საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი ახალი სეზონიდან "გაბალას" ღირსებას დაიცავს. ეს გუნდი ევროპალიგაზე "სამტრედიის" მეტოქე იქნება.
ევროტურნირების წილისყრა: შევცვალოთ ბალანსი, ავიღოთ რევანში!
კვეკვესკირმა უკვე ითამაშა თავის ახალ კლუბში, როცა ამხანაგურ შეხვედრაში თავის ყოფილ კლუბს, გორის "დილას" დაუპირისპირდა...
- როგორ მიდის "გაბალაში" ადაპტაციის პროცესი?
- ცოტა დრო ჯერ კიდევ მჭირდება. ისე, ძალიან კარგ გუნდში მოვხვდი. აქ არიან მაღალკვალიფიციური მწვრთნელები, ფეხბურთელები... ჩემთვის ყველაზე მთავარი ის არის, რომ "გაბალა" ამბიციური კლუბია.
- ევროპალიგაზე "სამტრედიასთან" მოგიწევთ
- ბედნიერი ვიქნებოდი, ევროპალიგის ჯგუფში შევხვედროდით ერთმანეთს... დიდი ბრძოლა იქნება, ძალიან საინტერესო და სანახაობრივი მატჩების მოლოდინში ვარ.
ძალიან კარგად ვიცნობ გია ცეცაძეს და დიდ პატივს ვცემ მის საფეხბურთო გემოვნებას. მას შემტევი ფეხბურთი უყვარს და "გაბალაც" ამავე სტილის მიმდევარია.
- რომელ პოზიციაზე ხედავს თქვენს ადგილს "გაბალას" მთავარი მწვრთნელი რომან გრიგორჩუკი?
- გუნდს ორი ტაქტიკური სქემა აქვს. გააჩნია, რომელ მათგანს გამოვიყენებთ - ხან გამოკვეთილ საყრდენად ვთამაშობ, ხან - მოწინააღმდეგის კართან შედარებით ახლოს... მზად ვარ ორივე ფუნქციის შესასრულებლად. ვფიქრობ, შევძლებ "გაბალაში" თავის დამკვიდრებას.
- როგორც ვიცით, "გაბალამ" ძირითადი შემადგენლობის ბირთვი ბოლომდე ვერ შეინარჩუნა...
- ადგილობრივები დარჩნენ. დაცვა და მეკარე იგივეა. ძირითადად, შეტევის ხაზს შეეხო ცვლილებები. ამ რგოლში მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები და, რამდენადაც ვიცი, მათი ძიება კიდევ მიმდინარეობს.
- აზერბაიჯანის ჩემპიონატში, ალბათ, გუნდს მაღალი მიზნები ექნება...
- რა თქმა უნდა! აზერბაიჯანში "გაბალა" ერთ-ერთი მოწინავე კლუბია და ეს ყველამ კარგად იცის. შემადგენლობაც კონკურენტუნარიანია.
- რას იტყვით "გაბალას" მწვრთნელ გრიგორჩუკზე?
- ძალიან კარგი ადამიანია, აღარაფერს ვამბობ მის სამწვრთნელო ღირსებებზე. მე ვიტყოდი, ამ მხრივ იდეალურიც კია. ისე აგიხსნის ყველაფერს, ისე გაგარკვევს თითოეულ, უმცირეს ნიუანსშიც კი, რომ ისღა გრჩება, გახვიდე მინდორზე და ითამაშო.
- როგორც ვიცით, გუნდი თბილისშია შეკრებაზე...
- დიახ, თბილისში ვემზადებით ახალი სეზონისთვის. 26 ივნისამდე აქ ვიქნებით, მერე კი აზერბაიჯანში გავემგზავრებით.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"