"მარსელში" ამიტომ ვერ გადავედი - ინტერვიუ თორნიკე ოქრიაშვილთან

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "კრასნოდარის" ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა რუსული კლუბის პრესსამსახურს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

- თორნიკე, მოგვიყევი დაბადების ადგილის შესახებ...
- ჩემი მშობლიური ქალაქი თბილისია. სწორედ იქ დავიბადე და გავიზარდე.

- რამდენი წლის იყავი, როცა ფეხბურთზე შეხვედი?
- ექვსის. ეს "ოლიმპის" საფეხბურთო სკოლა იყო, რომელიც ჩემს სახლთან ახლოს იყო. იქ პირველად მამამ მიმიყვანა.

- ალბათ, მამაშენი შენი საფეხბურთო გულშემატკივარია...
- კი, მას ფეხბურთი ძალიან უყვარს. მაგრამ არა მხოლოდ მას - დედაჩემიც გულშემატკივარია. ასევე ჩემი ძმაც, რომელიც 4 წლით ჩემზე უფროსია.
ის იმავე სკოლაში ვარჯიშობდა და თამაშობდა, სადაც მე. სამწუხაროდ, მუხლის სერიოზული ტრავმის გამო მას ფეხბურთისთვის თავის დანებება ნაადრევად მოუწია.

- პატარაობისას რომელ პოზიციაზე თამაშობდი?
- პატარა ასაკიდანვე ფორვარდის უკან ვთამაშობდი. ზოგჯერ ფორვარდის როლს ვასრულებდი, ზოგჯერ კი ისე ხდებოდა, რომ მარცხენა ფლანგზე ვთამაშობდი. არასდროს მითამაშია მარჯვენა ფლანგზე და მცველად. არც მეკარე ვყოფილვარ (იცინის).

- ვინ იყო შენი საფეხბურთო კუმირი?
- რონალდო - ფენომენი. ბრაზილიელი ფორვარდი მაშინ მსოფლიოში საუკეთესო იყო.

- დონეცკის "შახტარი", როგორც წესი, ფეხბურთელებს ბრაზილიაში ეძებს. როგორ აღმოჩნდი ამ კლუბში?
- სკაუტებს იქ 17 წლის ასაკში მივყავდი, მაგრამ კანონის მიხედვით, 18 წლამდე "შახტარს" ჩემთან კონტრაქტის გაფორმების უფლება არ ჰქონდა. როგორც კი 18 წელი შემისრულდა, დონეცკიდან დამირეკეს. მაშინ "გაგრასთან" ერთად საქართველოს უმაღლეს ლიგაში ვთამაშობდი. ისინი კლუბის პრეზიდენტს დაუკავშირდნენ, ისიც დათანხმდა ჩემ გაშვებას. ნივთები ჩავალაგე და "შახტარში" გავემგზავრე.

- "შახტარში" დიდი კონკურენციის გამო ვერ ითამაშე?
- კი, 18 წლის ვიყავი, კონკურენცია კი ძალიან დიდი იყო. თუმცა ისეთი ფეხბურთელების გვერდით ვარჯიშმა, როგორებიც დუგლას კოშტა, ვილიანი, ფერნანდინიო არიან, ბევრი რამ მომცა. ახლა ისინი ევროპულ გუნდებში გუნდის წამყვანი ფეხბურთელები არიან, მაშინ კი "შახტარის" ღირსებას იცავდნენ.

მოგვიანებით, სათამაშო პრაქტიკის გამო ორწლიანი იჯარით "ილიჩევეცში" ვითამაშე, შემდეგ 1 წელი - "ჩერნომორეცში".

- ბევრი რამ არ ვიცით ბელგიის ჩემპიონატზე, სადაც "გენკში" ითამაშე...
- ბელგიაში ფსონს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებენ. ფეხბურთი იქ ძალიან სწრაფი და შემტევია. ყველა ფეხბურთელი თავის წარმოჩენას ცდილობს, რადგან ბელგიაში ყოველთვის ბევრი სკაუტია და ალბათობა იმისა, რომ ძლიერ გუნდში მიგიწვევენ, დიდია.

- უკრაინა, ბელგია, რუსეთი - რომელი ჩემპიონატია უფრო ძლიერი?
- ცხადია, რუსეთის. ბელგიასა და უკრაინაში 3-4 კლუბია, რომლებიც მედლებისთვის იბრძვიან, დანარჩენები კი ბევრად ჩამორჩებიან მათ. რუსეთშიც არიან ტრადიციული ფავორიტები, მაგრამ აქ ფეხბურთელთა დონეც მაღალია და ყველა სუსტ გუნდს შეუძლია ძლიერ გუნდთან 3 ქულის მოპოვება.

- "კრასნოდართან" კონტრაქტი სატრასფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ გააფორმე. როგორ მოხდა ეს?
- "მარსელს" ყველა დეტალზე შევუთანხმდი, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 2 დღით ადრე კლუბის პრეზიდენტი შეიცვალა, რომელმაც ჩემს ტრანსფერს ვეტო დაადო და ამ პოზიციაზე სხვა ფეხბურთელი მიიყვანა.

"გენკმა" თავისუფალი აგენტის სტატუსი მომანიჭა. ეროვნულ ნაკრებში ვითამაშე და შემდეგ შევხვდი ვლადიმირ ხაშიგს, რომელმაც "კრასნოდარში" გადასვლა შემომთავაზა.

დავთანხმდი, რადგან ალექსანდრე ამისულაშვილისგან, ოთარ მარცვალაძისა და ნუკრი რევიშვილისგან ამ კლუბზე ბევრი კარგი მსმენია. ამისულაშვილმა მითხრა: "გაგიმართლა, არც კი დაფიქრდე".

- ამისულაშვილს როგორ მისდის საქმეები - "კრასნოდარის" პირველ კაპიტანს რუსეთის პრემიერლიგაში?
- კარგად. სანაკრებო კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა, მაგრამ თამაშს თბილისის "დინამოში" აგრძელებს. მუდმივად მოკითხვას უგზავნის კრასნოდარში იმათ, ვისაც ის ახსოვთ. ყოველთვის ძალიან თბილად მოიხსენიებს კლუბსა და ქალაქს.

- "კრასნოდარში" 70 ნომერი აირჩიე. ის შენთვის რამეს ნიშნავს?
- ჩემი საყვარელი ნომერი 10-ია, მაგრამ ის დაკავებულია. 70 კი ცოტათი 10-ს ჰგავს (იცინის).

- ნაკრებში ზუსტად 10-ნომრიანი მაისურით თამაშობ. დიდი ხანია ეს ნომერი გაქვს? გმატებს თუ არა ის დამატებით პასუხისმგებლობას?
- თითქმის 1 წელია, თანაც მე არ მითხოვია - თავად მომცეს. ალბათ იცოდნენ, რომ მომწონდა (იცინის). სხვათა შორის, ადრე 10-ნომრიანი მაისური ჯანო ანანიძეს ჰქონდა.

ეს ნომერი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ყოფნას მაიძულებს. ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ ყველა შეხვედრაში მაქსიმუმი უნდას გაიღო და ამტკიცო, რომ "ათიანის" ღირსი ხარ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სხვას მისცემენ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ყველაზე დიდი ნიჭი შრომისმოყვრეობააო-ს ვეთანხმები. განწყობასაც მიქმნის და უაზრო მატრაბაზობაზაც ვემიჯნები.
haha
17:35 09-11-2016
0
ყველაზე დიდი ნიჭი შრომისმოყვარეობააო ნათქვამია-ს. ტიპო!!!! განწყობას რატომ გვიფუჭებ ყაზილარო ააააააააააააააა!!! შედი რა ბუტკაში.
guro
16:39 09-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული