ნიკა კაჭარავას ჩემპიონთა ლიგა, ჯანო ანანიძეს - ევროპა ლიგა, ნუკრი რევიშვილს - ქვედა ლიგა

AutoSharing Option
21 მაისს რუსეთის პრემიერლიგაში ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა.

ვიცე-ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს ნიკა კაჭარავას გუნდი "როსტოვი", რომელმაც ბოლო ტურში "ტერეკს" სტუმრად ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ნიკა ბოლო მატჩშიც სათადარიგოთა შორის იყო და თამაშის საშუალება არ მისცემია. იმედი დავიტოვოთ, რომ ქართველ ფორვარდს მწვრთნელი ნდობას ამიერიდან მაინც გამოუცხადებს.

სტუმრად "უფასთან" მარცხის (1:3) მიუხედავად, სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე დაასრულა ჩემპიონატი ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკმა", რომელიც ევროპა ლიგაში ითამაშებს. ჯანომ მოედანზე ამჯერადაც 90 წუთი დაჰყო. მასპინძელთა გუნდის კარში რუსეთის მოქალაქე გიორგი შელია
იდგა, მისმა გუნდმა კი ამ გამარჯვებით პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

90 წუთი ითამაშა საბა კვირკველიამ ცსკა-სთან მინიმალური ანგარიშით წაგებულ მატჩში. საქართველოს ნაკრების მცველის გუნდმა "რუბინმა" საბოლოოდ 33 ქულით მე-10 ადგილი დაიკავა, აი, ცსკა-მ კი ამ გამარჯვებით ჩემპიონობა იზეიმა.

სტუმრად "კრასნოდართან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა საქართველოს ნაკრების კანდიდატის გიორგი ჯიქიას "ამკარი". რუსეთის მოქალაქეობის მქონე 22 წლის ქართველმა მცველმა მატჩი სრულად ჩაატარა, მისი გუნდი კი ცხრილში მე-11 ადგილს დასჯერდა.

"კრილია სოვეტოვისა" და "ანჟის" მატჩის განაცხადში არ იყო საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია, რომელსაც ტრავმა აქვს და ამის გამო ის ვერც ეროვნულ გუნდს ეხმარება. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, ლორიას გუნდმა კი პრემიერლიგა მე-9 ადგილზე დაასრულა.

სამწუხაროდ, პირველ ლიგაში დაქვეითებას ვერ გადაურჩა სარანსკის "მორდოვია", რომლის ღირსებას საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი და მამუკა კობახიძე იცავენ. "მორდოვიამ" ბოლო ტურის მატჩი სტუმრად მოსკოვის "ლოკომოტივთან" 0:3 დათმო. სტუმართა კარში ნუკრი იდგა, მამუკა კი სათადარიგოთა შორის იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული