თავად არ გავრისკე - რატომ არ შედგა რომან ჭანტურიას დებიუტი სერია A-ში

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი რომან ჭანტურია 20 აპრილს, სერია A-ს 34-ე ტურში "ემპოლის" პირველი გუნდის განაცხადში პირველად მოხვდა.

ალბათობა იმის, რომ ჭანტურიას სერია A-ში დებიუტი ამ სეზონშივე ექნებოდა, დიდი იყო, თანაც თავად ფეხბურთელიც აცხადებდა, რომ აუცილებლად ითამაშებდა. ამას ისიც დაემატა, რომ გუნდის ფორვარდებს, მასიმო მაკარონესა და ლევან მჭედლიძეს დისკვალიფიკაცია ჰქონდათ, მაგრამ ჭანტურიას დებიუტი მაინც არ შედგა. გუშინ კი რომანს მუხლზე ოპერაციაც ჩაუტარდა.

თუ რატომ არ შედგა მისი დებიუტი გასულ სეზონში, ამაზე თავად ფეხბურთელს ვესაუბრეთ.

- გუშინ მუხლის ოპერაცია გაიკეთე. ტრავმა
ასეთი სერიოზული გქონდა?
- თებერვალში მივიღე ტრავმა -  მუხლისა და წვივის შემაერთებელი მყესი სანახევროდ გამიწყდა. ამის გამო თვენახევარი უნდა დამესვენა, მაგრამ ზედმეტი მონდომების ხარჯზე, უკვე 18 დღეში დავიწყე ვარჯიში. სამწუხაროდ, მუხლი არ ჩადგა სტაბილურ მდგომარეობაში და სამი თვის მანძილზე ყოველ ვარჯიშსა და თამაშზე ვრისკავდი.

- რას უკავშირდებოდა რისკი?
- მუხლის არასტაბილურობას. შეიძლებოდა მენისკის და ჯვარედინის გაწყვეტა გამოეწვია.

- მიუხედავად ამისა, ბოლო ტური დუბლების შემადგენლობაში ითამაშე...
- კი. წინა კვირას ვარჯიშისას ვიგრძენი ტკივილი, რის გამოც წვრთნა ნაადრევად დავტოვე. შემდგომი ორი დღე არ მივარჯიშია, მაგრამ ვინაიდან დუბლებს პლეი-ოფში ჰქონდათ თამაში, გუნდის დახმარება გადავწყვიტე - ვიფიქრე, ტკივილს გავუძლებ-მეთქი.

- როგორ ჩაიარა თამაშმა?
- საბედნიეროდ, თამაშმა კარგად ჩაიარა. ბოლო, 90-ე წუთზე, საჰაერო ორთაბრძოლისას გაჭიმული ფეხით დავხტი, რასაც მენისკზე ზეწოლა და მუხლის ტკივილი მოჰყვა.

- თუმცა, "ემპოლის" პირველი გუნდის ბოლო ტურის შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე მაინც იჯექი. ტრავმის გამო ხომ არ გადაიდო დებიუტი?
- "ემპოლის" ბოლო ტური "ტორინოსთან" ჰქონდა სათამაშო და სკამზე მაინც დავჯექი. მატჩის მსვლელობისას მწვრთნელმა ორჯერ მიხმო და მკითხა, გვიღირდა თუ არა რისკი, შევეყვანე თუ არა მოედანზე... მაგრამ ისევ ჩემი მომავლისა და მუხლის მდგომარეობის გამო გადავწყვიტე, ამ ეტაპზე მოვრიდებოდი თამაშს, რადგან ოპერაცია მჭირდებოდა.

- შეიძლება ითქვას, რომ მომავალი სეზონისთვის "ემპოლის" პირველი გუნდის ფორვარდად მოიაზრები?
- გუნდის პრეზიდენტის მოთხოვნით მოხდა ოპერაციის დაჩქარება, რათა შემდეგი სეზონისთვის 100%-ით ვიყო მზად. სწორედ პრეზიდენტის მოთხოვნიდან ორ დღეში გამიკეთდა ოპერაცია მსოფლიოში ერთ-ერთ ძლიერ ექიმ პიერ პაოლო მარიანისთან. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და დაახლოებით ერთ თვეში მოედანს დავუბრუნდები. ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი მომავლისთვის გაკეთდა და თავიდან ავიცილე უფრო მძიმე ტრავმა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მაგრამ პროფილაქტიკა მკურნალობაზე ადვილია. ისწავლეთ მსუბუქი დატვირთვით სირბილი იზორია ალეკო
aleko izoria
10:11 02-06-2016
0
რომან ჭანტურიას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მაგრამ პროფილაქტიკა მკურნალობაზე ადვილია. ისწავლეთ მსუბუქი დატვირთვით სირბილი და მუხლის სახსარი არასდროს შეგაწუხებთ!
სირბილის სწავლების ცენტრი
14:48 19-05-2016
0

სიახლეები პოპულარული