გიორგი მაკარიძე: ოთხჯერ დაიტკაცუნა მუხლმა...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პორტუგალიური "ფეირენშეს" 25 წლის მეკარე გიორგი მაკარიძემ ახლახან ოპერაცია გაიკეთა. ის იმ იშვიათ ქართველ ფეხბურთელთა რიგს მიეკუთვნება, თავიანთ კლუბებში შეუცვლელები რომ არიან.

"ფეირენშეს" პორტუგალიის პრიმეირა (უმაღლეს) ლიგაში აღზევების შანსი აქვს და როგორც თავად მაკარიძემ გვითხრა, თუ გუნდმა ეს შანსი ხელიდან გაუშვა, სხვა კლუბში გადავა...

მსურველები კი არიან და მათზე მაკარიძე თავად გეტყვით. "ლელო" მას პორტუგალიაში დაუკავშირდა...

- როგორ მიდის რეაბილიტაციის პროცესი?
- ამ ეტაპისთვის ყველაფერი იდეალურად მიდის. 3 აპრილს გვაქვს თამაში და ჩემი ვარაუდით, სწორედ ამ
თამაშისთვის უნდა დავბრუნდე. წესით, იქამდე მინიმუმ 5 დღით ადრე უნდა დავიწყო ვარჯიში გუნდთან ერთად.

- რა ვითარებაში დაშავდით?
- ვარჯიშზე დავშავდი. არადა, სულ მარტო ვიყავი იმ მომენტში, არავინ მომკარებია... და უცებ მუხლი გადამიბრუნდა. ძალიან შემეშინდა, ოთხჯერ დაიტკაცუნა მუხლმა... მეგონა, ჯვარედინი იოგები გამიწყდა. რომ წამოვდექი, საერთოდ ვერაფერი ვიგრძენი, ტკივილი არ მქონია და ჩვეულებრივად გავაგრძელე ვარჯიში, მაგრამ თხუთმეტ წუთში მუხლი საშინლად ამტკივდა...

- როგორ აფასებთ "ფეირენშეს" თამაშს მიმდინარე სეზონში?
- დადებითად. ეგაა, ბოლოს ზედიზედ 3 თამაში წავაგეთ და ძალიან გულდაწყვეტილი ვარ (ინტერვიუ "ფეირენშეს" ბოლო გამარჯვებამდეა ჩაწერილი - ავტ), რომ ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში გუნდს ვერ ვეხმარები... მაგრამ დიდი იმედი მაქვს, უმაღლეს ლიგაში გადავალთ. ამის დიდი შანსია და ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

აქვე, მინდა ვთქვა, რომ "ფეირენშეს" წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის გუნდის მთავარ მწვრთნელ კიმ მაჩადოს.

- საინტერესოა თქვენი აზრი პორტუგალიის რანგით მეორე ლიგაზე. როგორი დონეა?
- სხვათა შორის, აქ საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. ეგ არის, რომ ინფრასტრუქტურა აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს და არც კლუბების ფინანსური მდგომარეობაა იდეალური. ძალიან ბევრი ტექნიკური ფეხბურთელი თამაშობს ამ ლიგაში, თუნდაც პორტუგალიური ფეხბურთის გრანდების დუბლშემადგენლობებში.

- თუ "ფეირენშე" ვერ გადავა პორტუგალიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ კლუბს დატოვებთ?
- დიახ, თუ "ფეირენშე" ვერ გადავა პრიმეირა ლიგაში, აუცილებლად წავალ. თან კონტრაქტიც მიმთავრდება და 3 კონკრეტული ვარიანტიც მაქვს. ჩემით დაინტერესებულნი არიან "ნასიონალი", "ბოავიშტა" და "მორეირენშე", რომლებიც პრიმეირა ლიგის გუნდები არიან...

მაგრამ ჯერ მაინც ვიცდი და იმედი მაქვს, "ფეირენშე" უმაღლეს ლიგაში გადავა. საქმე ისაა, რომ აქ მაქსიმალური ნდობა მაქვს და ეს მეკარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიტყოდი - ყველაზე მთავარიც.

- ახლა ზოგად თემებზეც ვილაპარაკოთ. საინტერესოა, რომელია თქვენი საყვარელი გუნდი, ფეხბურთელი?
- აღარცერთ გუნდზე აღარ ვარ შეყვარებული ისე, როგორც ბავშვობაში ვიყავი. ეს პერიოდი გავიარე. ბავშვობაში ჯერ გაბრიელ ბატისტუტას ფანი ვიყავი, მერე - ფრანჩესკო ტოტის. შესაბამისად, ჯერ "ფიორენტინას" ვქომაგობდი, დღემდე კი "რომას" ვგულშემატკივრობ. იმაშიც უნდა გამოვტყდე, რომ მას შემდეგ, რაც ტოტი აღარ თამაშობს, ნაკლებად ვუყურებ "რომას" თამაშებს და ამ გუნდზე ისე აღარ შემტკივა გული, როგორც ადრე.

რაც შეეხება ნაკრებებს, უზომოდ მომწონდა არგენტინის 1998 და 2002 წლების ფორმაციის ნაკრებები. ამის შემდეგ დავასახელებდი იტალიის იმ ნაკრებს, რომელმაც 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. 2006 წლის შემდეგ აღარცერთი ნაკრებისთვის არ მიქომაგია.

ტოტისთან ერთად დღეს მხოლოდ ქართულ სპორტს, ქართველ სპორტსმენებს, ჩვენს ეროვნულ გუნდებს ვგულშემატკივრობ...

- ვიცით, რომ განსაკუთრებით გიყვართ კალათბურთი და შესანიშნავადაც თამაშობთ. გვესაუბრეთ თქვენს გემოვნებაზე სპორტის ამ სფეროში...
- კალათბურთისა და ჩოგბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ. ქართველთაგან კალათბურთში არ მყავს გამორჩეული ფავორიტი, ყველას მაგრად ვქომაგობ. საერთოდ, ქართველი სპორტსმენი რომ იწყებს ასპარეზობას, ემოციისგან ცუდად ვხდები, ისე ვქომაგობ...

"ფეირენშეს" გასახდელში ხშირად მიდის ხუმრობანარევი საუბარი სპორტის სხვადასხვა სახეობაზე. პორტუგალიას ყველაფერში ვუგებთ, ფეხბურთის გარდა. როცა ფეხბურთზე მეხუმრებიან, მე სხვა სახეობებზე გადავდივარ ხოლმე. მაგალითად, ჩოგბურთში, ფედერაციის თასზე, ჩვენმა გოგონებმა მოუგეს პორტუგალიას. ოლიმპიადაზე სულ 5 ოქრო აქვთ აღებული. ჩვენ კი გაცილებით მეტი გვაქვს. ასე რომ, სიტყვის მასალა არ მაკლია...

სიმართლე გითხრათ, საფრანგეთში თამაშის დროს იმავეს ვერ ვახერხებდი, გასაგები მიზეზების გამო ჩუმად ყოფნა მიწევდა. რაც შეეხება NBA-ს, რა თქმა უნდა, ზაზა ფაჩულიას "დალასის" მატჩებს ვუყურებ. თუ "ლაივში" ვერ ვახერხებ, ვრცელ მიმოხილვებს მაინც ვადევნებ ხოლმე თვალს.

ვარ დუაიტ ჰოვარდისა და "ჰიუსტონ როკეტსის" ქომაგი. ვარ ჯეიმს ჰარდენის ანტიფანი. მგონი, ცოტათი არალოგიკურია, მაგრამ ჰოვარდის ყველა ფანი, ალბათ, გულის სიღრმეში არ ქომაგობს ჰარდენს.

- დაბოლოს, საქართველოს ნაკრებზეც - ტრავმის გამო ყაზახეთთან მარტის ბოლოს გასამართავ მატჩს გამოტოვებთ?
- ძალიან მაწუხებს ეს ამბავი. სამწუხაროდ, ალბათ ვერ მოვასწრებ გამოჯანმრთელებას ყაზახეთთან თამაშამდე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებებიიიიი
Mara
01:14 11-03-2016
0
ამერიკის ნაკრების მეკარე როა ტიმ ჰოვარდი, ვა ჩვენ ჩვენი "ჰოვარდი" გვყოლია :D
Brooklyn
22:43 10-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული