შემდეგ ინფორმაციები დაზუსტდა: მხარეებმა კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს და აბურჯანია ანდალუსიურ კლუბთან 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებდა. გერმანული სამენეჯერო ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტის" მტკიცებით, "სევილიამ" ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერში 1,8 მილიონი ევრო გადაიხადა, საიდანაც 15 პროცენტი აბურჯანიას ყოფილ კლუბს, ფამაგუსტას "ანორთოსისს" ერგო.
ესპანური მედიის მტკიცებით, გიორგი ესპანეთის სამხრეთში მდებარე პროვინციის მთავარ ქალაქში აგვისტოს დასაწყისში ჩავიდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა, რათა 4-წლიანი კონტრაქტი გაეფორმებინა. ამის შემდეგ
diarimes.com-ის ინფორმაციით, აბურჯანიას "სევილია" ოფიციალურად ორშაბათს, 8 აგვისტოს წარადგენდა...
მოკლედ, ყველაფერი შეთანხმებული იყო და ყველა ფორმალური მხარის მოგვარებას ველოდით, მაგრამ გავიდა ეს 8 აგვისტოც და ქართველი ჯერ ისევ ოფიციალურად "ხიმნასტიკის" ფეხბურთელად ითვლება. შევიტყვეთ, რომ 21 წლის ნახევარმცველს ბარიერი შეუქმნა იმან, რამაც ბევრ ქართველს ევროპასა თუ რუსეთში - საქართველოს პასპორტმა.
აბურჯანია ჯერ ვრცელ კომენტარს ერიდება, მაგრამ ის კი გვითხრა, რომ პრობლემა სამუშაო ვიზის გამო შეექმნა და ახლა მის მოგვარებას კლუბი ცდილობს, ხელშეკრულებას კი ამის შემდეგ გააფორმებს. იმედია, ეს საკითხი მალე მოგვარდება.
გიორგი მართლაც "ატლეტიკო სევილიაში" რომ გაუშვან და სეგუნდა დივიზიონში ითამაშოს, ესეც ბევრს არაფერს ცვლის - ევროპალიგის ბოლო სამი გათამაშების გამარჯვებული "სევილიას" ინტერესის სფეროში ქართველი ახალგაზრდის მოხვედრა მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია და იმედია, ტრანსფერი აუცილებლად შედგება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"