izvestia: საბა კვირკველია ზამთარში "კრასნოდარში" გადავა

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" ქართველი მცველი საბა კვირკველია ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "კრასნოდარში" გადავა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა izvestia.ru იუწყება.

ვებგვერდის ცნობით, ზამთარში 24 წლის კვირკველია, დიდი ალბათობით, კლუბს შეიცვლის და ეს ახალი კლუბი "კრასნოდარი" იქნება.

"კრასნოდარი" აქტიურ მოლაპარაკებებს მართავდა "რუბინთან" კვირკველიას ტრანსფერთან დაკავშირებით", - აღნიშნავს გამოცემის წყარო კლუბში. - ზაფხულში კრასნოდარელებმა ძირითადი შემადგენლობის ცენტრალური მცველი, ისლანდიელი რაგნარ სიგურდსონი გაყიდეს და მსგავსი ამპლუის ფეხბურთელი სტეფან სტრანდბერგი იჯარით გაუშვეს.

ამასთან ერთად, "კრასნოდარმა" "სპორტინგის" ბრაზილიელ მცველთან, ნალდო ფერეირასთან გააფორმა კონტრაქტი, ხოლო დარჩენილ ვაკანტურ ადგილზე
"კრასნოდარს" კვირკველიას მოყვანა სურდა, თუმცა მხარეეები საკომპენსაციო თანხაზე ვერ შეთანხმდნენ.

მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებები გრძელდება და "კრასნოდარში" დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი კლუბს შეიცვლის".

გარდა "კრასნოდარისა", "რუბინთან" აქტიურ მოლაპარაკებას "როსტოვი" მართავდა.

"ზაფხულში კვირკველიას მიმართ პირადი ინტერესი ჰქონდა კურბან ბერდიევს", - განაგრძობს წყარო. - მწვრთნელს ბაშტუტის წასვლის შემდეგ პრობლემური პოზიციის შევსება სურდა. როსტოველებს ქართველის იჯარით აყვანა სურდათ, მაგრამ "რუბინმა" უარი უთხრა მათ სერდარ აზმუნთან დაკავშირებული უსიამოვნო ისტორიის გამო".

გამოცემამ კომენტარისთვის ყაზანურ კლუბს მიმართა, თუმცა კლუბში აღნიშნულ ინფორმაციებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

"რუბინის" ყოფილმა მწვრთნელმა რინატ ბილალეტდინოვმა, რომელიც კვირკველიას წვრთნიდა, izvestia.ru-სთან" საუბარში აღნიშნა, რომ მისი ყოფილი შეგირდი კარგად შეეწყობოდა "კრასნოდარს".

"ვერ ვხედავ ვერაფერს გასაოცარს იმაში, რომ "კრასნოდარს" საბას მიმართ ინტერესი გააჩნია. როცა "რუბინის" მწვრთნელი ვიყავი, კვირკველიას მიმართ ინტერესს რუსეთის პრემიერლიგის ტოპ-კლუბები და რამდენიმე ევროპული გუნდი იჩენდა.

სხვა გუნდში გადასვლა კვირკველიას კარიერისთვის ბრწყინვალე ვარიანტი იქნებოდა. ის მაღალი დონის ფეხბურთელია და ვერ ვიგებ, რითი არიან უფრო ძლიერები სხვა ფეხბურთელები, რომლებიც ახლა "რუბინის" ძირითადში თამაშობენ, მაგრამ ეს უკვე ჩემი საქმე არ არის. შესაძლოა, იქ ახალი სერხიო რამოსი გაჩნდეს, ვნახოთ.

რაც შეეხება კვირკველიას გადასვლას "კრასნოდარში", ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ ტრანსფერი შედგება. "კრასნოდარმა" ორი ცენტრალური მცველი დაკარგა, ხოლო რუსეთის პრემიერლიგაში ადაპტირებული მცველის შეძენა მათთვის იდეალური ვარიანტი იქნება. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ გუნდი ორ ფრონტზე (ჩემპიონატი და ევროპის ლიგა) იბრძვის".

აქვე გეტყვით, რომ 24 წლის ქართველი მცველი "რუბინში" 2011 წლიდან თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში მან 110 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კვირკველიას კონტრაქტი "რუბინთან" 2019 წლის ივნისამდე მოქმედებს.

რუსული ვებგვერდის ინფორმაციით, ექსპერტების მონაცემებით, საბა კვირკველიას სატრასფერო ფასი დაახლოებით 4.5 მილიონი ევროა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საბა არ შეცდე!!
svani
12:42 12-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული