"ზამთარში ამ ნახევარმცველს პორტუგალიაში გადასვლა შეეძლო. ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა და უკრაინული პასპორტის მქონე ქართველმა "მინსკში" გადასვლა გადაწყვიტა.
ყველა თამაშამდე და მ
მისი მინუსი ის არის, რომ კარში იშვიათად არტყამს - მატჩის დროს საშუალოდ 1.5-ჯერ. სამაგიეროდ, "სტანდარტებს" შესანიშნავად ასრულებს".
ახლახან, "ტრიბუნამ" ვაკო გვილიას ინტერვიუ ჩამოართვა, საიდანაც გასაგები ხდება, როგორ გადაიქცა უცნობი ფეხბურთელი სულ რაღაც ერთი წელიწადში საკუთარი ქვეყნის ნაკრებისთვის მნიშვნელოვან ფიგურად.
ინტერვიუ ძალიან ვრცელი იყო და ამიტომ, მხოლოდ მის ყველაზე მნიშვნელოვან ფრაგმენტებს გთავაზობთ...
* * *
"ბატე-ს ყველაზე მართალი ლეგიონერი" - ასეა დასათაურებული წერილი, რომლის ავტორიც წერს: "ვაკო გვილია ბორისოვის ბატე-ს ბაზაზე, დუდინკაში ცხოვრობს, ინდივიდუალურად მწვრთნელთან ემზადება და ტოპ 5-ის რომელიმე ლიგაში თამაშზე ოცნებობს. ახლახან ცნობილი გახდა, რომ 22 წლის პერსპექტიული ნახევარმცველით ბუნდესლიგის გუნდი დაინტერესდა".
ჟურნალისტი დაინტერესდა, რატომ ზეიმობდა ვაკო გვილია ბელარუსის ჩემპიონობას საქართველოს დროშით?
"პერფორმანსი დროშით წინასწარ მოვამზადე. ევროპალიგის ფინალის დაჯილდოების შემდეგ ასე გააკეთა ჯაბა კანკავამ. ის ჩემთვის დიდი მაგალითია - როგორც ადამიანი და როგორც ფეხბურთელი...
იცით, მიყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა, მეამაყება მისი ტრადიციები. ამიტომ, სადაც შესაძლებელი იქნება, საქართველოს შესახებ ყველგან აღტაცებით ვილაპარაკებ. თავი პატრიოტად მიმაჩნია და რადგან საქართველო მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სახელმწიფო არ არის, მინდა, ყველამ გაიცნოს", - ამბობს გვილია.
ბატე-ს ქართველი ლეგიონერი იხსენებს, რა განიცადა, როცა საქართველოს ნაკრებიდან დაუკავშირდნენ:
"არანორმალურად ბედნიერი ვიყავი. თუმცა, ერთია მიწვევა, ეროვნულ ნაკრებში თამაში კი - სრულიად სხვა განცდაა. ვცდილობდი, რომ განწყობა შემექმნა არა მხოლოდ შეკრებაზე მისასვლელად და ძლიერი ფეხბურთელების გვერდით სავარჯიშოდ, არამედ, შევეცადე, დამემტკიცებინა მწვრთნელთა შტაბისთვის, რომ ქვეყნის მთავარ გუნდში თამაშის ღირსი ვიყავი და მას სარგებლობას მოვუტანდი.
საბოლოოდ, ყველაფერი საუკეთესოდ გამოვიდა - ბიჭები ძალიან კარგად დამხვდნენ და ადაპტაციის გავლა არ დამჭირვებია. მქონდა განცდა, რომ მთელი ცხოვრება ნაკრებში ვთამაშობდი.
ირლანდია-უელსთან შეხვედრებში მონაწილეობა დიდი სიამოვნება იყო. მოედანზე ნაკრების ფორმით რომ გავედი, ჩემი ცხოვრების ოცნება ავისრულე და მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი კაცი ვიყავი. საქართველოს ჰიმნის შესრულებისას თვალებზე ცრემლები მომადგა და მთელი ცხოვრება თვალწინ დამიტრიალდა.
ჩემთვის უდიდესი პატივია, ქვეყანას საერთაშორისო დონეზე რომ წარმოვადგენ. ბუნებრივია, ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ბევრმა ადამიანმა მომილოცა. ვცდილობდი, ინტერნეტისგან თავი შორს დამეჭირა და სიახლეებს არ გავცნობოდი. ვვარჯიშობდი და უელსთან სამატჩო განწყობას ვიქმნიდი. სოციალურ ქსელში მხოლოდ მატჩის შემდეგ შევედი და ვნახე, რომ ასზე მეტი წერილი იყო მოსული".
გვილიას ჰკითხეს, როგორ მოიქცეოდა ზინედინ ზიდანის ადგილზე, რომელმაც 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მარკო მატერაცის მკერდში თავური ჩასცხო:
"შესაძლოა, მეც ასე მოვქცეულიყავი. ყველაფერი ოჯახიდან იწყება. ჩემთვის მშობლები წმინდა ადამიანები არიან. მათ ჩემთვის ყველაფერი გააკეთეს, გული და სული მომცეს.
საერთოდ, თავის ოჯახს ყველა ქართველი აფასებს. სექტემბერში ჩემი მშობლები მეწვივნენ და "ბორისოვო არენაზე" მივიწვიე, სადაც ჩვენ ვთამაშობდით. ამ დღეს მამაჩემის დაბადების დღე იყო. ძალიან მინდოდა, სწორედ იმ მატჩში გამეტანა გოლი.
საგანგებოდ, ფორმის შიგნით მაისურა ჩავიცვი ქართული წარწერით - "მამა, გილოცავ"! მადლობა ღმერთს, გავიტანე და ჩანაფიქრი ავისრულე. მშობლები ჩემს გამო უზომოდ ბედნიერები იყვნენ".
ახლა კი თემაზე, რომელიც ყველა დამწყებმა მოთამაშემ უნდა წაიკითხოს. გვილია ჰყვება, რატომ გადაწყვიტა ბატე-ს ბაზაზე ცხოვრება:
"აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ. იმავეს ვაკეთებდი ყველა კლუბში, სადაც კი მითამაშია და ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა. როცა ბაზაზე ცხოვრობ, შენს პროფესიულ განვითარებას უფრო მეტი დროს უთმობ. ნებისმიერ დროს შემიძლია ტრენაჟორების დარბაზში ან აუზზე შესვლა. შემიძლია ბურთი ავიღო და ვივარჯიშო ჯარიმების შესრულებაზე ან უბრალოდ ტექნიკაზე წავიმუშაო.
ჩემს ზოგიერთ თანაგუნდელს უკვირს - არ გეშინია, ბაზაზე მარტო დარჩენილი ჭკუიდან რომ გადახვიდეო? მაგრამ ამაზე უბრალოდ მეღიმება. ისიც პლუსია, რომ რეჟიმს ყოველდღიურად ვიცავ და უკვე 9-10 საათზე ვიძინებ. გართობა თუ მინდა, უპრობლემოდ შემიძლია მინსკში ან ბორისოვოში ჩასვლა. მაგრამ ამას იშვიათად ვაკეთებ, მხოლოდ ფეხბურთზე ვარ კონცენტრირებული.
ჩემთვის ერთ-ერთი პატივსაცემი ფეხბურთელი ჰენრიხ მხითარიანიც სულ ბაზაზე ცხოვრობდა და ფიქრობდა, უკეთესად როგორ ეთამაშა. სპორტში მიზნის მისაღწევად რაღაც აუცილებლად უნდა დათმო. დიახ, ბაზაზე მარტო ვცხოვრობ, მაგრამ სულაც არ ვარ მოწყენილი".
აღმოჩნდა, რომ გვილიას პირადი მწვრთნელი ჰყოლია:
"ის ზაპოროჟიეში გავიცანი. მაშინ ძალიან სუსტი ვიყავი და ღონიერ მეტოქესთან ორთაბრძოლებში შანსი არ მქონდა. მაგრამ არავის არაფერს ვუთმობდი და ჩემი ეს ჟინი რომ დაინახა, თანამშრომლობა შემომთავაზა.
დავიწყეთ მუშაობა და არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ, ფსიქოლოგიურადაც საგრძნობლად გავიზარდე. მირჩევს, მატჩისთვის ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სწორად როგორ მოვემზადო და თამაშის შემდეგ ძალები როგორ აღვიდგინო. რაც ყველაზე მთავარია, ეს კაცი პრიორიტეტების სწორად შერჩევასა და მიზნის მიღწევის გზას მასწავლის.
ცხადია, მიზანიც დავისახე - 5 წამყვანი საფეხბურთო ქვეყნის რომელიმე ლიგაში მოხვედრა და იქ თავის გამოჩენა მსურს. საამისოდ, ყველაფერს გავაკეთებ, მერე კი ისე იყოს, რასაც ღმერთი ინებებს. მიმაჩნია, რომ ამ ოცნების ახდენა შემიძლია".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"