ესპანური "ხიმნასტიკი" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელით დაინტერესდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" 20 წლის მცველის, ოთარ კაკაბაძის გადაბირებით ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ბინადარი ტარაგონას "ხიმნასტიკია" დაინტერესებული.

ისე არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ტრანსფერი გადაწყვეტილი ამბავია. ფაქტია, ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მოპოვება არ არის მთლად იოლი საქმე.

კაკაბაძე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია. ის დღეს მხოლოდ ამ კლუბზეა კონცენტრირებული და, რა თქმა უნდა, ამ თემაზე არ ისაუბრებს.

გვესმის "დინამოსიც". საქართველოს ახალ ჩემპიონს ჯერაც
არ ჩაუმთავრებია სეზონი. გარდა ამისა, გუნდი მაღალ მიზნებს ისახავს ევროტურნირებზე. კაკაბაძე კი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ბოლო დროს ოთარი არ ჩანდა ძირითად შემადგენლობაში. ამის მიზეზი ტრავმა იყო. ის უკვე დაუბრუნდა მინდორს...

კარგი მაგალითი
შემთხვევითი არ არის ის, რომ "ხიმნასტიკის" ხელმძღვანელები ქართველი ფეხბურთელით ინტერესდებიან. ამ გუნდის ღირსებას იცავს საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების საყრდენი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია.

21 წლის ფეხბურთელმა ესპანეთის რანგით მეორე ლიგას კვიპროსული "ანორთოსისიდან" რომ მიაშურა, მართლაც გიგანტური პროგრესი განიცადა. აბურჯანიას ხშირად გააქვს და გოლებს შედეგიან გადაცემებს უნაცვლებს.

რას ვიზამთ, "ხიმნასტიკის" დონის გუნდების ინტერესმაც უნდა გაგვახაროს, რადგან დღეს ქართველ ფეხბურთელებს, მით უმეტეს, პირდაპირ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიდან, პრაქტიკულად არ აქვთ იმის შანსი, რომ ეგრევე ევროპის უძლიერეს ლიგებში მოხვდნენ...

საჩვენო სცენარის იმედი
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონიც დასასრულს უახლოვდება. 22-გუნდიან ლიგაში 6 ტური დარჩა ჩასატარებელი. "ხიმნასტიკი" ამჟამად მესამე ადგილზეა 57 ქულით. 59 ქულა აქვს მეორე ადგილზე მყოფ "ალავესს". მეორეადგილოსანი პრიმერაში პირდაპირ გადადის, მომდევნო 4 გუნდი კი გადათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.

მოკლედ, რეალურია შანსი, რომ "ხიმნასტიკმა" პრიმერა დივიზიონის საგზური მოიპოვოს. ამაში დიდი იქნება აბურჯანიას წვლილი. შეგახსენებთ, რომ აქამდე ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში ქართველთაგან გიორგი დემეტრაძესა და შოთა არველაძეს უთამაშიათ.

ისღა დაგვრჩენია, თუნდაც აბურჯანიას ხათრით, ბოლომდე ვუქომაგოთ "ხიმნასტიკს". ესპანური სეგუნდას ცხრილში არნახული სიმჭიდროვეა და ეს უკვე ტრადიციად იქცა. იმედია, მოვლენები საჩვენო სცენარით განვითარდება...

ჩისკო
გადახედავ "ხიმნასტიკის" შემადგენლობას და წამსვე მიხვდები, რომ ეს გუნდი წარმატებას, უპირველეს ყოვლისა, გუნდური სულისკვეთებით აღწევს. შემადგენლობაში არის მეტ-ნაკლებად გამორჩეული რამდენიმე ფეხბურთელი, მაგრამ არის ჩვენთვის განსაკუთრებული ერთი მოთამაშე - 35 წლის შემტევი ჩისკო მუნიოსი, ვინც არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა თბილისის "დინამოში" და ქართველ ქომაგს თავი ძალიან შეაყვარა.

როგორც ჩანს, აბურჯანიას უსწრაფესი ადაპტაცია ჩისკოს დამსახურებაცაა. ვეტერანი ესპანელი ყოველთვის როდი თამაშობს ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ ტარაგონელთათვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად რჩება ზღვა გამოცდილების გათვალისწინებით.

ცოტა რამ კაკაბაძეზე...
20 წლის ოთარ კაკაბაძე თბილისის "დინამოს" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და დღემდე მხოლოდ ამ კლუბის მაისურით უთამაშია. პატარაობიდანვე გამორჩეული იყო მარჯვენა მცველის პოზიციაზე. დაუცავს ჩვენი ქვეყნის ყველა ასაკობრივი ნაკრების ღირსება.

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ოთარმა უკვე სამჯერ მოასწრო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშიც. ჭაბუკთა შორის კი მისთვის უცხო არც ევროპის ჩემპიონატებზე წარმატებული გამოსვლაა.

კაკაბაძე იმ თაობის ერთ-ერთი ლიდერია, რომელმაც ქართველი გულშემატკივარი იმთავითვე შეაჩვია გამარჯვებებს და ამიტომაცაა, რომ მისგან ბევრს ველით და ვითხოვთ. არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ კაკაბაძეც ერთ-ერთი იმათგანია, "ქართული ფეხბურთის მომავლად" რომ გვესახება. ისიც და მისი თაობაც ის ბიჭები არიან, არცთუ შორეულ მომავალში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რომ უნდა გაუშინაურდნენ...

ცოტა ხნის წინ კაკაბაძის გადაბირება კვიპროსულ გუნდებს სურდათ და მაშინ ეს ტრანსფერი არ შედგა. მგონი, კაკაბაძეს ამით არც არაფერი წაუგია...

პრობლემური ამპლუა
ქართულ ფეხბურთში რამდენიმე პრობლემური ამპლუაა და, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მთავარია მარჯვენა მცველის პოზიცია. დღეს ჩვენში თითებზეც კი ვერ ჩამოთვლი კვალიფიციურ მარჯვენა მცველებს.

ის კი არა, კაკაბაძისა და ეროვნული გუნდის ძირითადი მარჯვენა მცველის, უჩა ლობჟანიძის გარდა, ვერც კი ვიხსენებთ ისეთ მარჯვენა მცველს, რომელიც მეტ-ნაკლებად დააკმაყოფილებს საქართველოს ნაკრების მოთხოვნებს.

ასეთ ვითარებაში პერსპექტიული უკანახაზელის პროგრესი მხოლოდ და მხოლოდ გაგვახარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩვენი სუსტი ნაკრების ყველაზე სუსტი ადგილი. თუ გადავა და რამეს ისწავლის, მისთვისაც კარგი იქნება და ჩვენთვისაც, გულშემატკივრებისთვის.
merabi
16:19 05-05-2016
0
ჩემი აზრით კაკაბაძე ბევრ შეცდომას უშვებს დაცვაში. ტაქტიკურად აშკარად სუსტია, პერსონალურადაც უჭირს თამაში. წინ წასვლა უყვარს, მაგრამ მთავრი დაცვაში თამაში ავიწყდება.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული