[ოთხშაბათის საკითხავი] ნაბიჯი წინ და არა უკან... ანუ რით სჯობს "ლეგია" "ვიტესს"?

AutoSharing Option
საფეხბურთო სამყარო უკვე მსჯელობს საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, ვაკო ყაზაიშვილის პოლონურ ტრანსფერზე.

- ოფიციალურად: ვაკო ყაზაიშვილი ვარშავის "ლეგიას" ფეხბურთელია! [VIDEO+PHOTO]

ბევრი მიიჩნევს, რომ "ლეგიაში" გადასვლა უკან გადადგმული ნაბიჯია. პირადად მე ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ვეთანხმები. რამდენი ქომაგიცაა, იმდენი აზრია. ვეცდები, ჩემი აზრი ქვემოთ არგუმენტებით გავამყარო.

მაშ ასე, რატომ სჯობს "ლეგია" "ვიტესს"?

1
"ლეგია" პოლონური ფეხბურთის გრანდია. გუნდი თითქმის ყოველ წელს ხდება პოლონეთის ჩემპიონი. ვაკოსთვის ეს არის შესანიშნავი შანსი ტიტულების მოგებისა. ვფიქრობთ, ის ამ შანსს აუცილებლად გამოიყენებს.

2
"ლეგია" თამაშობს ჩემპიონთა
ლიგაში. ყაზაიშვილი იქნება ერთადერთი ქართველი, რომელიც ევროპის ყველაზე წარმომადგენლობით საკლუბო ტურნირზე ითამაშებს. "ლეგიას" ჯგუფში არიან "რეალი" და "დორტმუნდი" - ესეც დიდებული შანსი ვაკოსთვის. მთლად "რეალზე" თუ არ ვიოცნებებთ, გერმანულ სუპერკლუბზე ფიქრი კი ნაღდად შეიძლება.

3
სხვისი არ ვიცი და, პირადად მე "ლეგია", როგორც გუნდი, აშკარად მირჩევნია "ვიტესს". "ლეგიას" რამდენიმე ფეხბურთელმა ითამაშა პოლონეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე. პოლონელებმა კი როგორ ითამაშეს საფრანგეთში, ეს ყველამ კარგად ვიცით.

4
ზოგადად, პოლონეთის ჩემპიონატი სელექციონერთა დიდი ყურადღების ქვეშაა. ამ პირველობიდან ძალიან ხშირად გადადიან ევროპის ძლიერ საფეხბურთო ჩემპიონატებში. რა თქმა უნდა, იგივე ტენდენციაა ჰოლანდიაში, მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი "მაგრამ" - ჰოლანდიის პირველობიდან წამყვან ევროპულ კლუბში რომ მოეწყო, სასურველია, "აიაქსში", "ფეიენოორდში" ან "პსვ ეინდჰოვენში" თამაშობდე. თუ არა და, სეზონში 30 ან მეტი გოლი უნდა გაიტანო.

პოლონეთში კი "ლეგია" პირველი გუნდია და მისი ფეხბურთელების მიმართ ევროპული კლუბები განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ.

5
ბოლო დროს ყაზაიშვილს "ვიტესის" მწვრთნელისგან ნდობა ისეთი ვეღარ ჰქონდა, როგორიც ადრე. ზუსტად არ ვიცით, რით იყო ეს გამოწვეული. შესაძლოა, ვაკო უკვე გადაიზარდა "ვიტესისთვის" და კარიერაში ახალი გამოწვევა სჭირდება.

6
ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ გუნდში მოხვედრა, სადაც მისი სათამაშო სტილის მოთამაშე ძალიან სჭირდებათ. ვისაც "ლეგიას" მიერ გამართული ბოლო მატჩები უნახავს, უნდა დაგვეთანხმოს - პოლონურ გუნდს ძალიან წაადგება ყაზაიშვილის დარი ტექნიკური ფეხბურთელი.

* * *
ვფიქრობ, საკმარისად ჩამოვთვალე ის მიზეზები, რომლებიც ყაზაიშვილის არჩევანის სასარგებლოდ მეტყველებს. ახლა სუფთა საფეხბურთო ნიუანსებზე ვისაუბროთ.

ვაკოს სჭირდება საერთაშორისო ასპარეზი, სადაც ის ბოლომდე გამოავლენს თავის შესაძლებლობებს. ჩემპიონთა ლიგა საამისოდ საუკეთესო საშუალებაა. "ვიტესის" გასვლა ჩემპიონთა ლიგაში ახლო მომავალში ძნელად სავარაუდოა. არადა, ეს ძალიან გვსურს თუნდაც გურამ კაშიას ფაქტორის გამო.

ჩემპიონთა ლიგა ფეხბურთის ჯადოსნური სამყაროა, რომელშიც ფეხბურთელი ბოლომდე იხსნება. ის სცდება რუტინას, ყოველდღიურ საწვალებელს, რიგით თამაშებს და სრულიად ახლებურად გვანახვებს ხოლმე ამა თუ იმ მოთამაშეს.

ვაკოსთვის ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირი თავისი შესაძლებლობების ბოლომდე წარმოჩენის საშუალებად უნდა იქცეს. ყველა "რეალსა" და "ბარსელონაში" ვერ დაიწყებს თამაშს. შეიძლება "ლეგიაში" დაიწყო და თანდათან მოუმატო.

ყაზაიშვილი ყოველთვის გამორჩეული იყო თავის მართლაც ძალიან კარგ თაობაში, მაგრამ იყო დრო, ამ თაობაში მასზე წინ სხვებს აყენებდნენ. უაღრესად მორიდებულმა და მიზანდასახულმა ახალგაზრდამ წარმატებას ბევრი შრომითა და ძალიან ცოტა ლაპარაკით მიაღწია.

ეს თვისებები ყოველთვის ფასობს ფეხბურთელში და განსაკუთრებით, ქართველ ფეხბურთელში. ყაზაიშვილს ყველა ეს თვისება აქვს და დარწმუნებული ვარ, ის "ლეგიაზე" უკეთეს გუნდშიც ითამაშებს.

ვაკომ ორი რამ უსათუოდ უნდა გაითვალისწინოს: "ლეგიაში" მას არ ეყოლება გურამ კაშია, ვინც მის წინსვლაში მართლაც ლომის წილი დაიდო "ვიტესში" ერთად ყოფნისას. და მეორეც - ადრე თუ გვიან ყაზაიშვილს მოუწევს, ისწავლოს თუნდაც ქართულ მედიასთან საუბარი, რადგან დღევანდელი ფეხბურთი და ფეხბურთელი ამის გარეშე არ არსებობს.

მე ძალიან მომწონს ვაკოს ცხოვრების წესი, მისი სიჩუმე, მაგრამ ხანდახან ჟურნალისტთანაც უნდა ილაპარაკო. მით უმეტეს, როცა არავინაა ჩასაფრებული და მხოლოდ ზადს არავინ ეძებს.

ეს ისე, მცირე გადახვევისთვის. ვაკოს არჩევანი კი მართლაც კარგია!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
მსოფლიოში კარგ ფეხბურთელებზე დიდი მოთხოვნილებაა და რამხელა თანხებს იხდიან.მთავარია იმ დონეზე ითამაშო.სომეხი მხითარიანი მანჩესტერშია.დღეს საქართველოში არცერთი ევროპის დონის ფეხბურთელი არარის.
ჰა ბურთი და ჰა მოედანი
01 სექტემბერი 2016 08:58
0
ამ კამათს მაშინ აქვს აზრი, როცა იცი რომ ძირითადში ადგილი გარანტირებული გაქვს. ძალიან ეჭვი მეპარება, ყაზაიშვილმა ძირითადში ითამაშოს რამდენიმე მატჩის გარდა ამ სეზონში. ჩემპიონთა ლიგაში, საერთოდ არ მოუწევს, ჩემი აზრით.
odala
01 სექტემბერი 2016 07:52
0
რა "ვიტესი" ჰოლანდიის ჩემპიონატი და ფეხბურთი აგონიაშია. უკვე ნორმალური ჰოლანდიელი ახალგაზრდებიც კი არ ჩერდებიან მანდ. მაგალითად "აიაქსის" ქელეხიც გამოდგება რუსებმა რომ გადაუხადეს როსტოვში. სხვებზე ლაპარაკიც კი არ ღირს "პსვ"-ს გარდა ბალაგანია საშუალო დონის. ვერც სანაკრებო დონეზე ვერ ქაჩავენ ყველა ასაკში მეტ-ნაკლებად უჭირთ.
.........
01 სექტემბერი 2016 00:24
0
ლეგია რომ ვიტესს სჯობს ამას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება, ვინც უყურებთ ჰოლანდიის ჩემპიონატს ალბათ დამეთანხმებით რომ ძალიან დაბალი დონეა, გუნდებს მხოლოდ სისწრაფეები აქვთ თორემ ხარისხი 0-ია. არც პოლონური ფეხბურთია რამით განსაკუთრებული, უბრალოდ უფრო მეტი ფიზიკა და სტაბილურობაა, მომავალი პოლონურ ფეხბურთს უფრო აქვს ვიდრე ჰოლანდიურს, რაც შეეხება ვაკოს ჩემი აზრით ძალიან გაუჭირდება, რადგან ჰოლანდიაში შეტევა უფრო ადვილია პოლონეთისგან განსხვავებით
soccer
31 აგვისტო 2016 20:44
0
გიზოგ-ს მართალი ხარ,დიდებიც და საშუალოებიც ადამიანები არიან და ხან დაძუნძულებენ და ხან დაფრინავენ,მაგრამ "ფეხებზემკიდია" ფეხბურთს არასდროს არ თამაშობენ, რასაც სამწუხაროდ,ერთეულების გარდა,ქართველ ფეხბურთელებზე ვერ ვიტყვი
31 აგვისტო 2016 19:26
0
ფეხბურთელები, სხვათა შორის ადამიანები არიან და მათ ხან ჩავარდნა ექნებათ ხან აღმავლობა, ხან იძუნძულებენ ხან იფრენენ და ამაში გასაკვირი არაფერი უნდა იყოს,გადავხედოთ დიდ ფეხბურთელების კარიერას განა ისინი მუდამ ბრწყინავენ?
gizog
31 აგვისტო 2016 19:06
0
სტატიის ავტორს თვითონ თუ ჯერა იმის,რასაც მე-5 პუნქტში ამბობს? გადაიზარდა კი არა, მოედანზე ტყეში დაკარგული, შეშინებული ბავშვივით უაზროდ დადიოდა(ხო,დადიოდა და არა დარბოდა)აქეთ იქეთ.23 წლის უკვე უნდა დაფრინავდეს მინდორზე.
31 აგვისტო 2016 18:29
0
ვერ დავეთანხმები ავტორს კონტრ არგუმენტებიც იმდენია ნუ არ ვიცი რა მაგალითად მაგ პრინციპით ლეგია ლიგაზეა და მხოლოდ ამის გამო არის ეს ტრანსფერი წინ გადადგმული ნაბიჯი არ დაგეთანხმები ლეგია გამოდის პოლონეთის ჩემპიონატში რომელიც ევროპულ ჩემპიონატებში ოცეულშიც არ არის შეგიძლიათ გადაამოწმოთ უეფას კოეფიციენტთა ვებგვერდზე მასე ლუდოგორეციც გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე და დინამო ზაგრები და რა აგამოდის ლუდოგორეცში ან ზაგრებში რომ გადასულიყო ეს იქნებოდა წარმატებული ნაბიჯი რა თქმა უნდა არა უბრალოდ ერთ რამეს ვიტყვი და დავასრულებ როცა ფეხბურთელს ესეთი ბეგრაუნდი გაქ ჰოლანდიის საშუალო დონის კლუბში შენ თუ იქიდან თუ გადახვალ აუცილებლად უნდა გადახვიდე უფრო ძლიერ ჩემპიონატში და არა ჰოლანდიიდან პოლონეთში აი პირიქით რომ მომხდარიყო აი ეს იქნებოდა წინ გადადგმული ნაბიჯი ხომ მიმიხვდით რასაც ვგულისხმობ კონკრეტული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე გამოდის და ამის გამო ეს წარმატებაა გათვალისწინებული უნდა იყოს მთლიანად ჩემპიონატის დონე ვერ დავეთანხმები, ვერცერთ მაგალითს ვერ მომიყვანთ და საუბარსაც ამით დავასრულებ ჰოლანდიის ჩემპიონადიან წარმატებული ფეხბურთელი პოლონეთში ან მსგავსი დონის ჩემპიონატში გადასულიყოს და მასზე წარმატებული ეთქვად ესეთი რამ არ არსებობს შეიძლება როცა კარიერას ასრულებს ფეხბურთელი ის გადავიდეს ჰოლანდიიდან პოლონეთში და უფრო დიდი შანსია რომ ისიც არ გადავიდეს რაზეა ლაპარაკი სად ჰოლანდიის ჩემპიონატი და სად პოლონეთის ჩემპიონატი რომელსაც სხვა რომ არაფერი ვთქვათ რუმინეთის და ხორვატიის ჩემპიონატი მთელი ქულებით უსწრებს.
azurini
31 აგვისტო 2016 18:11
0
კამათი შეიძლება სუყველა აქ მოყვანილ პუნქტზე. მე, მაგალითად არ ვეთანხმები ავტორს, მაგრამ ყველას შეუძლია ქონდეს თავისი მოსაზრება.
baxt
31 აგვისტო 2016 17:24
0
ლეგია ვიტესს ჯობს, მაგრამ მე-5 პუნქტში ნათქვამი: "შესაძლოა, ვაკო უკვე გადაიზარდა "ვიტესისთვის" და კარიერაში ახალი გამოწვევა სჭირდება." ცოტა ხმამაღალი მგონია. რას ნიშნავს გადაიზარდა? თუ ავტორი მწვრთნელის ადგილზე წარმოიდგენს თავს ასეთ ფეხბურთელს (გადაზრდილს) გუნდიდან არ გაუშვებს.
გულშემატკივარი
31 აგვისტო 2016 16:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული