"მოგვწონს თუ არა, ევროპაში პრაგმატულმა, დაცვითმა ფეხბურთმა გაიმარჯვა"

AutoSharing Option
ესპანეთ-საქართველოს ამხანაგურ მატჩში დაშავებულ ნუკრი რევიშვილს იმედი ჰქონდა, რომ ვარჯიშს 10 ივლისისთვის განაახლებდა. "ლელო" 28 წლის მეკარეს დაუკავშირდა და მისი მდგომარეობა მოიკითხა:

"ჯერაც საქართველოში ვარ და ვისვენებ, ვარჯიშს კი უახლოეს პერიოდში შევუდგები. ტკივილები აღარ მაწუხებს. სრული დატვირთვით ვარჯიში ჯერ არ შემიძლია, მაგრამ ნელ-ნელა დატვირთვებს გავზრდი და როგორც ექიმები მეუბნებიან, 20 ივლისიდან უკვე სრულფასოვან ვარჯიშს დავიწყებ", - ამბობს რევიშვილი.

ის ჯერაც სარანსკის "მორდოვიას" მეკარედ ითვლება და ოფიციალურად, გუნდიდან არ წამოსულა. მაგრამ ცნობილი გახდა, რომ რევიშვილი რუსეთის პირველ ლიგაში დაქვეითებული გუნდის განაცხადში
აღარ ფიგურირებს:

"ჯერ კლუბთან ურთიერთობა არ გამირკვევია. განაცხადში რომ არ ვარ, ეს პრობლემა არ არის. დარჩენა თუ გადავწყვიტე, განაცხადში მეორე დღესვე შემიყვანენ...

მაგრამ პირველ ლიგაში თამაში მსურს. ასე რომ, დიდი ალბათობაა, "მორდოვიადან" წამოვიდე და ახალი გუნდის ძებნა დავიწყო".

ადრე რევიშვილმა "ლელოს" უთხრა, რომ მისით თურქეთის სუპერლიგის გუნდები იყვნენ დაინტერესებულები:

"თურქული კლუბების ინტერესი ნამდვილად იყო, მაგრამ ძალიან ცუდ დროს დავშავდი - ესპანეთთან მატჩში მიღებულმა ტრავმამ დამაბრკოლა. ყველა კლუბს უნდა, რომ პირველივე დღიდან ვითამაშო, მაშინ, როცა ერთი თვეა არ მივარჯიშია.

ტყუილსაც არ ვიკადრებ - ახლა კონკრეტული მიწვევა არ მაქვს და ჩემი მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს ბუნებრივიც არის. მაგრამ დროებითი სირთულე არ მაშინებს, მეკარისთვის 29 წელი მშვენიერი ასაკია. ცოცხალი მაგალითია ისლანდიის ნაკრების მეკარე ჰანეს ჰალდორსონი, რომელმაც პროფესიული კარიერა 29 თუ 30 წლის ასაკში დაიწყო.

პატარა ჩავარდნა არ ნიშნავს, რომ ხელებს ჩამოვუშვებ. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ ორი თვეა დარჩენილი და მანამდე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს".

რევიშვილს ევროპის ჩემპიონატზეც ვკითხეთ აზრი:

"ეს ევროპის ჩემპიონატი ნაკლებად სანახაობრივი იყო, ვიდრე წინა ტურნირები. საწყის ეტაპებზე ყველაზე გამართული და აზრიანი ფეხბურთი იტალიამ აჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გულშემატკივარი არ ვარ. ამიტომ, გული დამწყდა, ფინალში რომ ვერ გავიდა.

საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა ბელგიამ, ხორვატიისგან კი ბევრად მეტს ველოდი... საფრანგეთი ძლიერი გუნდი იყო, მაგრამ მოიგო პორტუგალიამ, რომელმაც საუკეთესო სათამაშო დისციპლინა გამოავლინა. მოგვწონს თუ არა, დღეს პრაგმატულმა, დაცვითმა ფეხბურთმა გაიმარჯვა.

ისიც გამოჩნდა, რომ სწორი ტაქტიკით წარმატების მიღწევა შეიძლება.

ფერნანდუ სანტუში პორტუგალიამდე საბერძნეთს წვრთნიდა და მაშინ გამოჩნდა, რომ ჭკვიანი მწვრთნელია. მისი სტილი არ მომწონს, მაგრამ ფაქტია, რომ არსებული რესურსის იდეალურად გამოყენება მოახერხა. სხვათა შორის, არც რონალდოს ფანი ვარ, მაგრამ ერთ დიდ ტიტულს ნამდვილად იმსახურებდა".

დავინტერესდით, ვის მიიჩნევს ნუკრი რევიშვილი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ:

"ამ თამაშებში ბევრი კარგი მეკარე გამოჩნდა. მანუელ ნოიერის კვალიფიკაცია ყველას მოეხსენება, ფინალი კი უმაღლეს დონეზე ჩაატარა პორტუგალიელმა რუი პატრისიომ და თავისიანების ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

მაგრამ მთელი ტურნირის განმავლობაში უმაღლეს დონეზე იდგა ფრანგების მეკარე უგო ლორისი. არ ვეთანხები იმ აზრს, თითქოს მას ფინალში ედერის დარტყმის მოგერიება შეეძლო. ეს ძალიან უხერხული დარტყმა იყო.

ლორისს რამდენიმე კარგი თვისება აქვს - მომწონს, თუ როგორ კარნახობს მცველებს, როგორ შეჰყავს ბურთი თამაშში და როგორ თამაშობს ფეხით. და რაც მთავარია - პოზიციას იმდენად სწორად არჩევს, ნახტომი ნაკლებად სჭირდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ედერის დარტყმა რომ უხერხული და აუღებელი მოეჩვენება, იმის მეკარეობა არ გაიშვა....
მსქროლავი ტროლი
13:44 16-07-2016
0
გუშინ წინ ვნახე ბათუმში სექტორში სიგარეტს ეწეოდა მთელი ღამე და სვამდა მთელი სამეგობრო გავგიჟდით ! არავინ არ გვყავს ნამდვილი პროფესიობალი ქვეყნის ფორმას რომ მოირგებ ჯარისკაცივით უნდა ემსახურო და არა ეგრე
nika
15:37 16-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული