უკრაინელთა ქართველი კაპიტანი: შესაძლოა, ბოლოს მაინც საქართველოსთვის ვითამაშო!

AutoSharing Option
ფოტოზე: ჯაბა ფხაკაძე (მარჯვნივ)

ცოტა ხნით წინათ, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები "მიხეილ მესხზე" უკრაინელ თანატოლებს ამხანაგურად გაეჯიბრა. მეტოქე გუნდში ყველაზე მეტ ინტერესს, ცხადია, ჯაბა ფხაკაძე იწვევდა. უკრაინელები კაპიტნის სამკლავურით მოედანზე სწორედ მე-11 ნომრით მოთამაშე ქართველმა გაიყვანა...

ვიცოდით, რომ დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" საფეხბურთო აკადემიის მიერ აღზრდილი ფხაკაძე ნახევარმცველია. მაგრამ უკრაინის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ამპლუით ცენტრალური თავდამსხმელი აღმოჩნდა და მეორე შეხვედრაში საგოლე კომბინაციაც წამოიწყო...

ფხაკაძე ჯერ მეორე ლიგის პეტროვეს "ინგულეცის" დუბლების წევრი გახლდათ, დასრულებულ სეზონში კი ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის მიერ შედგენილ
სიაში კი ის ამ ქვეყნის "ოქროს ტალანტებს" შორის ფიგურირებს.

უკრაინის ნაკრების კაპიტანზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ყიფიანი გველაპარაკა:

"პატარა საქმე ნამდვილად არ არის, უკრაინის ნაკრებში თამაშობდე და, მით უფრო, მისი კაპიტანიც იყო. ცხადია, მე ჩვენს ფეხბურთელებს ვაკვირდებოდი. უკრაინასთან შეხვედრებს გავაანალიზებ და მის თამაშს უფრო დეტალურად დავაკვირდები. მაგრამ ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ფხაკაძე საკმაოდ კარგი ფეხბურთელია".

"ლელო" ჯაბა ფხაკაძეს გაესაუბრა. ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ, ვინ არის უკრაინის ასაკობრივი ნაკრების ქართველი კაპიტანი...

- ჯერ იმით დავიწყოთ, თუ როგორ მოხვდით უკრაინაში...
- ჩვენი ოჯახი ქუთაისიდანაა. მაგრამ უკრაინაში, კერძოდ, დნეპროპეტროვსკში დავიბადე და გავიზარდე.

- უკრაინაიში კი დაიბადეთ, მაგრამ ქართული კარგად იცით...
- ჯერ ერთი, მშობლები ქართულად მზრდიდნენ. ენას რა დამავიწყებს?! მეორეც - რაღაც პერიოდში უკრაინიდან ჩამოვედით და 11 წლამდე საქართველოში ვიზრდებოდი.

- ქუთაისში გივარჯიშიათ?
- არა, მხოლოდ მოყვარულის დონეზე. სერიოზულად, ფეხბურთზე 11 წლის ასაკში დავიწყე სიარული. უკვე 25 წელია, "დნიპროში" ქართველი მწვრთნელი, გელა ღლონტი მუშაობს. მან დნეპროპეტროვსკის საქალაქო ჩემპიონატის დროს შემამჩნია და გუნდში ამიყვანა. ასე ვიტყოდი - დიდ ფეხბურთში გზა ამ კაცმა გამიკვალა. 3 წელი "დნიპროს" აკადემიაში, ბაზაზე ვცხოვრობდი. ამ სამი წლის შემდეგ ჩვენი გუნდი უკრაინის ჩემპიონი გახდა, რის შემდეგაც ჯერ 16, ხოლო შემდეგ 17 და 18-წლამდელთა ნაკრებში ამიყვანეს.

- თქვენი ქართველობის გამო კითხვა გაჩნდა - შეიძლება, რომ საქართველოს ნაკრებში გიხილოთ? ასეთი შეთავაზება არ გქონიათ?
- სულ 3 წელია, რაც უკრაინის ნაკრებებში სისტემატურად მიწვევენ. მე ამ ქვეყნის და ხალხის მადლიერი ვარ, რადგან მათ ბევრი მომცეს, ფეხბურთში გზა გამიკვალეს და საერთოდ, კარგი ხალხია. თავადაც უკრაინის მოქალაქე ვარ და ჯერ საფეხბურთო მოქალაქეობის შეცვლაზე არ მიფიქრია.

- საერთოდ, ქართული ფეხბურთი ისეთ დღეშია, უფრო პერსპექტიულ ნაკრებში თამაშზე უარის თქმას ვერავინ გაიძულებთ. ასაკობრივ ნაკრებებში თამაშით კარიერის აწყობა კარგიც იქნება. მთავარია, ეროვნულ ნაკრებამდე თუ მიხვალთ. მერე რა არჩევანს გააკეთებთ?
- ქართველი რომ ვარ, ეს ნამდვილად არ მავიწყდება. ისე, ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ბოლოს მაინც საქართველოს სახელით ვითამაშო.

- სხვათა შორის, ეს ნაბიჯი ახლავე რომ გადადგათ, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის დიდი შანსი გექნებათ. ფინალური ეტაპი 2017 წელს თბილისში ჩატარდება და საქართველო ამ ტურნირზე შესარჩევი ეტაპის გარეშე გამოვა...
- ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება? ეს არ ვიცოდი. საინტერესოა...

- ისე, ნამდვილად ვიცი, რომ თქვენით საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ხელმძღვანელობა დაინტერესდა...
- საქართველოში თბილად მომიკითხეს, მკითხეს, სადაური ვარ და ასე შემდეგ. მაგრამ ამ ინტერესზე არაფერი ვიცოდი. სასიამოვნოა, თუ დაინტერესდნენ.

- საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებზე რას იტყვით?
- საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. ტექნიკურად კარგად მომზადებული ფეხბურთელები არიან და, რაც მთავარია, გამიკვირდა, რომ ფიზიკურადაც ძლიერები ჩანდნენ. ბურთსაც ჩვენზე კარგად აკონტროლებდნენ... მოკლედ, გუნდი ძალიან მომეწონა.

- როგორც ვიცით, უკრაინის მეორე ლიგაში თამაშობთ...
- ახლა უკვე "ინგულეცი" პირველ ლიგაში გადავიდა, რაც ძალიან მიხარია. ეს უკვე საკმაოდ სერიოზული დონეა და გამოცდილების შეძენა და გაზრდა შეიძლება.

- უკეთეს გუნდში თამაშს არ გთავაზობენ?
- დიახ, მქონდა სამი საკმაოდ კარგი მიწვევა. მაგალითად, დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" დაბრუნებას მთავაზობდნენ, დამიკავშირდა პოლტავის "ვორსკლაც"... ცხადია, უკეთეს გუნდში გადასვლა მსურდა, მაგრამ "ინგულეცთან" კონტრაქტი მაკავშირებდა და პრეზიდენტმა არ გამიშვა. როცა მიზეზით დავინტერესდი, მითხრა - პირველი ლიგისთვის გამზადებო...

- უკრაინელ ქართველებთან კავშირი თუ გაქვთ?
- ჩემი გუნდის დუბლებშია გიორგი ქობულაძე, რომელიც კიევის "ლოკომოტივ-გრუზიაში" გამოდიოდა, ახლა კი საქართველოს ასაკობრივი ნაკრების კანდიდატია. უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებშიც რამდენიმე ქართველია - ჩაჩუა, ვაჩიბერაძე...

- ვიცით, რომ უკრაინულ ფეხბურთში მძიმე ეკონომიკური კრიზისია. მართალია, თითქოს ლეგიონერები ქვეყნიდან გარბიან?
- ასე იყო 2015 წელს. ახლა ვერ ვიტყვი, რომ ძველებურად ყველა დალხენილია, მაგრამ ვითარება გამოსწორდა და დარეგულირდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
"ბოლოს" თუ გინდა ანდორისთვის ითამაშდე))
0
Mshoblebi kartulad mzrdidnen. Enas Ra damavickebso... Misabadzi unda ikos!
dartsmela
11:03 19-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული