გია გეგუჩაძე მას თავისი სამწვრთნელო გუნდის წევრად თვლიდა და ყველგან მიჰყავდა, სადაც კი მიდიოდა სამუშაოდ - "ზესტაფონშიც", ქუთაისის "ტორპედოშიც" და თბილისის "დინამოშიც". მას მერე, რაც გეგუჩაძე ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა, ასპინძელაშვილს 16-წლამდელთა ნაკრები ჩააბარეს.
ახლახან, ასპინძელაშვილმა გუნდის შეკრება გადაწყვიტა. როგორც შევიტყვეთ, ერთი ფეხბურთელი მან საფრანგეთიდანაც გამოიძახა. ეს ინფორმაცია "ფეისბუქზე" ფრანგული
"ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში მიიწვიეს. ის 2001 წელს დაბადებული თავდამსხმელი ნიკოლოზ ქუთათელაძეა, რომელიც ხუთი წელია, რაც "ლილში" ვარჯიშობს. ქუთათელაძე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს სტაჟირებაზე, რომელიც თბილისში 21-დან 26 მარტამდე ჩატარდება. ვულოცავთ ნიკას!" - წერს "ლილის" პრესსამსახური.
"ძალიან ბედნიერი ვარ, ნაკრების მწვრთნელი ჩემით რომ დაინტერესდა. 8 წლის ვიყავი, ჩემი ოჯახი უცხოეთში რომ წამოვიდა საცხოვრებლად. საფრანგეთამდე იყო ჩეხეთი, სადაც პრაღის "სპარტას" საფეხბურთო სკოლაში ვვარჯიშობდი.
მაგრამ საფრანგეთში ბევრად მეტი შევიძინე, აქ სწრაფ და თანამედროვე ფეხბურთს გვათამაშებენ. "ლილში" ხან 14-წლამდელებში მათამაშებენ, ხან - 15-იანებში. წლეულს, 18 მატჩში 15 გოლი გავიტანე და 10 საგოლე გადაცემა გავაკეთე.
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ჩემი ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაში იყო და მიხარია, რომ მწვრთნელმა ყურადღება მომაქცია. სხვათა შორის, ჩემი ასაკის ქართველ ფეხბურთელებს ბევრს ვიცნობ. ადრე, 14-წლამდელთა შეკრებაზე ოთარ კორღალიძემ გამომიძახა და ერთი კვირა გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი.
ქართველი ბიჭები ძალიან ნიჭიერები არიან. ცოტა ტემპში აქვთ პრობლემა, მაგრამ ამას თუ გამოასწორებენ, დარწმუნებული ვარ, ჩვენს ასაკში საფეხბურთო ქვეყნების ნაკრებებსაც თამამად ვეთამაშებით", - ამბობს ქუთათელაძე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"