ესპანეთი
ლიგა 1|2|3. გიორგი აბურჯანია ჯერაც ტრავმირებულია. მისი "სევილია ატლეტიკო" სტუმრად 0:2 დამარცხდა "ვალიადოლიდთან" დაპირისპირებაში.
როგორც იქნა, სეზონში პირველად იმარჯვა ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკმა", რომელმაც სტუმრად "მირანდესს" მოუგო - 1:0, თუმცა ბოლო ადგილს თავი ვერ დააღწია. ჩვენებური ბოლო წუთზე გამოჩნდა მოედანზე.
გერმანია
ბუნდესლიგა. "ვოლფსბურგთან" 0:3 მარცხში "ფრაიბურგის" ქართველ ნახევარმცველ ლუკას ჰუფნაგელს მონაწილეობა არ მიუღია. ის არც
II ბუნდესლიგა. "ესპრიტ არენაზე" (სადაც ადრე "რაინშტადიონი" იყო) დინამოელმა ქართველმა გაიბრწყინა - დრეზდენელებმა "დიუსელდორფი" 3:0 დაამარცხეს, ორი გოლი კი აკაკი გოგიას ანგარიშზეა. განსაკუთრებით ლამაზი მისი პირველი გოლი იყო შორეული დარტყმით გატანილი. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა და "შპორტალისგან" 1,5 ბალი მიიღო, რაც ჰაუპტმანთან ერთად, მატჩის საუკეთესო შეფასებაა. გოგიას 9 თამაშში უკვე 5 გოლი დაუგროვდა.
იტალია
სერია A. "ემპოლიმ" ერთბაშად 4 გოლი გაიტანა (აქამდე სულ 2 ჰქონდა გატანილი) და სტუმრად "პესკარა" 4:0 გაანადგურა. ლევან მჭედლიძე სათადარიგო იყო, ხოლო რომან ჭანტურია განაცხადში არ ყოფილა.
ლეგა პრო. ირაკლი შეყილაძის (90 წთ) "ტუტოკუოიო" სტუმრად "ოლბიასთან" 0:1 დამარცხდა.
საფრანგეთი
ლიგა 2. "რეიმსმა" სტუმრად მოუგო "სტრასბურს" 2:1. ამ შეხვედრაში ჯაბა კანკავა 71-ე წუთზე გამოცვალეს. მანამდე ქართველმა ყვითელი ბარათი მიიღო.
რუსეთი
პრემიერლიგა. ტურის წინ ბოლო ვარჯიშზე კუნთი დაიზიანა ჯანო ანანიძემ და "ტომთან" 1:0 მოგებული შეხვედრა გამოტოვა.
საინტერესო ქართული დაპირისპირება გაიმართა სამარაში, სადაც "კრილია სოვეტოვი" და "ურალი" დაზავდნენ - 2:2. მატჩის 73-ე წუთზე გიორგი ჭანტურია მასპინძელთა გოლკიპერ გიორგი ლორიასთან პირისპირ გავიდა, მოუგო მას დუელი და "ურალს" ქულა გადაურჩინა. გიორგი 89-ე წუთზე შეცვალეს. "ჩემპიონატმა" მას 8 ბალი დაუწერა, ლორიას კი - 6,5.
"რუბინმა" 3:2 დაამარცხა სტუმრად "უფა". კვლავ არ ყოფილა "რუბინის" განაცხადში საბა კვირკველია.
"კრასნოდარი" შინ "ორენბურგს" 3:3 დაუზავდა. თორნიკე ოქრიაშვილმა მასპინძელთა რიგებში მეორე ტაიმი ითამაშა და "ჩემპიონატისგან" 7,5 ბალი მიიღო.
I დივიზიონი. მამუკა კობახიძის "ნეფტეხიმიკი" "სკა-ენერგიასთან" 0:1 დამარცხდა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა, "ნეფტეხიმიკი" კი 15 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.
პორტუგალია
პრიმეირა ლიგა. გიორგი მაკარიძის "მორეირენშე" 1:2 დამარცხდა შინ "სეტუბალთან". ქართველ მეკარეს ზუსტად სამჯერ დაურტყეს და ორი გოლი გაუტანეს.
სეგუნდა ლიგა. ავთო ებრალიძის (არ უთამაშია) "ჟილ ვისენტე" შინ ლიდერ "პონტიმონენშესთან" დამარცხდა (0:1), არადა, მეტოქემ მატჩი რიცხობრივ უმცირესობაში ჩაამთავრა.
უკრაინა
პრემიერლიგა. სანდრო კობახიძემ შეუცვლელად ითამაშა, მისი "ვორსკლა" კი ლვოვში "კარპატისთან" 0:1 დამარცხდა.
ოდესაში დავით ხოჭოლავას (90 წთ) "ჩერნომორეცი" 0:0 დაუზავდა ჯაბა ლიპარტიას (სათადარიგო) "ზორიას".
ბელგია
პროქსიმუს ლიგა. ლევან შენგელიას (სათადარიგო) "ტუბიცემ" 4:1 გაანადგურა "სერკლ ბრიუგე".
ჩეხეთი
1 ლიგა. სეზონში პირველად მიეცა სასტარტოში თამაშის საშუალება ზურაბ ცისკარიძეს, მისი "ტეპლიცე" შინ 0:1 დამარცხდა "ჰრადეც კრალოვესთან". ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.
ტრავმირებული ლევან ყენიას გარეშე ჩაიარა პრაღის დერბიმ, რომელშიც ქართველის "სლავია" "ბოჰემიანსს" დაუზავდა - 1:1.
ჰოლანდია
ერედივიზიე. ცუდად მიდის გურამ კაშიას "ვიტესის" საქმეები. გუნდს ოთხი ტურია, ვერ მოუგია. ამჯერად არნემელები შინ "ჰერაკლესთან" 1:2 დამარცხდნენ. ქართველმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა.
საბერძნეთი
სუპერლიგა. გიორგი ნავალოვსკი სათადარიგო იყო, მისი "ვერია" კი სტუმრად "კერკირასთან" 0:2 დამარცხდა.
ავსტრია
ბუნდესლიგა. გიორგი ქვილითაია "რაპიდის" სასტარტოში ვიხილეთ, მაგრამ "ვოლფსბერგერთან" 0:1 წაგებულ მატჩში პირველი ჩვენებური გამოცვალეს (64-ე წუთზე).
რეგიონალლიგა. "კუფშტაინის" შემტევმა ლუკა ძიძიგურმა დუბლი შეასრულა, მისი გუნდი კი სტუმრად "ზალცბურგის" სამოყვარულო გუნდს დაუზავდა - 2:2. ლუკას ანგარიშზე ამ სეზონში უკვე 7 გოლია.
დანია
სასლიგა. დავით სხირტლაძემ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა, "სილკებორგი" "ორჰუსს" ესტუმრა და 0:0 დაუზავდა. ჩვენებური 74-ე წუთზე შეცვალეს.
ბელორუსი
ვისშაია ლიგა. ვაკო გვილიას ბატე-მ შინ "ჟოდინოსთან" 1:2 წააგო. გვილია 62-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში.
პოლონეთი
ექსტრაკლასა. როგორც იქნა, გიორგი მერებაშვილის გუნდმა არ წააგო - ზედიზედ 4 ტურში მარცხის მერე, პლოცკის "ვისლა" შინ 0:0 დაუზავდა გდინიას "არკას". ჩვენებური ბოლოსწინა წუთზე გამოცვალეს.
"შლიონსკმა" 2:1 დაამარცხა "ზაგლებიე", რაშიც ლომის წილი დაიდო ლაშა დვალმა, რომელმაც 71-ე წუთზე ახლო მანძილიდან გაიტანა გოლი. ამით მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს. დვალმა შეუცვლელად ითამაშა.
"ლენჩნას" რიგებში ნიკა ძალამიძის დებიუტი შედგა. იგი მწვრთნელმა 64-ე წუთზე შეუშვა "ვისლასთან" საგარეო მატჩში, როცა მისი გუნდი 2:3 აგებდა. მატჩი ასეთივე ანგარიშით მორჩა.
ვაკო ყაზაიშვილი "ლეგიაში" სულ მიივიწყეს, ის 18-კაციან შემადგენლობაშიც ვერ ხვდება.
ნორვეგია
ტიპელიგენი. გიორგი გოროზიას "სტაბეკმა" "სტარტს" 3:0 მოუგო და ამით პირდაპირ გავარდნას გადაურჩა. ჩემპიონატი "სტაბეკმა" მე-14 ადგილზე დაასრულა და ახლა გადათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. გოროზია გადამწყვეტ მატჩში არ ათამაშეს (სათადარიგო იყო).
ისრაელი
ლიგათ ჰა'ალი. შოთა არველაძის გაწვრთნილმა თელ-ავივის "მაკაბიმ" ცხრილის მეზობელს, ფეთახთიკველ სეხნიას უმასპინძლა და უგოლო ფრეს დასჯერდა. ქართველის გუნდი 9 ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა და ერთი ქულით ჩამორჩება გუშინდელ მეტოქეს, ხოლო ხუთით - ლიდერს, ბეერ-შევას "ჰაპოელს".
აზერბაიჯანი
პრემიერლიგა. ზაურ სვანაძის "ინტერმა" ბაქოს დერბი დათმო "ნეფთჩისთან" 1:2. ზურაბ ხიზანიშვილმა ზედიზედ მეორე ტურში გაიტანა, მან 91-ე წუთზე შეძლო ერთი გოლის გაქვითვა, შემდეგ კი ყვითელი ბარათიც მიიღო.
ჩემპიონატის ბოლოადგილოსანი აზალ-ი ლიდერ "გაბალას" დაუზავდა - 0:0. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ნუგზარ კვირტიამ (გააფრთხილეს). 66-ე წუთზე ბრძოლაში დავით ჯანელიძეც ჩაერთო. სტუმართა რიგებში ნიკა კვეკვესკირი სათადარიგო იყო.
კვიპროსი
I დივიზიონი. ირაკლი მაისურაძის გარეშე "ერმისმა" "არისს" სტუმრად 2:0 მოუგო.
ქართველთა "ეთნიკოსი" 2:0-ს უგებდა სტუმრად "აპოლონს", მაგრამ 2:3 დამარცხდა. 31-ე წუთზე გიორგი ილურიძე ნიკა ყიფიანმა შეცვალა, ხოლო 66-ე წუთზე ნიკა კაჭარავას ნაცვლად მწვრთნელმა გია გრიგალავა შეიყვანა.
უნგრეთი
OTP-ბანკ ლიგა. ბუბა დაუშვილის (90 წთ, გააფრთხილეს) "დიოშდიორი" სტუმრად "ჰონვედთან" 0:2 დამარცხდა.
მოლდოვა
დივიზია ნაციონალა. ირაკლი ჩომახაშვილის (77-ე წუთზე გამოცვალეს) "უნგენი" შინ 1:2 დამარცხდა "შერიფთან".
ლატვია
ვირშლიგა. გიორგი დიაკვნიშვილის (90 წთ) "რიგასი" სტუმრად "ვენტსპილსს" 1:1 დაუზავდა. ეს ბოლო ტურის მატჩი იყო, "რიგასმა" სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა, ქართველმა ნახევარმცველმა 13 თამაშში 2 გოლი გაიტანა.
ესტონეთი
მეისტრილიგა. ესტონეთში დასრულდა ჩემპიონატი, რომელიც ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორასთვის" წარუმატებელი გამოდგა, ბოლო ტურში "ფლორა" სტუმრად 1:2 დამარცხდა (ქართველმა შეუცვლელად ითამაშა) და მესამე ადგილიც დაკარგა. ქართველმა ამ სეზონში 31 თამაშში 4 გოლი გაიტანა.
სომხეთი
პრემიერლიგა. ირაკლი კვეკვესკირის (70-ე წუთზე შეცვალეს) "ალაშკერტმა" 4:1 მოუგო "ბანანცს".
გოგიტა გოგატიშვილის (90 წთ) "განძასარი" სტუმრად "პიუნიკს" დაუზავდა - 0:0.
ყაზახეთი
თასი. კახა ცხადაძემ "ქაირათი" თასის ფინალში გაიყვანა. პირველი თამაში მის გუნდს "ატირაუსთან" 1:0 ჰქონდა მოგებული, მეორე კი 3:0 მოიგო.
"თამაში დაძაბული გამოდგა. ჩვენი მიზანი აგრესიული თამაში იყო, რაც გამოგვივიდა, მეტოქეს თამაშის სადავეები არ გადავეცით, მალევე გავიტანეთ და დაცვაში ძალზე საიმედოდ ვითამაშეთ. მეორე ტაიმში უკვე მეტის გატანაც შეგვეძლო", - განაცხადა კმაყოფილმა ცხადაძემ.
შოთა გრიგალაშვილის "ირტიში" 3:5 დამარცხდა "ასტანასთან" სტუმრად და ორი მატჩის ჯამში 4:7 გამოეთიშა თასის გათამაშებას. ქართველი ნახევარმცველი სათადარიგო იყო. ასე რომ, ფინალში ცხადაძის გუნდი ჩემპიონ "ასტანას" დაუპირისპირდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"