თამაზ პერტიამ სამწვრთნელო კარიერა 2007 წელს, "დინაბურგში" მთავარი მწვრთნელობით დაიწყო. 2009 წელს, ეს გუნდი შედეგების მანიპულირების ბრალდებით ჩემპიონატიდან მოიხსნა, ხოლო პერტიას, ისევე როგორც კლუბის პრეზიდენტ ოლეგ გავრილოვს, ლატვიურ ფეხბურთში მოღვაწეობა სამუდამოდ აეკრძალა. თუმცა 2010 წელს პერტიას დისკვალიფიკაცია მოუხსნეს, რის შემდეგაც "დაუგავა" ჩაიბარა. მერე იყო რიგის "ოლიმპი", ხოლო 2012 წლის დეკემბრიდან "სკონტოში" მუშაობდა...
მაგრამ ეს
სხვათა შორის, იმ პერიოდში გავრცელდა ხმები, რომ პერტია საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში ალექსანდრე ჩივაძის შემცვლელად განიხილებოდა. მაგრამ იცით, რომ ასე არ მოხდა. ისე კი, უცნაურია, რომ საქართველოში მას არც ერთი კლუბი არ იწვევს. პერტიასთან ნამუშევარ ფეხბურთელებს მის სამწვრთნელო კვალიფიკაციაში ეჭვი არ ეპარებათ. ცნობილია ისიც, რომ პაუზების დროს სხვადასხვა ცნობილ კლუბში სტაჟირებას გადის...
ფაქტია, პერტია ყველა გუნდში წარმატებით საქმიანობდა და ლატვიაში ორჯერ საუკეთესო მწვრთნელადაც დაასახელეს - ჯერ, ახალგაზრდა და პერსპექტიული სპეციალისტის ნომინაციაში, ხოლო მერე, როგორც ქვეყნის უპირველესი მწვრთნელი.
საინტერესოა, რატომ არ შეიძლება მისი მოწვევა რომელიმე ქართულ კლუბში მაშინ, როცა საეჭვო კვალიფიკაციის "სპეციალისტების" ჩამოყვანაში ლამის რეკორდსმენები გავხდით?!
იმავეს ვიტყვით აზერბაიჯანში მომუშავე ვასილ ჭეიშვილზეც, რომელიც 11 წელია, რაც ჩვენი სამეზობლოს ახალგაზრდულ ფეხბურთში წარმატებით საქმიანობს. მას საფუძვლიანი სამწვრთნელო განათლება აქვს.
ან თუნდაც შოთა მახარაძე ავიღოთ, რომელიც 2013 წლიდან ტირასპოლის (მოლდოვა) "შერიფის" აკადემიაში საქმიანობდა. 37 წლის მწვრთნელი ჯერ "შერიფის" ასაკობრივ გუნდებს ავარჯიშებდა, წლეულს კი მთავარი გუნდის ანალიტიკური ჯგუფის წევრი და იმ 19-წლამდელთა გუნდის დამრიგებელი გახდა, იუნიორების ჩემპიონთა ლიგაში რომ ითამაშა...
ჩვენ ხომ არაფერს ვამბობთ შოთა არველაძეზე, კახა ცხადაძეზე, თემურ ქეცბაიაზე, გიორგი ჩიხრაძეზე, ზაურ სვანაძეზე? - ისინი უცხოეთში საკმაოდ მაღალი დონის კლუბებში მუშაობას მიეჩვივნენ და ძნელი წარმოსადგენია, საქართველოს საკლუბო სისტემაში დასაქმდნენ. მეტიც - ამბობენ, რომ ცხადაძეს რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთ გუნდში შესთავაზეს მუშაობა.
საეჭვოა, პერტია, ჭეიშვილი და მახარაძე მილიონებს იღებდნენ და მათი დაბრუნება შეუძლებელი იყოს.
ცხადია, უცხოეთში მომუშავე ქართველების ძიება საჭირო საქმეა. კარგი ფეხბურთელები კარგი მწვრთნელის ხელში იზრდებიან. იქ ბევრი ქართველი სპეციალისტი არ არის, თუმცა რაც არის, იმ რესურსზე თვალის დახუჭვა გაუმართლებელი გვგონია. მათი დახმარებით ჩვენი ფეხბურთი ოდნავ უკეთესი მაინც გახდებოდა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"