[ოთხშაბათის საკითხავი] ნაბიჯი წინ და არა უკან... ანუ რით სჯობს "ლეგია" "ვიტესს"?

AutoSharing Option
საფეხბურთო სამყარო უკვე მსჯელობს საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, ვაკო ყაზაიშვილის პოლონურ ტრანსფერზე.

- ოფიციალურად: ვაკო ყაზაიშვილი ვარშავის "ლეგიას" ფეხბურთელია! [VIDEO+PHOTO]

ბევრი მიიჩნევს, რომ "ლეგიაში" გადასვლა უკან გადადგმული ნაბიჯია. პირადად მე ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ვეთანხმები. რამდენი ქომაგიცაა, იმდენი აზრია. ვეცდები, ჩემი აზრი ქვემოთ არგუმენტებით გავამყარო.

მაშ ასე, რატომ სჯობს "ლეგია" "ვიტესს"?

1
"ლეგია" პოლონური ფეხბურთის გრანდია. გუნდი თითქმის ყოველ წელს ხდება პოლონეთის ჩემპიონი. ვაკოსთვის ეს არის შესანიშნავი შანსი ტიტულების მოგებისა. ვფიქრობთ, ის ამ შანსს აუცილებლად გამოიყენებს.

2
"ლეგია" თამაშობს ჩემპიონთა
ლიგაში. ყაზაიშვილი იქნება ერთადერთი ქართველი, რომელიც ევროპის ყველაზე წარმომადგენლობით საკლუბო ტურნირზე ითამაშებს. "ლეგიას" ჯგუფში არიან "რეალი" და "დორტმუნდი" - ესეც დიდებული შანსი ვაკოსთვის. მთლად "რეალზე" თუ არ ვიოცნებებთ, გერმანულ სუპერკლუბზე ფიქრი კი ნაღდად შეიძლება.

3
სხვისი არ ვიცი და, პირადად მე "ლეგია", როგორც გუნდი, აშკარად მირჩევნია "ვიტესს". "ლეგიას" რამდენიმე ფეხბურთელმა ითამაშა პოლონეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე. პოლონელებმა კი როგორ ითამაშეს საფრანგეთში, ეს ყველამ კარგად ვიცით.

4
ზოგადად, პოლონეთის ჩემპიონატი სელექციონერთა დიდი ყურადღების ქვეშაა. ამ პირველობიდან ძალიან ხშირად გადადიან ევროპის ძლიერ საფეხბურთო ჩემპიონატებში. რა თქმა უნდა, იგივე ტენდენციაა ჰოლანდიაში, მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი "მაგრამ" - ჰოლანდიის პირველობიდან წამყვან ევროპულ კლუბში რომ მოეწყო, სასურველია, "აიაქსში", "ფეიენოორდში" ან "პსვ ეინდჰოვენში" თამაშობდე. თუ არა და, სეზონში 30 ან მეტი გოლი უნდა გაიტანო.

პოლონეთში კი "ლეგია" პირველი გუნდია და მისი ფეხბურთელების მიმართ ევროპული კლუბები განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ.

5
ბოლო დროს ყაზაიშვილს "ვიტესის" მწვრთნელისგან ნდობა ისეთი ვეღარ ჰქონდა, როგორიც ადრე. ზუსტად არ ვიცით, რით იყო ეს გამოწვეული. შესაძლოა, ვაკო უკვე გადაიზარდა "ვიტესისთვის" და კარიერაში ახალი გამოწვევა სჭირდება.

6
ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ გუნდში მოხვედრა, სადაც მისი სათამაშო სტილის მოთამაშე ძალიან სჭირდებათ. ვისაც "ლეგიას" მიერ გამართული ბოლო მატჩები უნახავს, უნდა დაგვეთანხმოს - პოლონურ გუნდს ძალიან წაადგება ყაზაიშვილის დარი ტექნიკური ფეხბურთელი.

* * *
ვფიქრობ, საკმარისად ჩამოვთვალე ის მიზეზები, რომლებიც ყაზაიშვილის არჩევანის სასარგებლოდ მეტყველებს. ახლა სუფთა საფეხბურთო ნიუანსებზე ვისაუბროთ.

ვაკოს სჭირდება საერთაშორისო ასპარეზი, სადაც ის ბოლომდე გამოავლენს თავის შესაძლებლობებს. ჩემპიონთა ლიგა საამისოდ საუკეთესო საშუალებაა. "ვიტესის" გასვლა ჩემპიონთა ლიგაში ახლო მომავალში ძნელად სავარაუდოა. არადა, ეს ძალიან გვსურს თუნდაც გურამ კაშიას ფაქტორის გამო.

ჩემპიონთა ლიგა ფეხბურთის ჯადოსნური სამყაროა, რომელშიც ფეხბურთელი ბოლომდე იხსნება. ის სცდება რუტინას, ყოველდღიურ საწვალებელს, რიგით თამაშებს და სრულიად ახლებურად გვანახვებს ხოლმე ამა თუ იმ მოთამაშეს.

ვაკოსთვის ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირი თავისი შესაძლებლობების ბოლომდე წარმოჩენის საშუალებად უნდა იქცეს. ყველა "რეალსა" და "ბარსელონაში" ვერ დაიწყებს თამაშს. შეიძლება "ლეგიაში" დაიწყო და თანდათან მოუმატო.

ყაზაიშვილი ყოველთვის გამორჩეული იყო თავის მართლაც ძალიან კარგ თაობაში, მაგრამ იყო დრო, ამ თაობაში მასზე წინ სხვებს აყენებდნენ. უაღრესად მორიდებულმა და მიზანდასახულმა ახალგაზრდამ წარმატებას ბევრი შრომითა და ძალიან ცოტა ლაპარაკით მიაღწია.

ეს თვისებები ყოველთვის ფასობს ფეხბურთელში და განსაკუთრებით, ქართველ ფეხბურთელში. ყაზაიშვილს ყველა ეს თვისება აქვს და დარწმუნებული ვარ, ის "ლეგიაზე" უკეთეს გუნდშიც ითამაშებს.

ვაკომ ორი რამ უსათუოდ უნდა გაითვალისწინოს: "ლეგიაში" მას არ ეყოლება გურამ კაშია, ვინც მის წინსვლაში მართლაც ლომის წილი დაიდო "ვიტესში" ერთად ყოფნისას. და მეორეც - ადრე თუ გვიან ყაზაიშვილს მოუწევს, ისწავლოს თუნდაც ქართულ მედიასთან საუბარი, რადგან დღევანდელი ფეხბურთი და ფეხბურთელი ამის გარეშე არ არსებობს.

მე ძალიან მომწონს ვაკოს ცხოვრების წესი, მისი სიჩუმე, მაგრამ ხანდახან ჟურნალისტთანაც უნდა ილაპარაკო. მით უმეტეს, როცა არავინაა ჩასაფრებული და მხოლოდ ზადს არავინ ეძებს.

ეს ისე, მცირე გადახვევისთვის. ვაკოს არჩევანი კი მართლაც კარგია!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
მსოფლიოში კარგ ფეხბურთელებზე დიდი მოთხოვნილებაა და რამხელა თანხებს იხდიან.მთავარია იმ დონეზე ითამაშო.სომეხი მხითარიანი მანჩესტერშია.დღეს საქართველოში არცერთი ევროპის დონის ფეხბურთელი არარის.
ჰა ბურთი და ჰა მოედანი
08:58 01-09-2016
0
ამ კამათს მაშინ აქვს აზრი, როცა იცი რომ ძირითადში ადგილი გარანტირებული გაქვს. ძალიან ეჭვი მეპარება, ყაზაიშვილმა ძირითადში ითამაშოს რამდენიმე მატჩის გარდა ამ სეზონში. ჩემპიონთა ლიგაში, საერთოდ არ მოუწევს, ჩემი აზრით.
odala
07:52 01-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული