ლეგიონის უქმეები: კაშიას თავური, გოროზიას გადამწყვეტი, გვილიას პირველი [VIDEO]

AutoSharing Option
გურამ კაშიას თავური, გიორგი გოროზიას გადამწყვეტი "გასროლა", ვალერიან გვილიას სადებიუტო წარმატება - ქართულმა ლეგიონმა ამ უქმეებზე სამი გოლი იკმარა.

"შახტარის" დუბლებში თავი შეგვახსენა გიორგი არაბიძემ, რომელმაც გოლს პლუს პასი მიითვალა, ხოლო გოგიტა გოგუამ საგოლე პასით "ირტიშის" წარმატებას შეუწყო ხელი, თავად კი სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა...

საფრანგეთი. ლიგა 1. "რეიმსის" სასტარტოს ჯაბა კანკავა დაუბრუნდა და ქართველის გუნდმა 2:1 მოუგო "ნანტს". კანკავამ შეხვედრის მე-6 წუთზე მიიღო გაფრთხილება, თუმცა შეუცვლელად ითამაშა. ეს ჯაბას მე-11 გაფრთხილება იყო სეზონში (პლუს ერთი გაძევება).

ნასიონალი. ამირან სანაიას (ტრავმა)
"ლერბიე" 1:1 დაუზავდა "სან რაფაელს".

იტალია. სერია A. ლევან მჭედლიძე გუნდის განაცხადს დაუბრუნდა, მაგრამ "ფიორენტინასთან" თამაში არ მოუწია. "ემპოლიმ" დერბი 2:0 მოიგო.

ლეგა პრო. ირაკლი შეყილაძის (სათადარიგო) "ტუტოკუოიო" სტუმრად "მასერატეზესთან" დამარცხდა - 1:2.

გერმანია. II ბუნდესლიგა. ლუკას ჰუფნაგელი გამოჯანმრთელდა და "ზანკტ პაულისთან" სათადარიგოთა სკამზე იჯდა. "ფრაიბურგმა" თრილერი 4:3 მოიგო და ცალი ფეხით ბუნდესლიგაშია.

გიორგი ჭანტურიას "დუისბურგმა" სტუმრად 2:1 მოუგო "ნიურნბერგს". ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.

III ლიგა. გიორგი პაპუნაშვილის გარეშე მოთამაშე "ვერდერის" დუბლები სტუმრად "აუესთან" 0:1 დამარცხდა.

ინგლისი. ჩემპიონშიპი. აკაკი გოგია "ბრენტფორდის" რიგებში 74-ე წუთზე გამოჩნდა "იფსვიჩთან" 3:1 მოგებულ მატჩში.

ესპანეთი. სეგუნდა. პირველად მოხდა, რომ გიორგი აბურჯანიამ "ხიმნასტიკის" შემადგენლობაში ითამაშა და კატალონიურმა კლუბმა წააგო. "უესკასთან" საგარეო შეხვედრაში (0:2), ჩვენებური 71-ე წუთზე გამოცვალეს.

ჰოლანდია. ერედივიზიე. "ვიტესი" შინ "დენ ჰააგს" დაუზავდა - 2:2. ანგარიში 35-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ გაათანაბრა (1:1 გახადა). მან და ვაკო ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშეს. ეს კაშიას მე-4 გოლი იყო ჩემპიონატში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პორტუგალია. სეგუნდა. გიორგი მაკარიძის (ტრავმა) "ფეირენშე" სტუმრად "პენაფიელს" დაუზავდა.

ავთო ებრალიძის (55-ე წუთზე შეცვალეს) "ჟილ ვისენტე" ლისაბონის "სპორტინგის" დუბლებთან 0:2 დამარცხდა.

თურქეთი. სუპერლიგა. ჩემპიონატის აუტსაიდერი "ესქიშეჰირი" სტუმრად ანკარაში "ოსმანლის" 0:0 დაუზავდა. მის რიგებში თორნიკე ოქრიაშვილი მხოლოდ 82-ე წუთზე გამოჩნდა.

კიდევ უფრო ნაკლები სათამაშო დრო მიეცა ნიკა ძალამიძეს, რომლის "რიზემ" "გალათასარაისთან" სტუმრად 1:1 ითამაშა. ჩვენებური მოედანზე 91-ე წუთზე გამოვიდა.

საბერძნეთი. სუპერლიგა. გიორგი მერებაშვილის (არ უთამაშია) "ლევადიაკოსი" სტუმრად პაოკ-თან დამარცხდა.

ბელგია. პროქსიმუსლიგა. ლევან შენგელიას (26-ე წუთზე შევიდა) "ტუბიცე" სტუმრად 1:2 დამარცხდა "ლიერსთან". ჩვენებურმა ყვითელი ბარათი მიიღო, მისმა გუნდმა კი,  პრაქტიკულად, დაკარგა ელიტაში გადასვლის შანსი.

რუსეთი. პრემიერლიგა. ნიკა კაჭარავა ჯერჯერობით ისევ სათადარიგოს როლს დააკმაყოფილეს. მისი "როსტოვი" სტუმრად "ანჟის" დაუზავდა - 0:0.

ნუკრი რევიშვილს ცსკა-სთან საგარეო მატჩში არ უთამაშია, მაგრამ, ვფიქრობთ, მას შემდეგ ტურში შანსი მიეცემა, რადგან მისმა კონკურენტმა, მოლდოველმა ილია ჩებანუმ 7 გოლი გაუშვა (1:7). მამუკა კობახიძე "მორდოვიას" განაცხადში არ ყოფილა.

საბა კვირკველიას "რუბინმა" 4:1 გაანადგურა მოსკოვის "დინამო". ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა და "ჩემპიონატისგან" 6,5 ბალი მიიღო.

თედო გრიგალაშვილის (ტრავმა) "ტერეკი" სტუმრად 0:1 დამარცხდა "უფასთან".

ჯანო ანანიძე "სპარტაკის" განაცხადში არ იყო "ყუბანთან" მატჩში.

გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვი" დღეს მასპინძლობს მოსკოვის "ლოკომოტივს".

უკრაინა. პრემიერლიგა. დავით ხოჭოლავას (90 წთ, გააფრთხილეს) "ჩერნომორეცმა" 1:0 მოუგო "ჰოვერლას". ოდესელთა მეორე ქართველი მცველი გიორგი გადრანი კვლავ ტრავმირებულია.

ბუბა დაუშვილის (90 წთ, გააფრთხილეს) "კარპატი" 2:2 დაუზავდა დავით თარგამაძის (ტრავმა) "ოლექსანდრიას".

გიორგი არაბიძემ გასულ უქმეებზე "შახტარის" 19-წლამდელთა გუნდში გამოიჩინა თავი საჯარიმო დარტყმით, ამჯერად კი 21-წლამდელთა გუნდში გაიტანა საჯარიმო. "შახტარის" დუბლებმა სტუმრად "სტალი" 4:2 დაამარცხა. ჩვენებურის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჯაბა ლიპარტიას (სათადარიგო იყო) "ზორია" სანდრო კობახიძის (ტრავმა) "დნიპროსთან" 1:2 დამარცხდა. 

პოლონეთი. ექსტრაკლასა. ლადო დვალიშვილი ყოფილი გუნდის, "ლეგიას" წინააღმდეგ მატჩში "პოგონის" რიგებში 58-ე წუთზე გამოჩნდა, შეხვედრა კი 0:0 დასრულდა.

ლაშა დვალის "შლიონსკმა" 2:1 მოუგო "კრაკოვიას". ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. რეგულარული სეზონი მორჩა. დვალიშვილი საჩემპიონო რაუნდში ითამაშებს, დვალი კი - დასარჩენში.

I დივიზიონი. დავით მაკარაძეს არ უთამაშია პოლონეთის ქვედა დივიზიონის ბინადარ "სუვალკის" შემადგენლობაში. ამ გუნდმა სტუმრად 1:0 მოუგო "ხოინიჩანკას".

დანია. სუპერლიგა. მათე ვაწაძე სათადარიგო იყო "ორჰუსში" "სონდერისკესთან" 2:2 დასრულებულ საგარეო მატჩში.

I ლიგა. დავით სხირტლაძის (83-ე წუთზე შეცვალეს) "სილკებორგმა" სტუმრად 2:0 მოუგო ლიდერ "ლიუნგბიუს".

ჩეხეთი. სინოტლიგა. "ტეპლიცე" სტუმრად "იჰლავასთან" 1:2 დამარცხდა. მატჩის ბოლო წუთზე სტუმართა ქართველი მცველი ზურაბ ცისკარიძე მეორე ყვითელი ბარათის მიღებისთვის გააძევეს.

ლევან ყენიას (70-ე წუთზე შევიდა) "სლავია" შინ "იაბლონეცს" 0:0 დაუზავდა.

სლოვაკეთი. აკაკი ხუბუტიას გარეშე მოთამაშე "მიხალოვცე" 1:1 დაუზავდა "მორავცეს".

ნორვეგია. გიორგი გოროზიამ "სტაბეკს" ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოუტანა. 69-ე წუთზე გამოსულმა ქართველმა 90-ე წუთზე "ვოლერენგას" კარში გადამწყვეტი გოლი გაიტანა - 2:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კვიპროსი. თემურ ქეცბაია კვლავ ეწვია ყოფილ გუნდ "ანორთოსისს". მას კვლავ მტრულად დახვდნენ, მაგრამ პირველ დახვედრასთან შედარებით უფრო ნაკლებაგრესიულად. მატჩი 1:1 მორჩა. მასპინძელთა რიგებში განაცხადში არ ყოფილა ირაკლი მაისურაძე. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე აპოელ-ი აეკ-ს ორი ქულით უსწრებს.

"ახნასმა" 3:0 მოუგო "პაფოსს". გამარჯვებულთა რიგებში სასტარტოში იყვნენ ძმები გრიგალაშვილები (შოთა 70-ე წუთზე შეცვალეს), ხოლო რევაზ ბარაბაძე სათადარიგოს როლით დაკმაყოფილდა. წაგებულ გუნდში შეუცვლელად ითამაშა ლევან ხმალაძემ.

ბელრუსი. იაკობ აფხაზავას (შესვენებაზე შეცვალეს) და პაპუნა მოსემღვდლიშვილის (90 წთ) "სლავიამ" სტუმრად "ნაფტანი" 1:0 დაამარცხა.

ვალერიან გვილიას "მინსკმა" სტუმრად მოუგო "ბრესტს" - 3:0. გვილიამ 28-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით გაიტანა. ეს მისი პირველი გოლია "მინსკის" რიგებში. ჩვენებური 64-ე წუთზე შეცვალეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ესტონეთი. ზაქარია ბეგლარიშვილის (57-ე წუთზე შევიდა) "ფლორა" "სილამაეს" 0:0 დაუზავდა.

მოლდოვა. გურამ მაღალდაძის (79-ე წუთზე შეცვალეს) "საქსანი" შინ 0:3 დამარცხდა "აკადემიასთან".

აზერბაიჯანი. ზაურ სვანაძის "ინტერმა" 1:0 დაამარცხა აზალ-ი. "ინტერ არენაზე" ერთბაშად ოთხი ქართველი ვიხილეთ სასტარტო შემადგენლობაში, სამიც - სკამზე. 90-90 წუთი ითამაშეს გამარჯვებულებმა: გიორგი ლომაიამ, ზურაბ ხიზანიშვილმა, ლაშა სალუქვაძემ და ნიკა კვეკვესკირმა. "ინტერის" მეხუთე ქართველი ლაშა კასრაძე სათადარიგო იყო. სტუმართა რიგებში 71-ე წუთზე გამოჩნდა ნუგზარ კვირტია, ხოლო მე-80 წუთზე - სანდრო გურული.

სომხეთი. მიხაილ გორელიშვილის (90 წთ) "მიკა" 0:0 დაუზავდა "პიუნიკს".

გოგიტა გოგატიშვილის (90 წთ) "განძასარი" ასეთივე ანგარიშით გიორგი ხუბუას (შესვენებაზე შეცვალეს) "არარატს" დაუზავდა.

ყაზახეთი. სადებიუტო მატჩი გამარჯვებით დაასრულა კახა ცხადაძემ, რომლის "ქაირათმაც" სტუმრად 1:0 მოუგო "ატირაუს". ეს "ქაირათის" პირველი გამარჯვებაა ჩემპიონატში.

გოგიტა გოგუას (92-ე წუთზე შეცვალეს) "ირტიშმა" კი სტუმრად 2:0 მოუგო ყარაღანდის "შახტარს". გოგუა უკვე გუნდის ლიდერია, პირველი გოლი მის ჩაწოდებულ კუთხურს მოჰყვა, მეორეში კი საგოლე პასი მიითვალა, რომელიც მისთვის 4 ტურში მესამეა. sports.kz-მ ჩვენებური ტურის სიმბოლურში მოახვედრა. "ირტიში" 4-დან 4 მოგებით "ასტანასთან" ერთად ლიდერობს.

უზბეკეთი. გიორგი კვესიეშვილის (სათადარიგო) "ყიზილყუმი" სტუმრად "ობოდს" დაუზავდა - 2:2.

კახა მახარაძის (არ უთამაშია) "ლოკომოტივი" სტუმრად "სოგდიანას" დაუზავდა - 1:1.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალამიძე მოედანზე მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ გამოვიდა
zvaidi
13:55 11-04-2016
0
sastartos daubrunda kankavao?da rodisariyo sastartoshi?an raazriaq magis yopna aryopnas?rac reimsshi gadavida kankavaz tamashi piradad chemtvis aris arapris mtqmeli rac samsuxarod nnakrebshic gamochnda da rac zalian samwuxaroa.an sheshinebulia arabebidan an gadaglilia zedmetad. (an yvitlebze mazaobs albat..)an vigac sxvaa kankavas grimit..im kankavas 60%ic agaraa vinc vicodit
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული