ოდესის "ჩერნომორეცის" დაცვა და მთლიანად ეს გუნდი უკვე წარმოუდგენელია ხოჭოლავას გარეშე.
შემთხვევითი არ არის, რომ იქაური მედია ყოველთვის აღმატებულ ხარისხში წერს ჩვენებურზე.
უნივერსალი ხოჭოლავა, რომელსაც საქართველოში ერთ დროს თავდამსხმელადაც კი ათამაშებდნენ, შესანიშნავად მოერგო ცენტრალური მცველის რთულ ამპლუას. "ჩერნომორეცი" ძალიან ცოტა გოლს უშვებს და ამაში "დამნაშავე", დიდწილად, ქართველი ლეგიონერიცაა.
უკრაინის ჩემპიონატში "ჩერნომორეცი"
მოკლედ, ხოჭოლავას პროგრესი თვალსაჩინოა და ეს არც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვლადიმირ ვაისს გამოჰპარვია, რომელმაც ფეხბურთელს ქვეყნის უპირველეს გუნდში უხმო.
რა თქმა უნდა, "ჩერნომორეცი" ტრადიციული უკრაინული კლუბია, თუმცა თავად ხოჭოლავაც დაინტერესებული უნდა იყოს იმით, რომ ადრე თუ გვიან ძალები უფრო მაღალი დონის გუნდში მოსინჯოს.
როგორც შევიტყვეთ, ხოჭოლავას გადაბირებით რუსული პრემიერლიგის "ამკარია" დაინტერესებული. სანდო წყარომ, ვინც ეს ინფორმაცია გაგვიმხილა, ისიც დაამატა, რომ პერმული კლუბი ერთადერთი არ არის, რომელსაც ქართველი მცველის შეძენა სურს.
"ამკარს" ისეთი სპეციალისტი უდგას სათავეში, ქართველ ფეხბურთელებს კარგად რომ იცნობს - გაჯი გაჯიევი, ვისაც სხვადასხვა დროს ბევრ ჩვენებურ მოთამაშესთან უმუშავია.
გარდა ამისა, "ამკარში" თამაშობს მცველი გიორგი ჯიქია, რომელიც ამ დროისთვის რუსეთის მოქალაქეა, თუმცა სულაც არ არის გამორიცხული, მალე ჩვენი ეროვნული ნაკრების მაისურა მოირგოს...
შეგახსენებთ, რომ "ჩერნომორეცი" ხოჭოლავასთვის პირველი უცხოური კლუბია. მანამდე ის თამაშობდა "სასკოში", "ოლიმპში", თბილისის "დინამოში", ფოთის "კოლხეთსა" და ქობულეთის "შუქურაში" (საუკეთესო თვისებები სწორედ ამ კლუბში გამოავლინა).
მის აღზრდაში დიდი წვლილი შეიტანა ამჟამად თბილისის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა. სხვადასხვა დროს ხოჭოლავა საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ღირსებასაც იცავდა. ის იმ თაობიდანაა, რომელსაც ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ჭანტურია, დავით სხირტლაძე და სხვები წარმოადგენენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"