გიორგი მაკარიძე: ვემზადები, "მორეირენშეში" კონკურენცია არ მაშინებს...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე ახალი სეზონისთვის ახალ კლუბთან, პორტუგალიის ჩემპიონატის უმაღლესლიგელ "მორეირენშესთან" ერთად ემზადება.

ევროპის ჩემპიონატის მომგები ქვეყნის უპირველეს ლიგაში წლეულს ორი ქართველი გვეყოლება - მაკარიძე და "ჟილ ვისენტეს" ნახევარმცველი ავთო ებრალიძე, რაც პატარა ამბავი არ არის...

გუშინ მაკარიძეს პორტუგალიაში დავუკავშირდით და საკლუბო ამბებთან ერთად, ისიც გამოვკითხეთ, თუ როგორ აღნიშნეს პორტუგალიაში კონტინენტის უმთავრესი საფეხბურთო ფორუმის მოგება.

- "მორეირენშეს" უკვე შეუერთდით?
- კი, უკვე დავიწყე ახალი სეზონისთვის სამზადისი გუნდთან ერთად. ერთი ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ. მწვრთნელმა მეკარეები თითო ტაიმი გვათამაშა.
ვვარჯიშობთ ჩვეულებრივად, თავს კარგად ვგრძნობ...

- მეკარის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა გუნდში?
- წინა სეზონში ვინც იყო ძირითადი მეკარე, ის კვლავ გუნდშია. ასე რომ, კონკურენცია აუცილებლად იქნება. მაგრამ ეს არ მაშინებს, მზად ვარ ამისთვის.

- რა არის "მორეირენშეს" მიზანი მომავალ სეზონში?
- ჩვენი უპირველესი ამოცანა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. ისე, თუ ექვს საუკეთესო გუნდში მოვხვდებით და ევროპის ლიგაზე გავალთ, ამას რა აჯობებს?! აქ ოთხი გუნდი სხვებისგან აშკარად გამორჩეულია - "ბენფიკა", "პორტუ", "სპორტინგი" და "ბრაგა". დანარჩენი თანაბარი დონის გუნდებია. არავინ იცის, როგორ აეწყობა სეზონი...

- როგორ აღნიშნა პორტუგალიამ ევროპის ჩემპიონობა?
- მე აქ პატარა ქალაქში ვარ და აქაურ მაგალითზე გეტყვით: ყველა - ქალი, ბავშვი, ახალგაზრდა თუ მოხუცი გარეთ იყო. იმდენს ხმაურობდნენ, ღამე ძლივს დავიძინე.

- მანდ ვის მიიჩნევენ პორტუგალიის ნაკრების მთავარ გმირად?
- უფრო მეტად, მეკარე რუი პატრისიოს. მთელი პორტუგალია მასზე ლაპარაკობდა. ბევრი ხუმრობდა კიდეც - 10 ივლისი წმინდა პატრისიოს დღედ უნდა გამოვაცხადოთო.

ფეხბურთი რომ ამოუცნობი თამაშია, ერთხელაც დამტკიცდა. ედერს ფინალამდე ყველა აკრიტიკებდა, მეტსახელად "ფიშკას" ეძახდნენ... მაგრამ ხომ ნახეთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალის მთავარი გმირი გახდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
წლების განმავლობაში მიდიოდა რაღაც დავა სასამართლოში ჟილ ვისენტესთან დაკავშორებით,წელს მოიგეს პროცესი და გადაიყვანეს უმაღლესში
ბუტა
16:35 16-07-2016
0
KAXA ვერც მე გავიგე როგორც ვიცი ის გუნდი(ჟილ ვისენტე) მეთორმეტე ადგილზე გავიდა მგონი და როგორ აღმოჩნდა პრიმერაში არ ვიცი იმედია მე ვერ გავიგე და გამომჩა და რომელიმე პრიმერას გუნდმაქ წაიყვანა !
დავითი
00:41 16-07-2016
0

სიახლეები პოპულარული