მაშ ასე, ჩვენ გთავაზობთ 8 ქართველ ლეგიონერს, რომელთაც, ჩვენი აზრით, ყველაზე მეტად გამოიჩინეს თავი სექტემბერში და არჩევანი თქვენზე მოგვინდვია.
ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი)
24 წლის. 3 თამაში, 1 გოლი
ჯანოს მეტად ნაყოფიერი სტარტი ჰქონდა რუსეთის ჩემპიონატში, როცა მან ივლის-აგვისტოში 3 გოლი შეაგდო, რასაც ერთი ევროთასებზე დაუმატა. შემდეგ იყო გოლი ავსტრიის
გაგრძელება ასეთივე კარგი აღარ მოჰყოლია, თუმცა ეს იმითაც არის განპირობებული, რომ მწვრთნელმა ქართველი ნახევარმცველი სანაკრებო პაუზის მერე "ლოკომოტივთან" დერბიში დაასვენა (ასევე თასის მატჩში), ხოლო "ზენიტთან" მხოლოდ ბოლო 20 წუთი ითამაშა. ქართველმა თავი მაინც გამოიჩინა, სტუმრად "ორენბურგთან" პრომესის პასით შეაგდო.
ვალერიან გვილია (ბატე, ბელორუსი)
22 წლის. 5 თამაში, 3 გოლი
ეროვნული ნაკრების ახალი აღმოჩენა. ის ბრწყინვალედ თამაშობს კლუბშიც. ხუთ შეხვედრაში გვილიამ 3 გოლი გაიტანა, 2 ჩემპიონატში და ერთიც თასზე. განსაკუთრებით დაჩაგრა ჩვენებურმა "ისლოჩი", რომელსაც ჯერ თასზე გაუტანა და შემდეგ ჩემპიონატშიც. საკლუბო დონეზე მას ბოლო სამი მატჩია, გოლი გააქვს. გვილიას ამ სერიის გაგრძელების შანსი აქვს.
გიორგი ლორია ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი)
30 წლის. 5 თამაში
მართალია, მისი გუნდი რუსეთის პრემიერლიგაში დიდად ვერ ყოჩაღობს, მაგრამ ლორია გუნდში ამ თვეში საუკეთესო იყო. "ლოკომოტივთან" მან ისე ითამაშა, რომ ტურის სიმბოლურში მოხვდა (პენალტიც კი მოიგერია). რუსულმა მედიამ გამოარჩია მისი "სეივი" ცსკა-სთანაც. "სპარტაკთან" მატჩის მერე (ასევე სიმბოლური) რუსული მედია "კრილიას" ხელმძღვანელობას მოუწოდებდა, ლორიას ძეგლი დაუდგითო. ბოლოს კი წამოტივტივდა თემა, რომ ქართველი გოლკიპერი უკეთეს გუნდს იმსახურებს, მაგალითად, "ზენიტს". მოკლედ, ლორიას, საფეხბურთო თვალსაზრისით, დიდებული თვე ჰქონდა.
გიორგი ჭანტურია ("ურალი", რუსეთი)
23 წლის. 5 თამაში, 2 გოლი
გიორგის გადაწყვეტილებას, ძირითადად, სკეპტიკურად შეხვდნენ, გერმანიის მერე რუსეთში კარიერის გაგრძელება უკანდახეულ ნაბიჯად ჩაითვალა. თუმცა ქართველი შემტევი ნელ-ნელა გაუშინაურდა "ურალს" და სათასო შეხვედრაში "ჩელიაბინსკთან" დუბლიც შეასრულა. "ტომთან" მატჩში მის ანგარიშზე უკვე საგოლე პასია (კუთხურიდან). წინა სანაკრებო პაუზასთან შედარებით პროგრესი აშკარაა.
შოთა გრიგალაშვილი ("ირტიში", ყაზახეთი)
30 წლის. 5 თამაში 2 გოლი
ვეტერანი ნახევარმცველი გუნდში გოგიტა გოგუას შემცვლელად მოიყვანეს და მანაც გაამართლა მოლოდინი. ამ თვეში მის ანგარიშზე ორი გოლია, ერთი კახა ცხადაძის "ქაიარათის" კარში.
დავით ხოჭოლავა ("ჩერნომორეცი", უკრაინა)
23 წლის. 4 თამაში
მცველი ნაკრებს ტრავმის გამო გამოაკლდა, კლუბში კი დიდებული პერიოდი ჰქონდა. საკმარისია აღინიშნოს, რომ 4 შეხვედრაში "ჩერნომორეცმა" მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა და უკრაინული მედია ამის მთავარ "დამნაშავედ" ჩვენებურს ასახელებს. ორჯერ ტურის სიმბოლურში შეიყვანეს, მერე კი თვის სიმბოლურშიც.
დავით სხირტლაძე ("სილკებორგი", დანია)
23 წლის. 5 თამაში, 2 გოლი
ახალგაზრდა ფორვარდი ეროვნულ გუნდს გაუშინაურდა. ამ პერიოდში მან დანიის ჩემპიონატშიც კარგად ითამაშა, "ოლბორგის" კარში მან დუბლი შეასრულა, ხოლო "სონდერისკესთან" საგოლე პასი მიითვალა.
გიორგი მერებაშვილი ("პლოცკი", პოლონეთი)
30 წლის, 4 თამაში 2 გოლი
მერებაშვილმა პოლონეთის არცთუ სუსტ პირველობაზე ამ პერიოდში ორი გოლი მიითვალა. მას ჩემპიონატში 9 მატჩში უკვე 3 გოლი აქვს გატანილი. ჩვენებურმა ბოლოს ორი "ვისლას" ჯახში კრაკოველებს გაუტანა.
8 ნომინანტს შორის ვერ მოხვდნენ, თუმცა აღსანიშნავია ასევე გურამ კაშიას (ვიტესი) თამაში, ირაკლი შეყილაძის (ტუტოკუოიო) და ირაკლი სირბილაძის (კპვ) პროდუქტიულობა. ნელ-ნელა "კრასნოდარში" დაიწყო თავის გამოჩენა თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელიც სანაკრებო მატჩებში საუკეთესო იყო...
ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ - ვის მიიჩნევთ სექტემბრის საუკეთესო ქართველ ლეგიონერად?