ვინ არის რომან ჭანტურია და რით დაიმსახურა "ემპოლის" მწვრთნელის ყურადღება

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის განსაკუთრებული იყო იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩი, რომელშიც "ემპოლიმ" შინ 1:0 სძლია "ვერონას".

სერია A-ს ამ რიგით შეხვედრას არავითარ შემთხვევაში არ მივაქცევდით განსაკუთრებულ ყურადღებას, რომ არა ორი ქართველი ფეხბურთელის ამბავი. "ემპოლის" შემადგენლობაში 83-ე წუთზე გამოჩნდა ლევან მჭედლიძე, რაც ნამდვილად არ გვიკვირს, რადგან უკვე მივეჩვიეთ, რომ მას ბევრი სათამაშო დრო ჯერაც არ ეძლევა...

აი, მეორე ქართველის, რომან ჭანტურიას ყოფნამ "ემპოლის" სათადარიგოთა სკამზე ძალიან გაგვახარა და სიმართლე ითქვას, სასიამოვნოდაც გაგვაკვირვა.

მაშ ასე, ვინ არის რო
მან ჭანტურია და რით დაიმსახურა მან "ემპოლის" სამწვრთნელო შტაბის ყურადღება?

ბომბარდირი
20 წლის ქართველი ფორვარდი დიდებულად თამაშობს "ემპოლის" სათადარიგო შემადგენლობაში.

ამის დასტურად საკმარისია თუნდაც ეს სტატისტიკური მაჩვენებელი - 13 გოლი 16 მატჩში!

ერთი ხანობა, რომანი დუბლშემადგენლობათა იტალიური ლიგის ბომბარდირებს ლიდერობდა, მაგრამ მერე ტრავმამ გამოიყვანა მწყობრიდან. ცხადია, უთამაშებლად ჭანტურია გოლებს ვერ გაიტანდა და ამიტომაც ჩამორჩა "გრაფიკში", თუმცა ამაში ტრაგიკულიც არაფერია.

ჭანტურიას სხვადასხვა დროს ჰქონდა სხვადასხვა ვარიანტი, თუმცა მან "ემპოლიში" დარჩენა გადაწყვიტა და არც ნანობს. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მას სულ მალე ექნება დებიუტი ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს და პრესტიჟულ ლიგაში.

გადაიდო, მაგრამ...
მართალია, "ვერონასთან" შეხვედრაში ჩვენებურის დებიუტი გადაიდო, მაგრამ ვფიქრობთ, ეს დიდი ხნით გადავადებას არ ჰგავს. როგორც წესი, იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურებში მწვრთნელები თავის გამოჩენის შანსს აძლევენ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, იმ მოთამაშეებს, რომელთაც შეიძლება თამამად დაეყრდნონ მომავალში.

ჭანტურიაც სწორედ ასეთია. ჩვენებურის წისქვილზე ისიც ასხამს წყალს, რომ "ემპოლიმ" ყველა სატურნირო ამოცანა გადაჭრა. ტოსკანურ კლუბს სერია A-ს დატოვება აღარ ემუქრება და ამიტომაც გვგონია, რომ მარკო ჯამპაოლომ ქართველი იქნებ მომავალ ტურშივე ათამაშოს.

ჭანტურიას შანსებს ისიც ზრდის, რომ გუნდი ძირითად აქცენტს საკუთარი საფეხბურთო სკოლის აღზრდილებზე აკეთებს. მომავალი სეზონიდან ჭანტურია ასაკის გამო "ემპოლის" სარეზერვო გუნდის შემადგენლობაში ვეღარ ითამაშებს.

ამდენად, ტოსკანურ კლუბს არჩევანის გაკეთება მოუწევს - ქართველი ფორვარდი ან უნდა დაიტოვოს, ან გაასხვისოს. იმედია, ჭანტურია "ემპოლიში" დარჩება და ხანდახან ლევან მჭედლიძესთან ერთად შეუტევს მეტოქეთა კარს.

იტალიური მედიის ყურადღება
"ემპოლის" შემადგენლობაში რომან ჭანტურიას გამოჩენას აპენინური მედია გამოეხმაურა.

მაგალითად, ჭანტურიაზე ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ დაწერა.

"ემპოლის" მთავარმა მწვრთნელმა მარკო ჯამპაოლომ დუბლშემადგენლობიდან ორ ფეხბურთელს უხმო - ნახევარმცველ ალბერო პიჩისა და ცენტრფორვარდ რომან ჭანტურიას. პიჩიმ არჩევანი 71-ნომრიან მაისურაზე შეაჩერა, ჭანტურიამ კი "99" აირჩია. ქართველი ახალგაზრდა პრიმავერას სეზონის მთავარ ვარსკვლავად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ორივე მათგანისთვის ეს იქნებოდა ძალიან ემოციური დღე, რადგან ორივეს დიდხანს ემახსოვრება, რაც მოხდა", - წერს იტალიელი კალმოსანი.

საიდან დაიწყო...
როგორ გინდა, ამჯერადაც არ ახსენო თბილისის "ლოკომოტივის" საფეხბურთო სკოლა. დიახ, ბოლოდროინდელი ტრადიციის თანახმად, საუკეთესო ქართველ ტალანტებს ეს სკოლა აფრთიანებს ხოლმე და ასე მოხდა ამჯერადაც.

რომან ჭანტურია "ლოკომოტივის" საფეხბურთო სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. მისი კარგი გარჯა იტალიელმა სკაუტებმა შენიშნეს და 2013 წელს ის "ემპოლიში" მოხვდა.

ჭანტურია ძალიან კარგად შეეგუა იტალიას და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის მის უფროს მეგობარსა და თანაგუნდელს, საქართველოს ნაკრების ფორვარდ ლევან მჭედლიძეს.

რა ვნახეთ ბოლო მატჩებში?
ვერ ვიტყვით, რომ აქამდე ჭანტურიას თამაში არ გვენახა, მაგრამ რომანმა ბოლო დროს განსაკუთრებით მოუმატა. აქედან გამომდინარე, რომ იტყვიან, ლუპით ვაკვირდებოდით მის ბურთაობას საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში და კარგის მეტს მართლაც რომ ვერაფერს ვიტყვით.

აბა, სან მარინოს ნაკრებთან თამაში რომელი სერიოზული დასკვნის გამოსატანად ივარგებს, მაგრამ შეცვლაზე შესული ჭანტურია იმ შეხვედრაში ძალიან აქტიური იყო და საგოლე პასიც მიითვალა.

ჭანტურია საუკეთესო იყო უკრაინის ძლიერ ნაკრებთან გამართულ ზესტაფონურ ამხანაგურ შეხვედრაშიც, სადაც ერთი გოლი თავად გაიტანა, მეორეში კი უშუალო მონაწილეობა მიიღო.

მოკლედ, ვნახოთ, რა და როგორ იქნება. დიდი იმედი გვაქვს, ჭანტურიას სახით საქართველოს ნაკრებს მალე კვალიფიციური ფორვარდი შეემატება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
დიდი წარმატებები რომანს!
gizog
16:00 22-04-2016
0
ამ ბიჭს წარმატებებს ვუსურვებ მაგრამ როდემდე უნდა წეროთ აღფრთოვანებულებმა ეს უაზრო სტატიები?! მახსოვს და თქვენც შეგახსენებთ იგივე აღტაცებით წერდით შეყილაძეზე,გ.ჭანტურიაზე,ოქრიაშვილზე,ანანიძეზე,ყენიაზე,ზარანდიაზე და კიდევ შემიძლია გავაგრძელო მაგრამ სად არიან დღეს ეს ტალანტები??? ბიჭი ემპოლის(რომელიც ყოველ წელს ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის სერია A-ში) დუბლებიდან სათადარიგო სკამზე დასვეს და ვსიო წავიდა ყოველდღე უაზრო ქება დიდება... მე თუ მკითხავთ თქვენც დიდი წვლილი მიგიძღვით იმ მართლა ნიჭიერმა ახალგაზრდებმა რომ ვერ გაამართლეს!
zaza
16:35 22-04-2016
0

სიახლეები პოპულარული