ლეგიონის უქმეები: აკაკი გოგიას დუბლი, გიორგი მერებაშვილის მეოთხე [VIDEO]

AutoSharing Option
აკაკი გოგია II ბუნდესლიგის ნომერ პირველ ვარსკვლავად იქცა. ამიტომაც მისი ხელიდან გაშვება და ნაკრებისთვის დაკარგვა დანაშაულის ტოლფასი გვგონია. ამ ტურში მან დუბლი შეასრულა და საუკეთესო შეფასებაც დაიმსახურა...

მის გარდა, ჩვენებურებისგან გოლით თავი მხოლოდ გიორგი მერებაშვილმა გამოიჩინა...

ესპანეთი, ლა ლიგა 1|2|3.
ტყუილად ველოდით გიორგი აბურჯანიას დებიუტს "სევილიას" დუბლებში. გუნდმა ისევ მის გარეშე ითამაშა და სტუმრად 2:2 დაუზავდა "მალიორკას".

არ უთამაშია არც ოთარ კაკაბაძეს, რომლის "ხიმნასტიკმაც" სტუმრად 0:1 დათმო "რეუსთან" კატალონიურ დერბიში.

გერმანია. ბუნდესლიგა.
ტრავმირებული ლუკას ჰუფნაგელის გარეშე მოთამაშე "ფრაიბურგი" სტუმრად "მაინცთან"
2:4 დამარცხდა.

II ბუნდესლიგა.
აკაკი გოგიას ვეღარ აჩერებენ - დრეზდენის "დინამოს" შემტევმა ნახევარმცველმა "ფირტთან" მატჩში დუბლი შეასრულა და სეზონში უკვე 7 გოლი დაუგროვდა. "შპორტალმა" აკაკის უმაღლესი შეფასება - 1 ბალი დაუწერა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იტალია. სერია A.

"ემპოლი" ტოსკანურ დერბიში "ფიორენტინასთან" 0:4 შერცხვა. ტრავმების გამო არ უთამაშიათ ლევან მჭედლიძესა და რომან ჭანტურიას.

ლეგა პრო.
ირაკლი შეყილაძის
"ტუტოკუოიო" სტუმრად 0:2 დამარცხდა "სიენასთან". ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა.

საფრანგეთი. ლიგა 2.
ჯაბა კანკავას (90 წთ) "რეიმსმა" შინ 0:2 დათმო "ლავალთან" და ლიდერებს ჩამორჩა.

რუსეთი. პრემიერლიგა.
საბა კვირკველია სათადარიგო იყო, მისი "რუბინი" კი შინ "როსტოვს" დაუზავდა - 0:0.

თორნიკე ოქრიაშვილის (არ უთამაშია) "კრასნოდარმა" 3:0 გაანადგურა გიორგი ჭანტურიას (90 წთ) "ურალი". ჭანტურიას "ჩემპიონატმა" 5 ბალი დაუწერა.

ჯანო ანანიძემ ტრავმის გამო სანაკრებო მატჩი კი გამოტოვა, მაგრამ "ამკართან" დაპირისპირებას ის მზად შეხვდა და შეუცვლელადაც ითამაშა. ბოლო წუთზე ჯანოს მიერ ჩაწოდებულ კუთხურს "სპარტაკის" გამარჯვების გოლი მოჰყვა - 1:0. ანანიძეს "ჩემპიონატმა" 7 ბალი დაუწერა. მეტოქე გუნდში ითამაშა რუსეთის ნაკრებში გამოძახებულმა გიორგი ჯიქიამ (7 ბალი, გაფრთხილება).

"ზენიტმა" "კრილია სოვეტოვის" კარში ზუსტად სამჯერ დაარტყა და სამი გოლი გაიტანა, კარში კი გიორგი ლორია იდგა. თუმცა ამ დარტყმებიდან ერთი ავტოგოლი იყო, ერთიც - პენალტი.

I დივიზიონი.
მამუკა კობახიძის (არ უთამაშია) "ნეფტეხიმიკი" შინ 0:0 დაუზავდა "ბალტიკას".

პორტუგალია. თასი.
ქვეყნის თასის გათამაშებას დაემშვიდობა ავთო ებრალიძის (შეუცვლელად ითამაშა) "ჟილ ვისენტე", რომელიც სტუმრად "სანიონენშესთან" 0:1 დამარცხდა.

უკრაინა. პრემიერლიგა.
ჯაბა ლიპარტიას "ზორია" "ოლექსანდრიასთან" 1:2 დამარცხდა, ქართველმა ნახევარმცველმა კი პირველი ტაიმი ითამაშა.

"ოლიმპიკმა" 1:0 მოუგო დავით ხოჭოლავას "ჩერნომორეცს". ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და მსაჯისგან ყვითელი ბარათი მიიღო. გამარჯვებულთა რიგებში პირველი ტაიმი ითამაშა თემურ ფარცვანიამ, რომელმაც ბოლო დროს სამშობლოს სახელით თამაშის სურვილი გამოთქვა; კარში კი უკრაინის მოქალაქე ზაურ მახარაძე იდგა.

სანდრო კობახიძემ ყოფილ გუნდთან, "დნიპროსთან" ითამაშა. "ვორსკლა" შინ 1:2 დამარცხდა. ჩვენებურმა მთელი თამაში მინდორზე დაჰყო.

დუბლები.
"შახტარის" დუბლებმა 21-წლამდელთა პირველობაზე შინ 0:2 დათმეს "კარპატისთან". გიორგი არაბიძემ შეუცვლელად ითამაშა. მცველი ილია იჩუაიძე ტრავმის გამო ტოვებდა მატჩს.

დონეცკის "ოლიმპიკთან" 1:2 დამარცხდა გიორგი გადრანის "ჩერნომორეცი". ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. გამარჯვებულთა რიგებში სათადარიგო იყო ლუკა ნადირაძე.

"დინამოს" რიგებში შეუცვლელად ითამაშა ზურაბ ოჩიგავამ, მისმა გუნდმა კი 2:1 მოუგო "სტალის" დუბლებს.

ჩეხეთი. I ლიგა.
ტრავმირებული ლევან ყენიას "სლავიამ" პრაღის დერბი მოუგო "დუკლას" - 2:1.

სტუმრად "ბოჰემიანსი" დაამარცხა ზურაბ ცისკარიძის "ტეპლიცემ" - 1:0. ჩვენებური პირველ ტაიმშივე გამოჩნდა მოედანზე, როცა "ტეპლიცე" 10 კაცით დარჩა.

ჰოლანდია. ერედივიზიე.
გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა. მისმა "ვიტესმა" კი სტუმრად 1:1 დაასრულა მატჩი "ჰეერენვეენთან".

ბელგია. პროქსიმუს ლიგა.
ლევან შენგელიას "ტუბიცე" შინ "ლიერსთან" 0:3 დამარცხდა. ჩვენებური 73-ე წუთზე შეცვალეს.

ავსტრია. ბუნდესლიგა.
გიორგი ქვილითაიამ "რაპიდის" რიგებში შეუცვლელად ითამაშა, მისი გუნდი კი სტუმრად "ზალცბურგთან" 1:2 დამარცხდა.

ბელრუსი. ვისშაია ლიგა.
ბატე ნაადრევად გახდა ჩემპიონი და დარჩენილ ტურებში უმოტივაციოდ იყო, ამიტომაც სტუმრად "ვიტებსკთან" 1:2 დამარცხდა. ვაკო გვილიამ პირველი 60 წუთი ითამაშა.

პოლონეთი. ექსტრაკლასა.
"ლეგიამ" ზედიზედ მე-4 ტურში იმარჯვა, ვარშავურმა კლუბმა სტუმრად ლიდერი "იაგელონია" 4:1 გაანადგურა. ვაკო ყაზაიშვილმა "ლეგიას" რიგებში ერთთვიანი პაუზის მერე პირველად ითამაშა და თანაც - სასტარტო შემადგენლობაში. ის 65-ე წუთზე შეცვალეს, როცა სტუმრები 2:0-ს იგებდნენ.

"დღეს ვაკომ დაამტკიცა, რომ ამ გუნდის სრულუფლებიანი წევრია და ეს ძალიან მახარებს", - განაცხადა მატჩის შემდეგ "ლეგიას" თავკაცმა იაცეკ მაგიერამ.

ნიკა ძალამიძის "ლენჩნა" შინ 0:4 განადგურდა "რუხთან". ქართველი შემტევი ნახევარმცველი 57-ე წუთზე, 0:2-ზე შეცვალეს. "ლენჩნა" 14 ქულით ბოლო ადგილზეა.

გიორგი მერებაშვილის "პლოცკი" სტუმრად "ლეხიასთან" 1:2 დამარცხდა. 28-ე წუთზე სწორედ ჩვენებურმა გახსნა ანგარიში, 55-ე წუთზე გაფრთხილება მიიღო, ხოლო 73-ეზე სათადარიგოებში გადაინაცვლა. "პლოცკი" 16 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა, ხოლო მერებაშვილის ანგარიშზე ჩემპიონატში 4 გოლია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლაშა დვალის
"შლიონსკი" სტუმრად 0:3 დამარცხდა "ლეხთან". ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.

ისრაელი. ლიგატ ჰა'ალი.
შოთა არველაძის გაწვრთნილმა "მაკაბიმ" (თელ-ავივი) სტუმრად 2:1 მოუგო "შმონას". ქართველი მწვრთნელის გუნდი უკვე მე-5 წუთზე მდევრის როლში აღმოჩნდა, მაგრამ ჯერ პირველი ტაიმის ბოლოს გაათანაბრა ანგარიში, მთლად თამაშის მიწურულს კი, მსაჯის მიერ დამატებულ დროში, გამარჯვების გოლიც შეაგდო.

ეს "მაკაბის" პირველი 3 ქულაა სამმატჩიანი მოუგებელი სერიის (2 წაგება და ფრე) შემდეგ. შოთას შეგირდები მეორე ადგილზე არიან და 5 ქულით ჩამორჩებიან ლიდერ "ბეერ შევას".

აზერბაიჯანი. პრემიერლიგა.
ნიკა კვეკვესკირის გარეშე მოთამაშე "გაბალამ" 1:0 დაამარცხა "ზირა".

ზაურ სვანაძის "ინტერმა" აზალ-ს 3:0 მოუგო. ზურაბ ხიზანიშვილს არ უთამაშია. წაგებულთა რიგებში 74-ე წუთზე შეცვალეს ნუგზარ კვირტია, დავით ჯანელიძე კი სათადარიგო იყო.

კვიპროსი. I ლიგა.
ირაკლი მაისურაძის (სათადარიგო) "ერმისმა" 2:1 აჯობა "ზაკაკიუს".

ყაზახეთი. თასი.
თასის ფინალში კახა ცხადაძის "ქაირათი" ჩემპიონ "ასტანასთან" 0:1 დამარცხდა და ეს ტიტულიც დაუთმო. მატჩის შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ "ქაირათის" თამაშს დაღი უამინდობამ დაასვა.

"მათ სულ რამდენიმე მომენტი ჰქონდათ, ჩვენ კი ჩვენი მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მათ კარგად ითამაშეს და ამ მარცხში სამარცხვინო არაფერია", - თქვა ცხადაძემ.

უნგრეთი. OTP-ბანკ ლიგა.
ბუბა დაუშვილის "დიოშდიორმა" "ჰალადაშს" 2:1 მოუგო და ბოლო ადგილს თავი დააღწია. სხვათა შორის, "დიოშდიორმა" თამაში მას მერე შემოატრიალა, რაც ჩვენებური 65-ე წუთზე მოედნიდან გაიყვანეს.

მოლდოვა. დივიზია ნაციონალა.
ირაკლი ჩომახაშვილის (74-ე წუთზე შეცვალეს) "უნგენი" სტუმრად "პეტროკუბთან" განადგურდა - 0:5.

სომხეთი. პრემიერლიგა.
გოგიტა გოგატიშვილის (59-ე წუთზე შეცვალეს) "განძასარი" სტუმრად "ბანანცს" დაუზავდა - 1:1. ირაკლი კვეკვესკირის (65-ე წუთზე შევიდა) "ალაშკერტმა" გასვლაზე 0:0 ითამაშა "შირაქთან".

უზბეკეთი. პროფლიგა.
29-ე ტურის მატჩში ტაშკენტის "ლოკომოტივმა" 4:1 დაამარცხა "მეტალურგი" და ქვეყნის ჩემპიონობა ნაადრევად გაინაღდა. კახა მახარაძე სასტარტოში იყო. მეორე ტაიმში მან ყვითელი ბარათი მიიღო. "ლოკომოტივმა" 71 ქულა დააგროვა და მდევრებისთვის მიუწვდომელი გახდა.
მახარაძემ ამ სეზონში 26 თამაშში 3 გოლი გაიტანა. 29 წლის ფეხბურთელი უზბეკეთის ჩემპიონი მეოთხედ გახდა. აქამდე ის "ფახთაქორის" შემადგენლობაში ხდებოდა ჩემპიონი (2012, 2014, 2015). "ლოკომოტივის" ქართველმა ლეგიონერმა ტიტული ზედიზედ მესამედ მოიგო.

დღეს
კვიპროსში ქართველთა (გია გრიგალავა, გიორგი ილურიძე, ნიკა კაჭარავა) "ახნასი" "ანორთოსისს" მასპინძლობს, ხოლო დავით სხირტლაძის "სილკებორგი" დანიურ სუპერლიგაში "ესბიერგს" დაუხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
გოგია დღეს საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია.ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ: თუ არ გამოვიძახებთ ნაკრებში,ის მალე გერმანიის ნაკრებში იქნება გამოძახებული.დრეზდენი წელს უმაღლეს ლიგაში ავა,ან გოგია გადავა რომელიმე ძლიერ გუნდში.ჩემთვის ის გერმანიის ნაკრებისთვისაც ძალიან კარგი ვარიანტია;მიულერი და დანარჩენები არაფრით არიან მასზე უკეთესები და ამას აკაკი დაამტკიცებს.ვუსურვებ წარმატებებს ყველგან და ყველაფერში.
gulshematkivari
03:30 22-11-2016
0
ყველაფერი უნდა გაკეთდეს რომ გოგიამ საქართველოს ნაკრებში ითამაშოს ის ძალიან ჭირდება ჩვენ ნაკრებს.სხვა ფეხბურთელებმა კი თავიანთ კლუბებში უნდა მოინდომონ მაქსიმალურად და ბევრი უნდა იშრომონ.ნაკრებში გამოძახებისას გაზაფხულისთვის მზად უნდა იყვნენ.
bebeto
18:48 21-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული