გოგიტა გოგუამ პავლოდარის "ირტიშის" რიგები დატოვა. ყაზახური კლუბის ხელმძღვანელობამ 32 წლის ქართველ ნახევარმცველთან, რომელსაც კონტრაქტის ვადა ამოეწურა, ხელშეკრულება აღარ გააგრძელა. არსებული ინფორმაციით, მისი გადაბირებით სხვა ყაზახური კლუბები: "ორდაბასი" და "ატირაუ" არიან დაინტერესებულნი.
"გოგუა "ირტიშს" კონტრაქტის ვადის ამოწურვის გამო ტოვებს. მადლობას ვუხდით მას გუნდში გატარებული პერიოდისთვის და შემდგომ კარიერაში წარმატებებს ვუსურვებთ", - ნათქვამია "ირტიშის" ოფიციალურ საიტზე გაკეთებულ განცხადებაში.
გოგუამ პავლოდარის გუნდში, სადაც ზამთარში ჩაირიცხა, 12 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ გოგიტამ კარიერის დიდი ნაწილი რუსეთში გაატარა, სადაც "ხიმკის",
"სპარტაკ-ნალჩიკის", "სატურნის", "ტერეკის", "ვოლგასა" და "სკა-ენერგიის" ღირსებას იცავდა. გოგუას საქართველოში "გურიაში", "მერანში", თბილისის "თბილისში", თბილისის "დინამოსა" და გორის "დილაში" უთამაშია.