ნიკა ქუთათელაძე - ფრანგული "ლილიდან" საქართველოს ნაკრებში

AutoSharing Option
ამ ცოტა ხნის წინათ, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად გურამ ასპინძელაშვილი დაინიშნა. 42 წლის სპეციალისტი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და თბილისის "მრეტების" ფეხბურთელი გახლდათ, კარიერის დასრულების შემდეგ კი მწვრთნელობა დაიწყო.

გია გეგუჩაძე მას თავისი სამწვრთნელო გუნდის წევრად თვლიდა და ყველგან მიჰყავდა, სადაც კი მიდიოდა სამუშაოდ - "ზესტაფონშიც", ქუთაისის "ტორპედოშიც" და თბილისის "დინამოშიც". მას მერე, რაც გეგუჩაძე ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა, ასპინძელაშვილს 16-წლამდელთა ნაკრები ჩააბარეს.

ახლახან, ასპინძელაშვილმა გუნდის შეკრება გადაწყვიტა. როგორც შევიტყვეთ, ერთი ფეხბურთელი მან საფრანგეთიდანაც გამოიძახა. ეს ინფორმაცია "ფეისბუქზე" ფრანგული
კლუბის, "ლილის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

"ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში მიიწვიეს. ის 2001 წელს დაბადებული თავდამსხმელი ნიკოლოზ ქუთათელაძეა, რომელიც ხუთი წელია, რაც "ლილში" ვარჯიშობს. ქუთათელაძე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს სტაჟირებაზე, რომელიც თბილისში 21-დან 26 მარტამდე ჩატარდება. ვულოცავთ ნიკას!" - წერს "ლილის" პრესსამსახური.

"ძალიან ბედნიერი ვარ, ნაკრების მწვრთნელი ჩემით რომ დაინტერესდა. 8 წლის ვიყავი, ჩემი ოჯახი უცხოეთში რომ წამოვიდა საცხოვრებლად. საფრანგეთამდე იყო ჩეხეთი, სადაც პრაღის "სპარტას" საფეხბურთო სკოლაში ვვარჯიშობდი.

მაგრამ საფრანგეთში ბევრად მეტი შევიძინე, აქ სწრაფ და თანამედროვე ფეხბურთს გვათამაშებენ. "ლილში" ხან 14-წლამდელებში მათამაშებენ, ხან - 15-იანებში. წლეულს, 18 მატჩში 15 გოლი გავიტანე და 10 საგოლე გადაცემა გავაკეთე.

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ჩემი ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაში იყო და მიხარია, რომ მწვრთნელმა ყურადღება მომაქცია. სხვათა შორის, ჩემი ასაკის ქართველ ფეხბურთელებს ბევრს ვიცნობ. ადრე, 14-წლამდელთა შეკრებაზე ოთარ კორღალიძემ გამომიძახა და ერთი კვირა გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი.

ქართველი ბიჭები ძალიან ნიჭიერები არიან. ცოტა ტემპში აქვთ პრობლემა, მაგრამ ამას თუ გამოასწორებენ, დარწმუნებული ვარ, ჩვენს ასაკში საფეხბურთო ქვეყნების ნაკრებებსაც თამამად ვეთამაშებით", - ამბობს ქუთათელაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
"ლილი"ს საფეხბურთო სკოლა ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში!ედენ აზარი მათი გაზრდილია!
fransua
17:39 16-03-2016
0
ტემპში პრობლემა რომ არ ქონდეთ ფიზიკური მომზადების ეთიკა უნდა შეიმუშავონ. საჭიორა ფიზ მომზადების მწვრთნელების გამოზრდა საქართველოში და გაუნათლებელი ალკოჰოლიკი თვითმარქვია ტიპები არ უნდა მწვრთნელობდნენ. ცოტა აზრზე მოდით ნუ გვიკლავთ ტალანტებს. მიეცით სამუშაო იმათ ვინც ღირსია და შრომა უნდა.
Arqimede
19:13 16-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული