გიორგი აბურჯანიას მორიგი სოლო-კონცერტი - რას წერენ AS და Marca ქართველზე

AutoSharing Option
13 თებერვალს, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის XXV ტურში, ტარაგონას "ხიმნასტიკმა" "ელჩეს" უმასპინძლა და მეტოქე 1:0 დაამარცხა.

ტარაგონელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ახალწვეულმა გიორგი აბურჯანიამ. მატჩის ერთადერთი გოლი ნარანხომ სწორედ ქართველის ჩინებული დრიბლინგისა და გადაცემის შემდეგ გაიტანა, რითიც პრიმერა დივიზიონში გადასვლისთვის მებრძოლ "ხიმნასტიკს" მორიგი 3 ქულა მოუტანა. ეს გუნდი 41 ქულით ახლა მე-2 ადგილზეა და ლიდერ "ალავესს" სულ რაღაც 5 ქულით ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ აბურჯანია "ხიმნასტიკის" თავკაც ვისენტე მორენოს იმედებს ამართლებს: 20 წლის ქართველმა ახალ გუნდში მესამე თამაში ჩაატარა და უკვე მეორე საგოლე
პასი გააკეთა, თან ორჯერვე ნარანხოს მისამართით...

პოპულარული გამოცემა "მარკა" წერს:

"თამაშის საკუთარ თავზე აღება ვერავინ შეძლო, გარდა ახალწვეულ აბურჯანიასი. ამ ახალგაზრდამ გასაოცარი ინდივიდუალური მოძრაობით აუარა გვერდი მცველებს და მშვენიერი პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა ნარანხო, რომელმაც ეს შანსი გამოიყენა".

ქართველის თამაშზე უფრო ვრცლად გამოცემა AS წერს, რომელმაც სტატიას შემდეგი სათაური შეურჩია - "აბურჯანია და ნარახნო ელჩეს ანადგურებენ".

"ვისენტე მორენომ გაგვაკვირვა, როცა გაბონელი ნახევარმცველი ლევი მადინდა სათადარიგოთა სკამზე დასვა, ხოლო აქცენტი კვლავ აბურჯანიაზე გააკეთა. მაგრამ ქართველმა მორიგი სოლო-კონცერტი მოაწყო და აჩვენა, როგორ უნდა თამაშობდეს კარგი ნახევარმცველი.

ტარაგონაში ჩარიცხვამდე, აბურჯანია ესპანეთისთვის უცნობი მოთამაშე იყო, მაგრამ ის უკვე "აიძულებს" მწვრთნელს, ათამაშოს, რადგან მეორე მატჩია, თავდამსხმელ ნარანხოს ჩინებული გადაცემებით ამარაგებს.

ამჯერადაც, მან მშვენიერი დრიბლინგი განახორციელა - მოედნის ცენტრიდან დაიძრა, "ელჩეს" მთელი დაცვა "მოჭრა" და ბოლოს მცველს ბურთი ფეხებს შუა გაუძვრინა", - წერს გამოცემა.

მატჩის შემდეგ "ლელო" აბურჯანიას დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა:

"ესპანურ გამოცემებში ჯერ კარგად ვერ ვერკვევი და ვერ გეტყვით, ვინ რა შეფასებებს მიწერს, მაგრამ თანაგუნდელებმა მითხრეს, რომ ამჯერადაც, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ და კიდევ რამდენიმე გამოცემამ ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება დამიწერა. თუმცა რომელია ეს "სხვა გამოცემები", ჯერ არ ვიცი", - გვითხრა აბურჯანიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
გიორგი გაიხარე, რომ ქართველები გაგვახარე და გაგვახარე მართლა ქართული ფეხბურთისთვის დამახასიათებელი მოძრაობებით და თანაც შედეგიანით. სულ წარმატებით გევლოს გიორგი და რაც შეეხება "სხვა გამოცემები", ჯერ არ ვიცი"-ო, არც არის საჭირო, შენ შენი მაქსიმუმი გააკეთე გიორგი და აიძულე ისინი თვითონ მოგძებნონ და გაგიცნონ. მაშინ კიდევ უფრო ბედნიერი და გახარებული ვიქნებით ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი.
gizog
11:48 16-02-2016
0
გაიხარე შემოგევლე,იშრომე და იბრძოლე, არავისზე ნაკლები არა ხარ ძალიან კარგი ფეხბურთელი უნდა დადგე ოღონდაც ხასიათის სიმტკიცე გამოიჩინე.
sake
12:39 16-02-2016
0

სიახლეები პოპულარული