დავით ლორია: გოგიტა გოგუამ "ირტიშის" ქომაგის გული უკვე მოიგო

AutoSharing Option
საქართველო-ყაზახეთის ამხანაგურ მატჩზე თბილისში მყოფმა, სტუმართა მეკარე დავით ლორიამ გვიამბო გოგიტა გოგუაზე, რომელიც პავლოდარის "ირტიშში" მისი თანაგუნდელია.

32 წლის გოგუა ამ ყაზახურ კლუბში 2016 წლის 21 თებერვალს ჩაირიცხა.

"სხვათა შორის, ჩვენ უკვე მეორედ გავხდით თანაგუნდელები, - ამბობს ლორია, - 2009 წელს ნალჩიკის "სპარტაკში" ვთამაშობდი და გოგიტას სწორედ იქიდან ვიცნობ.

მართალია, "ირტიშში" ახალი მოსულია, მაგრამ გულშემატკივართა გული უკვე მოიგო. პირველივე მატჩში ფანტასტიკურად ითამაშა, 1:0 მოვიგეთ და პრეზიდენტმა მკითხა, ეს სულ ამ დონეზე თამაშობსო? სულ ასეა-მეთქი, ვუპასუხე.

მეორე ტურშიც ძალიან მაგრად ითამაშა,
გასვლაზე 3:0 მოვიგეთ და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. მარტში სულ ორი მატჩი გვქონდა და სანაკრებო პაუზაც დაიწყო, "ირტიში" კი პრემიერლიგის ლიდერი გახდა.

ახლა გოგუა ძალიან მაგარ ფორმაშია. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩვენი გულშემატკივრების გამოკითხვა ჩატარდა, სადაც ის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ეს ძალიან მიხარია და მჯერა, საქართველოს ნაკრებს გამოადგება.

დასანანიც იქნება, რომ არ მიიწვიონ. ასე მგონია, "მეორე სუნთქვა" გაეხსნა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გვჭირდება გოგუა ნაკრებში, რადგან მას აქვს ის რაც საქართველოს ნაკრების ბევრ ფეხბურთელს არ აქვს და ძალიან ჭირდებათ, ბრძოლისუნარიანობა და ჟილკიანი თამაში, მოიწვიოს ვაისმა და იქნებ გადაედოთ ამისგან ბიჭებს.
anti
15:07 01-04-2016
0

სიახლეები პოპულარული