაში აუცილებელია, რომ სამმა ადგილობრივმა ფეხბურთელმა ითამაშოს; არადა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში შესაბამისი კვალიფიკაციის ადგილობრივი ფეხბურთელების დეფიციტია. ვინც იყვნენ, სწორედ ჩემ მიერ დასახელებულ იმ შეძლებულ გუნდებში თამაშობდნენ და "ინტერში" ამ მხრივაც გარკვეულ პრობლემას ვაწყდებოდით.

- ჩემპიონთა ლიგაზე "ინტერისა" და პოლონური "ლეხის" დაპირისპირებაზეც გვიამბეთ.
- საკმაოდ მაღალი დონის გუნდი იყო და ეს შემდეგშიც, ევროპის ლიგაზე წარმატებული ასპარეზობითაც დაამტკიცა. სამწუხაროდ, პირველ მატჩში დასანანი მარცხი განვიცადეთ - ერთმა უპატიებელმა შეცდომამ შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. არავის ეგონა, სტუმრად რაიმე შანსი თუ გვექნებოდა, მაგრამ სწორი ანალიზისა და შემადგენლობაში გარკვეული კორექტივების შეტანით განმეორებითი მატჩი მართლაც მაღალ დონეზე ჩავატარეთ. ძირითად დროში რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი გვქონდა, მაგრამ მხოლოდ ერთი გამოვიყენეთ; დამატებით დროშიც შეგვეძლო მოგება, მაგრამ ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, როცა ამ ნერვების ომში მეთერთმეტე დარტყმები უკვე მეკარეებს უნდა შეესრულებინათ.

- ბედის ირონიით, გადამწყვეტი დარტყმა გიორგი ლომაიას გაუცუდდა, ვინც ამ დრამატული შეხვედრის გმირი უნდა გამხდარიყო.
- გეთანხმებით, გიორგიმ მართლაც ჩინებულად ჩაატარა ის მატჩი, თერთმეტმეტრიანების სერიაშიც ორი პენალტი მოიგერია, მაგრამ... თავის კოლეგას ვერ აჯობა; ლომაიას პენალტების მოგერიება როგორ შეუძლია, ახლახან დასრულებულ დსთ-ს თასზეც დაამტკიცა - ფინალში კვლავაც 2 თერთმეტმეტრიანი მოიგერია!

- გულახდილად გვითხარით: სანკტ-პეტერბურგში გამგზავრების წინ "ინტერის" სამწვრთნელო შტაბს კლუბის ხელმძღვანელებისგან ულტიმატუმი მართლაც ჰქონდა?
- საუბრის დასაწყისშივე აღვნიშნე, რომ ჩვენი მიზანი ამ ტურნირის მოგება იყო. რა თქმა უნდა სასიხარულოა, რომ ჩვენი წარმატება ყველამ კანონზომიერებად მიიჩნია და ორმაგად სასიამოვნოა, როცა ამ გამარჯვებაში არცთუ მოკრძალებული წვლილი "ინტერის" ქართველებმაც შეიტანეს.

- ამ ტურნირზე "ინტერმა" მართლაც შთამბეჭდავად იასპარეზა: ხუთ მატჩში მეტოქეთა კარში 16 გოლი გაიტანა და საკუთარში (ძირითად დროში) არც ერთი გაუშვია. თუმცა, ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, მეოთხედფინალში სომხურ "მიკასთან" გამარჯვებამ უფრო დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია აზერბაიჯანში, ვიდრე, საერთოდ, ამ ტურნირის მოგებამ.
- ჯერ იმას ვიტყვი, რომ მეოთხედფინალში მეტოქედ ლატვიურ "სკონტოსა" ან ყაზახურ "ტობოლს" ვვარაუდობდით, ამ დროს კი, სომხური "მიკა" შეგვხვდა! რა თქმა უნდა, კლუბში ყველამ კარგად ვიცოდით, თუ რა პოლიტიკური დატვირთვა ექნებოდა ამ მატჩს; სამწვრთნელო შტაბი მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ჩვენ მოთამაშეებს მხოლოდ ფეხბურთზე ეფიქრათ და იმაზე, რომ ამ შეხვედრაში ნახევარფინალისტის ვინაობა ირკვეოდა, მაგრამ, გარკვეული დაძაბულობა მაინც იგრძნობოდა.

- უშუალოდ მატჩის დროს რაიმე ექსცესი ხომ არ მომხდარა?
- ერთადერთ სათამაშო ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით, თამაშის დროს ინციდენტი არაფერი მომხდარა; თუმცა, შინაგანი დაძაბულობა მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს მაინც ეტყობოდათ, განსაკუთრებით კი "ინტერში" მოასპარეზე აზერბაიჯანელ ფეხბურთელებს. სხვათა შორის, მეტოქე გუნდის მთავარი მწვრთნელიც ისე იქცეოდა, როგორც პროფესიონალს შეეფერება.

- "სხვანაირად" რატომ უნდა მოქცეულიყო - თავისი გუნდი ხომ "ინტერთან" უშანსოდ (0:4) დამარცხდა.
- "მიკასთან" ამ ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ; ისიც ვიცოდით, თუ რა გამოხმაურება მოყვა აზერბაიჯანში ჩვენ გამარჯვებას - ქვეყნის პრეზიდენტმაც მოგვილოცა! თუმცა, არ დაგიმალავთ და ვიტყვი, რომ გუნდის მთავარი მიზანი ამ ტურნირის მოგება იყო და ნახევარფინალშიც დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ, ხოლო ფინალში კი პენალტების სერიაში ვაჯობეთ ბელარუსის "შახტიორს".

- მალე აზერბაიჯანის ჩემპიონატი განახლდება და სატურნირო ცხრილს თუ გადავხედავთ, "ინტერს" ტიტულის შენარჩუნებ, ალბათ, გაუჭირდება. სამაგიეროდ, გუნდს მშვენიერი შანსი აქვს აზერბაიჯანის თასი მოიპოვოს.
- პირველ ადგილზე მყოფ "ნეფთჩის" 7 ქულით ჩამოვრჩებით, მაგრამ წინ კიდევ ბევრი მატჩია და "ინტერის" საჩემპიონო რბოლიდან ჩამოწერა ნაადრევია. პარალელურად თასზეც ვაგრძელებთ ბრძოლას და "ინტერის" ქართველობას ახალი სტიმულიც გაგვიჩნდა: ჩემპიონები გავხდით, დსთ-ს თასზე გავიმარჯვეთ, ახლა კი აზერბაიჯანის თასის მოპოვებაზე ვიფიქრებთ.

- დაბოლოს, იმ ტენდენციაზეც გკითხავთ, ამ ბოლო დროს ქართულ ფეხბურთში ახალგაზრდა მწვრთნელების წარმატებულ მუშაობას რომ უკავშირდება.
- სხვისი რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩემი აზრით, მართლაც დადებითი ტენდენციაა, თანაც, დაუკვირდით, ვისზეა საუბარი, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული თაობის წარმომადგენლებზე - თემურ ქეცბაიაზე, კახა ცხადაძეზე, შოთა არველაძეზე; დიდი ფეხბურთიც ითამაშეს და ახლა უკვე თავიანთ ცოდნას ბევრად უფრო საპასუხისმგებლო ასპარეზზე იყენებენ. რაც მთავარია, არც ერთს სწავლა არ ეთაკილება. მუდამ წინსვლაზე ფიქრობენ და მათ თავდაუზოგავ მუშაობას რა შედეგიც მოაქვს, ყველა კარგად ხედავს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"







.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული