"როცა 15 წლის ასაკში "სპარტაკში" ჩამოვედი, სამი წლის მანძილზე ბაზაზე ცხოვრება მომიწია და ქართულ რესტორნებში დავდიოდი - არ მსურდა სხვა კერძებზე გადასვლა. ახლაც დავდივარ, უბრალოდ, იშვიათად. ზოგადად, რუსულ სამზარეულოს ნორმალურად აღვიქვამ. აქ ბრინჯის და მაკარონის ჭამა მიყვარს...
ცნობისთვის, საქართველოშიც არის ადგილები, სადაც შეკრების გავლა შეიძლება, მაგრამ გარანტიას გაძლევთ, ყველა ფეხბურთელი მომატებული 5-6 კილოგრამით დაბრუნდება.
"როსტოვში" ნემსებით მიწევდა თამაში. მათ შორის, თასის ფინალის თამაშიც ასე მომიწია, რომელიც მოვიგეთ. ისეთი ექიმი არ ჩანდა, ვისაც ზუსტი დიაგნოზის დასმა შეეძლო. იტალიურ კლინიკაშიც კი არ გამოჩნდა ვინმე ასეთი.
ეს მუდმივი ტკივილები ნორმალურ ცხოვრებასა და თამაშში მიშლიდნენ ხელს. მაგრამ საოცრება მოხდა - ჩვენმა სამედიცინო შტაბმა კიდევ ერთი ვარიანტის გამოყენება გადაწყვიტა. ვინ იცის, იქნებ ეს ჩემი ბოლო შანსიც იყო?!
მოკლედ, ექიმ დიეგოსთან ერთად ფინეთში გავემგზავრეთ პროფესორ ორავესთან. არ დაიჯერებთ - მტკივნეულ ადგილზე ხელი დამადო და იმწამსვე საოპერაციო მაგიდისკენ მიმითითა. ცნობისთვის, დენის ჩერიშევმაც მასთან გაიკეთა მცირე ხნის წინ ოპერაცია.
ცხვირთან დაკავშირებითაც მქონდა პრობლემები - სუნთქვა არ შემეძლო. რათა დრო არ დამეკარგა უაზროდ, გადავწყვიტე, დასვენების პერიოდში ოპერაცია თბილისში გამეკეთებინა. ამის გამო, ეროვნულ ნაკრებში თამაშზეც უარის თქმა მომიწია.
20 დღე გავიდა და გუნდთან ერთად ვვარჯიშობ ახლა. სუნთქვის პრობლემაც აღარ მაქვს.
ოთახში გიორგი მელქაძესთან ერთად ვარ. მას მერე, რაც ჩემთანაა, ქართულად უკეთ ალაპარაკდა. ადრე ვერც გავიფიქრებდი, რომ ქართული იცის. ის ხომ მოსკოვში დაიბადა... მერე ბიჭებმა მითხრეს, რომ ის ტელეფონით საუბრისას რაღაცას ქართულად იძახის. მოკლედ, ერთმანეთს კარგად გავუგეთ.
ევროპის ჩემპიონატს განვიხილავთ, თუმცა არ ვიცი ვის გულშემატკივრობს, მე კი იტალიელების ჩემპიონობა მსურს. საერთოდ, ესპანეთს ვგულშემატკივრობდი, რომელთა დამარცხებაც მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ქართველებმა შეძლეს. ვინ წარმოიდგენდა?! როგორც გულშემატკივარმა ვუყურე იმ თამაშს და ძალიან გამიხარდა...
ალენიჩევს საინტერესო ვარჯიშები აქვს. თითქმის ყველა ვარჯიში ბურთთან აქვს, ქართველისთვის კი საათნახევარზე მეტხანს უბურთოდ ყოფნა ყველაზე დიდი სასჯელია. ჩვენ ხომ ბრაზილიელებივით ბურთით ვიბადებით. ნეტავ, მათნაირადაც ვთამაშობდეთ....
სერიოზულად კი, ბურთით დატვირთვას ვერ გრძნობ. ან გრძნობ, როცა ვარჯიშის დასრულების შემდეგ ნელ-ნელა ავტობუსიკენ მიიმართები.
ჩემთვის სულერთია რამდენი ფორვარდი იქნება მოედანზე - ჩემთვის მთავარია, რამდენი ადრესატი იქნება წინ. გასაგებია, რით მეტი ვარიანტი, მით უკეთესი. მთავარია, დროზე გადაწყვიტო, ვის გაუკეთო პასი.
კიდევ ვფიქრობ, რომ ჩემთვის ეს წელი გადამწყვეტი იქნება. დიდი ხნის განმავლობაში არ მითამაშია, ყოველთვის რაღაც მიშლიდა. როგორც იქნა, მივაღწიე დღემდე, როცა არაფერი მიშლის ხელს, არაფერი მტკივა და შემიძლია მთელი კონცენტრაცია თამაშზე მქონდეს. თანაც, ჩემთვის მნიშვნელოვანია, მწვრთნელი მენდობოდეს. "როსტოვში" ასე იყო, სადაც 5 გოლი გავიტანე და 10-11 საგოლე გადაცემა გავაკეთე. მაშინ თასიც მოვიგეთ და ჩემპიონატშიც იმ პერიოდისთვის კარგი მე-7 ადგილი დავიკავეთ.
ახლა მსურს ჩემი თამაშით ძირითად შემადგენლობაში დავიმკვიდრო ადგილი. მსურს გუნდისთვის მაქსიმუმი მომქონდეს და რაიმე სერიოზული ტიტულის მოგებაში შევუწყო ხელი. იმედი მაქვს, ყველა ჩემი უბედურება წარსულში დარჩა და ტრავმების ლიმიტი ამოიწურა. ალენიჩევიც მასე თვლის. ალბათ, სწორედ ამიტომ მითხრა: "ამ სეზონში 10 გოლი უნდა გაიტანო და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთო".
ჩემი აზრით, არ უხუმრია. და რადგან ასეა - ვეცდები..." , - თქვა ჯანომ.