რატომ გაღიზიანდა ლევან მჭედლიძე Sportall.ge-ს ინფორმაციაზე?

AutoSharing Option
რაღა შეხსენება გჭირდებათ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ავსტრიასთან თბილისურ მატჩში "ემპოლის" ფორვარდი ლევან მჭედლიძე ტრავმის გამო (ასეთი იყო ოფიციალური ინფორმაცია) დააკლდა. არადა, ამ მატჩის წინა დღეს "ემპოლიმ" მარიო პროიეტისა და მაურო ლასტრუჩის მემორიალში მიიღო მონაწილეობა და იქ მჭედლიძემაც ითამაშა...

არასტანდარტულ მოედანზე "ემპოლიმ" 6:0 მოუგო "სესას", "ვიტოლინას" კი უფრო მოკრძალებული ანგარიშით, 3:0 აჯობა. ორივე შეხვედრაში ლევან მჭედლიძემ ჯამში 4 გოლი გაიტანა.

მომხდარ ფაქტს გულშემატკივართა შორის აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ცხადია, არც "ემპოლის" თავდამსხმელს დაუტოვებია ეს რეაქცია უპასუხოდ. ის გაღიზიანებული ტონით წერს, რომ
7 აგვისტოს მერე არ უვარჯიშია, რომ ხუთშაბათს (ავსტრიასთან მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე) მხოლოდ მსუბუქად დაიტვირთა და ფორმაში შესასვლელად დაბალი ლიგის გუნდთან ითამაშა, რომ ავსტრიასთან 5 წუთის სათამაშოდაც არ იყო მზად და, რაც მთავარია - საქართველოსთვის უარს არასოდეს იტყვის!

თემა, თავისი არსით, იმდენად მნიშვნელოვანია, საჭიროდ მიგვაჩნია, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ. ისიც კარგად გვესმის, რომ ზოგი დაგვეთანხმება და ზოგი არა, მაგრამ ეს ხომ ფეხბურთია - სანამ ის არსებობს, ყოველთვის იარსებებს აზრთა სხვადასხვაობა. კამათი უხდება ფეხბურთს...

* * *
ფაქტია, მჭედლიძემ ითამაშა "ემპოლის" შემადგენლობაში. ითამაშა, მაგრამ ჩვენ კარგად უნდა დავაკვირდეთ, რა მატჩი იყო ეს - ამხანაგური, ყოველგვარ სატურნირო დაძაბულობას მოკლებული შეხვედრები, რომელთაც არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ეს ისეთი ხასიათის მატჩები იყო, ფეხბურთელისთვის იდეალური რომაა ფორმაში შესასვლელად. იყო ამხანაგურ მატჩში სათამაშოდ მზად, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სანაკრებოდაც მზად ხარ.

თანაც, ჩემი ღრმა რწმენით, მჭედლიძე არ მიეკუთვნება იმ ფეხბურთელთა კატეგორიას, რომლებიც შეგნებულად აცდენენ ეროვნული ნაკრების მატჩებს. დიახ, ჩვენდა სამწუხაროდ, ქართულ ფეხბურთში ასეთი პრეცედენტებიც ყოფილა, მაგრამ ეს მჭედლიძეზე ყველაზე ნაკლებად ითქმის.

მაგრამ ახლა კენჭი მის ბოსტანშიც უნდა ვისროლოთ. "გენიოსო ჟურნალისტო" - ასე მიმართავს ის იმ ქართველ ჟურნალისტს, ვინც ეს ამბავი იტალიურ საინფორმაციო ზღვაში იპოვა და Sportall.ge-სთვის ქართულად გადმოთარგმნა.

- ლევან მჭედლიძემ "ემპოლის" ორ ამხანაგურ მატჩში 4 გოლი გაიტანა

"გენიოსო ჟურნალისტო, რეიტინგისთვის ყველაფერს რომ აკეთებ" - ასე იწყება მისი გზავნილი. მე ვერ მივხვდი, რა გააკეთა აქ ჟურნალისტმა რეიტინგისთვის? რა, არ უნდა დაეწერა, ქართველ ფეხბურთელს იტალიაში, თუნდაც ამხანაგურ, არაოფიციალურ შეხვედრაში გოლები რომ გააქვს?

Sportall.Ge

არაერთხელ წავიკითხე ის ინფორმაცია (ალბათ, მჭედლიძეც ამ ინფორმაციის გამოა გაღიზიანებული და სხვა წერილს არ გულისხმობს). იქ არსად წერია იმის თაობაზე, რომ მჭედლიძემ ტრავმა მოიმიზეზა და სანაკრებო მატჩი თავიდან აიცილა.

მაშ, რა არის აქ გასაღიზიანებელი? იქ გადმოთარგმნილია ფაქტობრივი "ნიუსი" იტალიურიდან და მორჩა, სულ ესაა.

ამის უფლებას (და ბევრი სხვა რამისაც) ჟურნალისტს ვერავინ წაართმევს. შე დალოცვილო, რაღა უარყოფითი კუთხით უყურებ, დადებითით შეხედე - გოლები გაიტანე თუნდაც ამხანაგურ შეხვედრაში და, განა, ეს ეწყინება ვინმეს? გვესმის, ოფიციალურ თამაშებში გატანილ გოლებს რომ აღვწერთ, იმის წაკითხვა გირჩევნიათ, მაგრამ... თქვენ გაიტანეთ და, ვინ ოხერი დაგამადლით?!

ყველაზე დიდი ნეგატივი ამ ამბავში ის არის, რომ მჭედლიძე, დიდი ალბათობით, იტალიელ ჟურნალისტზე ვერასოდეს დაწერს იმას, რაც ჩვენებურზე დაწერა. ამხელა ირონიით ვერ დაწერს.

დაბოლოს, ჩვენი აზრი ესაა: სანაკრებო შეკრების დროს ყველა ფეხბურთელი, რომელიც ეროვნულ გუნდშია გამოძახებული, ტრავმირებულიც და სრულიად ჯანმრთელიც, თბილისში უნდა ჩამოვიდეს და გუნდთან ერთად იყოს. ამაზე არაერთხელ დაგვიწერია და დროა, ფეხბურთის ფედერაციამ ამ საკითხს ბეჭედი დაუსვას. მოდი, ნაკრების სამედიცინო შტაბმა შეამოწმოს ყველა მოთამაშე და თავად გამოიტანოს ვერდიქტი.
ამას მჭედლიძის თაობაზე არ ვწერ. მე მისი გულწრფელად მჯერა, მაგრამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ყოველთვის ყველა ეჭვზე მაღლა უნდა დადგნენ...

მართლა საინტერესოა, რას ფიქრობს ამ მნიშვნელოვან საკითხზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 41 /
კარგით ახლა. რა პათოსითაც იყო ნაწერი მშვენივრად ჩანდა.
giorgi
13:27 09-09-2016
0
იცოდა რომ მაინც წააგებდნენ და ტყუილა რატომ უნდა გარჯილიყო ბიჭი?
ირაკლი
13:32 09-09-2016
0

სიახლეები პოპულარული