გიორგი ნავალოვსკი გულშემატკივარს: დაივიწყეთ წყენა და მხარი დაგვიჭირეთ!

AutoSharing Option
"სკა-ენერგიას" ოფიციალური საიტი გუნდის ქართველი ლეგიონერის, გიორგი ნავალოვსკის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ფეხბურთელი სხვადასხვა საკითხზე საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ ამ წლის იანვარში გიორგი ნავალოვსკი გორის "დილადან" წავიდა და ყოფილ გუნდს, ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას" დაუბრუნდა.

გთავაზობთ ინტერვიუს ნაწილს:

- მოდი, მოგვიყევი, როგორ გაჩნდა შენი აქ დაბრუნების შესაძლებლობა მას მერე, რაც 2 წლის წინ გუნდი "ტოსნოში" გადასვლით დატოვე?
- სერგეი ფელდმანი იმყოფებოდა საქართველოში და სწორედ მან მომიწვია ისევ გუნდში. იმ პერიოდში სახლში ვიმყოფებოდი და საერთოდ, საქართველოში დარჩენას ვგეგმავდი. ევროპიდანაც კი მომივიდა შემოთავაზება, მაგრამ მათ დალოდება მთხოვეს,
თუმცა ფელდმანისთვის უკვე მქონდა პირობა მიცემული. ამიტომ ჩემი სიტყვა შევასრულე.

უნდა ვთქვა, რომ აქ თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობ - როგორც ცხოვრებით, ისე თამაშითაც. სწორედ ამიტომ დავთანხმდი შემოთავაზებას.

- როგორ მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება ოჯახის წევრებმა?
- არ დავმალავ - ჩემ გადარწმუნებას ცდილობდნენ. ჩემი ცოლი დღემდე ვერ ისვენებს, რომ ასე შორს ვიმყოფები და სახლში პატარა 6 თვის ბავშვთან დავტოვე. ორი შვილი მყავს და არანაირი შესაძლებლობა არ მაქვს, თან წამოვიყვანო. მისი მესმის, მაგრამ კაცი ვარ და ოჯახში გადაწყვეტილებას მე ვიღებ. ეს გადაწყვეტილებაც მე მივიღე.

- "სკა-ენერგიაში" როგორ დაგხვდნენ?
- შესანიშნავად. შემიძლია განვმეორდე - აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში, საქართველოში. გულწრფელად გეუბნებით ამას. ძალიან კარგი ურთიერთობებია გუნდში, ყველაფერი ახლო და ნაცნობია ქალაქში - თავს კომფორტულად ვგრძნობ.

- გვსურს წარმატებები გისურვოთ სამომავლოდ. ახლა კი, ტრადიციულად, საუბრის ბოლოს, რამდენიმე სიტყვა ჩვენს გულშემატკივარს...

- მადლობა. ვსარგებლობ შემთხვევით და მსურს ჩვენს გულშემატკივარს მივმართო... თქვენს მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობ. ვიცი, რომ მთელი გულით გვგულშემატკივრობთ და ჩვენზე ნერვიულობთ. არაერთი თქვენგანი მიცნობს და იცის, რაზეც ვსაუბრობ.

უთქვენოდ ჩვენი თამაში აზრს კარგავს, ფეხბურთი ხომ პირველ რიგში გულშემატკივრისთვისაა. გვესმის, რომ ჩვენი ორი მარცხის შემდეგ დამწუხრებულნი ხართ და თქვენ ამის უფლება გაქვთ, მაგრამ ვიცი, რომ რთულ პერიოდშიც გვერდში დაგვიდექით. დაივიწყეთ წყენა, მოდით სტადიონზე, მხარი დაგვიჭირეთ - უთქვენოდ ძალიან გაგვიჭირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული