ოთარ კაკაბაძე: მინდა, "ხიმნასტიკში" აბურჯანიას გზა გავიარო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ტარაგონას "ხიმნასტიკის" მცველმა ოთარ კაკაბაძემ ესპანურ diaridetarragona-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო თემებზე ისაუბრა.

- ახალ კლუბში თავს როგორ გრძნობ?
- ბედნიერი ვარ. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია ჩემს კარიერაში. ახალი ცხოვრება დავიწყე და კარგი ადამიანები გავიცანი. იმედი მაქვს, ადაპტაციის პერიოდს მალე გავივლი.

- როცა აქ ჩამოხვედი, გუნდში მეორე ქართველი, გიორგი აბურჯანიაც იყო...
- აბურჯანიას მთელი ჩემი ცხოვრებაა ვიცნობ. მასთან ერთად 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში მითამაშია, ახლა კი ეროვნულ ნაკრებშიც. მომენატრება...

აქ ოჯახის გარეშე ძალიან გამიჭირდა, მაგრამ
აბურჯანია და ჩისკო დამეხმარნენ, რომელთან ერთად თბილისის "დინამოში" ვთამაშობდი. ჩისკო ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო იმათგან, ვისაც კი საქართველოში უთამაშია.

- მეორე ქართველი ხარ, რომელმაც "ხიმნასტიკის" მაისური მოირგო...
- ქართველი ფეხბურთელისთვის ესპანეთში მოხვედრა ძალზე რთულია. ამაყი ვარ, რომ დღეს თქვენს ქვეყანაში ვარ.

- როგორ ფიქრობ, ბევრი ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც ესპანურ კლუბში გადასვლა შეუძლია?
- არც ისე. საერთოდ, იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომელიც ევროკავშირის წევრი არაა, მუდმივად ექმნებათ ვიზის პრობლემა. მიუხედავად ამისა, გვყავს ფეხბურთელები ჰოლანდიაში, პოლონეთში, იტალიაში, პორტუგალიასა და საფრანგეთში. ასევე, ქართველები აზერბაიჯანში, რუსეთსა და უკრაინაში თამაშობენ.

- ნება მომეცით, ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე გკითხოთ ესპანეთის ნაკრებთან. როგორი გრძნობა იყო?
- საოცრად წარმოუდგენელი. არ გვჯეროდა. საქართველოში ეროვნული დღესასწაული იყო (იცინის).

- მიუხედავად იმისა, რომ ეს ამხანაგური მატჩი იყო, არ გითამაშია...
- მანამდე ტრავმა მქონდა მიღებული, რის გამოც რამდენიმე თვე გამოვტოვე. კარგ სათამაშო ფორმაში არ ვიმყოფებოდი იმ პერიოდისთვის, ამიტომ მწვრთნელმა ჩემი სათარიგოთა სკამზე დატოვება არჩია.

- რომელიმე ესპანელ ფეხბურთელთან მაისური გაცვალე?
- ვერა და იმიტომ, რომ ისინი მალე გაეშურნენ გასახდელისკენ და ამის არანაირი შანსი არ მქონდა.

- რა გეგმები გაქვს "ხიმნასტიკში" ამ სეზონში?
- აქ სათადარიგოთა სკამზე ჯდომისთვის არ მოვსულვარ. მინდა, "აბუს" გზა გავიარო, ვითამაშო და გუნდისთვის სასარგებლო ვიყო.

- აბურჯანიამ იმდენად კარგად გამოიჩინა თავი, რომ ნახევარ წელიწადში ესპანური გრანდის ინტერესი დაიმსახურა. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია?
- "აბუ" "ხიმნასტიკში" ძალიან მალე განვითარდა. მსურს, მასავით სასარგებლო ვიყო და განვვითარდე.

- ჟერარდ ვალენტინთან სერიოზული კონკურენცია გელის. მზად ხარ?
- ჟერარდი შესანიშნავი ფეხბურთელია და აქ მოსვლისას ვიცოდი, რომ ჩემს პოზიციაზე დიდი კონკურენცია მელოდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გახარე ოთარ, ყველა სურვილი აგიხდინოს უფალმა და გაგეხარებინო საქართველო.
gizog
13:21 11-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული