შოთა არველაძე: "ნეფთჩი" დამელაპარაკა, ბაქოში ხვალაც მივდივარ...

AutoSharing Option
2015 წლის ნოემბერში "ტრაბზონსფორიდან" წამოსვლის შემდეგ შოთა არველაძე ისვენებს და როგორც ამბობს, ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, კარიერას რომელი გუნდის მწვრთნელად გააგრძელებს.

უეფას თასის ყველა დროის ბომბარდირთა შორის მეოთხეადგილოსანი თავდამსხმელი ნიჭიერი მწვრთნელიც გამოდგა: 2008 წელს, "ალკმაარში" ლუის ვან გაალის თანაშემწეობით დაწყებული კარიერა თურქულ კლუბებში - "ქაისერისფორსა" და "ქასიმფაშაში" მთავარი მწვრთნელის რანგში გააგრძელა. 2015 წლის ივლისში შოთამ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა "ტრაბზონსფორთან", სადაც 1993-97 წლებში თამაშობდა და საყოველთაო სიყვარულიც მოიპოვა ტყუპისცალ არჩილ არველაძესთან ერთად. მაგრამ არველაძე-მწვრთნელმა "ტრაბზონსფორი" წარმატებების გარეშე მალევე დატოვა...

მას შემდეგ ათასი
ჭორ-მართალი ვრცელდებოდა. მცირე ხნის წინ ამტკიცებდნენ, თითქოს, შოთას ბაქოს "ნეფთჩიში" იწვევდნენ და ტრანსფერებში სრულ კარტ-ბლანშსაც ჰპირდებოდნენ. მერე თურქულ ვარიანტზე ალაპარაკდნენ - "ანტალიასფორმა" შესთავაზა სამსახურიო.

გუშინ კი გვითხრეს, რომ შოთამ, შესაძლოა, ისრაელის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბის, ჰაიფას "მაკაბის" მწვრთნელად დაიწყოს მუშაობა...

სწორედ ამ ჭორ-მართალში გასარკვევად თბილისში ჩამოსულ შოთა არველაძეს დავუკავშირდით...

- ბოლო დროს თქვენს შესაძლო ახალ სამსახურზე ურთიერთსაწინააღმდეგო ხმები ვრცელდება...
- რაო, ახლა სად "გამიშვეს"?

- ჰაიფას "მაკაბში"...
- მე არ ვიცი, ისრაელიდან არავინ დამკავშირებია.

- "ლელომ" იცის, რომ ეს ზუსტი ინფორმაციაა...
- დამიჯერეთ, ახალი ჯერ არაფერია.

- ისიც შევიტყვეთ, თითქოს, წინადადებით ბაქოს "ნეფთჩიმაც" მოგმართათ...
- ბაქოელები ნამდვილად დამიკავშირდნენ.

- და რა უპასუხეთ, თუ საიდუმლო არ არის?
- ჯერ ვერაფერს ვიტყვი, რადგან გადაწყვეტილი არაფერია.

- რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ვერსიად "ანტალიასფორიც" დასახელდა. თურქეთში დაბრუნება ხომ არ გსურთ?
- რაღა დაბრუნება, სულ თურქეთში არ ვარ?! ოჯახი იქაა, ბავშვები იქ სწავლობენ... მაგრამ მესმის, რასაც მეკითხებით - ვიმუშავებ თუ არა თურქეთში, ამაზეც ვერაფერს გეტყვით.

- ანუ საუკეთესო ვარიანტებზე მსჯელობთ?
- არა, უბრალოდ, ჯერ არსად მეჩქარება.

- სეზონი მთავრდება, მაგრამ სადაცაა, ევროტურნირები დაიწყება. გუნდები მალე დაიწყებენ ახალი ბატალიებისთვის მზადებას. საჩქარო როგორ არ არის?!
- ამხელა სტრესების შემდეგ დასვენება არ მეკუთვნის (იცინის)? ვიღაც ბურთს ძელს რომ მოარტყამს, ამასაც მე მაბრალებენ და არ უნდა დავისვენო?

- თქვენი საუბრიდან ისე ჩანს, რომ ყველაზე რეალური "ნეფთჩის" ვარიანტია...
- სანამ ახალ კლუბთან კონტრაქტს ხელს არ მოვაწერ, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. დასამალი არ არის, "ნეფთჩის" წარმომადგენელს შევხვდი და ველაპარაკე. 21 მაისს ბაქოში 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალია და იქაც მიმიწვიეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ - ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

- ცნობილი გახდა, რომ არველაძეების ფონდმა საქველმოქმედო ღონისძიება სოლიდარობის ფონდის მხარდასაჭერად გამართა...
- სიმსივნით დაავადებული ბავშვების დახმარება მარტო ჩვენი ვალი არ არის და ვცდილობთ, ფონდს გვერდში დავუდგეთ. ამაში აღსანიშნავი არაფერია, ყველანი ადამიანები ვართ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ოგონდ სჰენ ცადი და გაიკოლე სჰენი დზმები ამას ნატრტობს ცჰემს ირგვლივ კველააა ტქვენ ქარტველ ხალხს პეხბურტი სჰეაზიზგეტტ
mdzgoli
11:50 21-05-2016
0
პირადად არ ვიცნობ მარა ეს ოჯახი მიყვარს:)
lali
00:25 21-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული