ლეგიონის უქმეები: გაიტანა თუ არა ვაკომ? [VIDEO]

AutoSharing Option
ტრადიციისამებრ, ამ უქმეებზე არაერთმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა თავისი გუნდის შემადგენლობაში. ევროპულ მინდვრებზე თანდათან ხურდება საკლუბო ბრძოლები. გვაწუხებს მხოლოდ ის, რომ საქართველოს ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი კვლავ უგუნდოდაა...

ჰოლანდია. საგარეო გამარჯვებით გახსნა ერედივიზიონის (უმაღლესი ლიგა) სეზონი არნემის "ვიტესმა". ორი ქართველის გუნდმა გასვლაზე 4:1 მოუგო "ვილემს" (უკვე პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 4:0 იყო). პოლემიკა გამოიწვია მეორე გოლის ეპიზოდმა. თავიდან საინფორმაციო საშუალებებმა გოლი ვაკო ყაზაიშვილს მიაწერეს, მერე კი მეკარეს ჩაუთვალეს ავტოგოლად. ალბათ, ეს ყველაფერი უახლოეს დღეებში დაზუსტდება. ყაზაიშვილმაც და გურამ კაშიამაც თავიდან ბოლომდე ითამაშეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უკრაინა. გიორგი არაბიძემ დუბლი მიითვალა დონეცკის "შახტარისა" და "ოლეკსანდრიას" დუბლშემადგენლობათა შეხვედრაში (5:0). არაბიძემ თავი მატჩის მე-14 და 58-ე წუთებზე გამოიჩინა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ვორსკლამ" შინ ვერ აჯობა "კარპატის" - 1:1. მასპინძელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა სანდრო კობახიძემ.

"ზორიამ" 4:0 გაანადგურა "ჩერნომორეცი". გამარჯვებულთა შორის 54-ე წუთზე შევიდა მინდორზე ჯაბა ლიპარტია.

რუსეთი. "არსენალისა" და "რუბინის" მატჩის (1:0) განაცხადში არ გამოჩენილა ყაზანელთა ქართველი მცველი საბა კვირკველია. შესაძლოა, ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ მის მიმართ ინტერესს რუსული ფეხბურთის გრანდი "სპარტაკი" იჩენს. მეორე ვერსიით, "რუბინი" მის განათხოვრებაზე ფიქრობს.

გიორგი ჭანტურიას "ურალი" სტუმრად დაუზავდა ვიცე-ჩემპიონ "როსტოვს" - 0:0. ქართველმა შემტევმა სტუმართა შორის 75-ე წუთიდან ითამაშა.

აზერბაიჯანი. ბაქოს აზალ-მა საშინაო ასპარეზზე მიიღო თანაქალაქელი "ნეფთჩი" და 0:2 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში სრულად ითამაშა ნუგზარ კვირტიამ. 71-ე წუთზე შევიდა მინდორზე დავით ჯანელიძე.

ბაქოს "ინტერმა" შინ 2:1 მოუგო "ყარაბაღს". მასპინძელთა რიგებში ძირითადში გამოჩნდა გამოცდილი ქართველი მცველი ზურაბ ხიზანიშვილი.

ავსტრია. "რაპიდმა" დედაქალაქურ დერბიში მეტოქის მინდორზე 4:1 მოუგო "აუსტრიას". გამარჯვებულთა ქართველი ახალწვეული გიორგი ქვილითაია დაშავებულია და ჯერჯერობით არ თამაშობს.

ბელგია. რანგით მეორე ლიგაში "ტუბიცემ" შინ 2:2 ითამაშა "გალუასთან". მასპინძელთა შორის ძირითადში იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი ლევან შენგელია.

ესტონეთი. ტალინის "ფლორამ" შინ 4:1 გაანადგურა "ნარვა". გამარჯვებულთა რიგებში სრულად ითამაშა ზაქარია ბეგლარიშვილმა.

უნგრეთი. უმაღლესი ლიგის მატჩში "დიოშდიორი" შინ 0:3 დამარცხდა "ჰონვედთან". წაგებულთა შორის შეუცვლელად გაისარჯა საყრდენი ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი.

პოლონეთი. "შლიონსკი" საშინაო მატჩში უგოლოდ დაუზავდა "ლეხიას" - 0:0. მასპინძელთა ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ლაშა დვალმა 90 წუთი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

ნორვეგია. ნახევარმცველ გიორგი გოროზიას "სტაბეკმა" შინ 0:1 წააგო "ჰაუგესუნდთან". ქართველი 58-ე წუთზე შეცვალეს.

ფინეთი. რანგით მეორე ლიგაში "კოკოლამ" გასვლაზე 3:5 წააგო კტპ-სთან. სამიდან ორი გოლი (61-ე და 76-ე წუთებზე) ირაკლი სირბილაძის ანგარიშზეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული