ვაკო გვილია: ყველას მოტყუება შეიძლება, მაგრამ ღმერთს ვერ მოატყუებ!

AutoSharing Option
გამოცემა "ბელარუსკი ფუტბოლმა" წერილი მიუძღვნა ბორისოვოს ბატე-ს შესაძლო ტრანსფერებს. წერილში სათანადო და ჩვენთვის საგულისხმო ადგილი დაეთმო ზაპოროჟიეს "მეტალურგის" ქართველ ნახევარმცველს, ვალერიან გვილიას.

"ამ ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 400 ათასი ევროა. ნიჭიერ და პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება. მას მოედნის სიღრმიდან შორეული გადაცემის გაკეთება და ერთი შეხებით თამაში შეუძლია. პრინციპში, ბატე-ს სწორედ ასეთი ნახევარმცველი სჭირდება", - წერს გამოცემა.

რეალურად, ბატე-სა და გვილიას შორის სერიოზული მოლაპარაკება არც შემდგარა, იყო მხოლოდ ხანმოკლე ინტერესი და ყველაფერი ამით დასრულდა, მაგრამ ქართველ ნახევარმცველთან დაკავშირებული სხვა საინტერესო ამბავიც მოვიძიეთ. იგივე
ბელორუსული გამოცემა წერდა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა "მეტალურგი" გუნდის კაპიტან ვიტალი ლისიცკისთან კონფლიქტის გამო დატოვა.

უფრო მეტი შევიტყვეთ უკრაინული გამოცემა "ზაპოროჟიეს სიახლეებიდან", სადაც პირდაპირ წერია, რომ გვილიამ უკრაინის პრემიერლიგაში გარიგებული თამაშების წინააღმდეგ ღიად გაილაშქრა:

"პირველი წრის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე გვილიამ გუნდის კაპიტან ვიტალი ლისიცკის ოდესის "ჩერნომორეცთან" მატჩის წაგებაში (2:5) დასდო ბრალი. მართალია, ვეტერანების ჩარევის შემდეგ მოიბოდიშა, მაგრამ მაინც საკუთარ აზრზე დარჩა.

მაშინ ის ამბობდა - "ყველას მოტყუება შეიძლება, მაგრამ ღმერთს ვერ მოატყუებ. ღმერთი ყველაფერს ხედავს და დარწმუნებული ვარ, გარიგებულ თამაშებში გარეული ადამიანები ამისთვის პასუხს აუცილებლად აგებენ.

ეს ძალიან ცუდია და იმედია, უკრაინაში მსგავსი თამაშები აღარ იქნება".

საინტერესოა, რომ საბოლოოდ ლისიცკი იძულებული გახდა, "მეტალურგი" დაეტოვებინა. გუნდი დატოვა გვილიამაც, მაგრამ სხვა მიზეზით - გაკოტრებულ ზაპოროჟიულ კლუბში დარჩენა აღარ ისურვა.

უკრაინის მოქალაქეობის მქონე ფეხბურთელმა საქართველოს პასპორტი დაიბრუნა. დეკემბერში გვილია იმედოვნებდა, რომ კარიერას პორტუგალიაში განაგრძობდა - მას პრიმეირა, ანუ უმაღლესი ლიგის გუნდი იწვევდა, მაგრამ ეს წინადადება რეალური არ აღმოჩნდა და გვილია ისევ უგუნდოდაა, მაგრამ ელის, რომ ახალ კლუბში მალე ჩაირიცხება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული