მეცინებოდა... მაინც საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ-მეთქი! - პსჟ-ს ფორვარდის ამბავი

AutoSharing Option
ქართველი ფორვარდი ნიკა ქუთათელაძე 2016 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფრანგულ გრანდ "პარი სენ-ჟერმენის" საკუთრება გახდა. პსჟ-ში ნიკას უმცროსი ძმა, სანდრო ქუთათელაძეც აიყვანეს.

180 სმ სიმაღლის ნიკა ქუთათელაძე მხოლოდ 15 წლისაა... ნიკა 8 წლის იყო, მისი ოჯახი უცხოეთში რომ დასახლდა. საფრანგეთამდე ჩეხეთში ცხოვრობდნენ, ხოლო ნიკა პრაღის "სპარტას" საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდა, ბოლო 5 წლის განმავლობაში კი "ლილის" აკადემიის 15 და 16-წლამდელთა გუნდებში ათამაშებდნენ.

Sportall.ge ნიკას მის განვლილ გზაზე, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებზე და თავის უმცროს ძმაზე ესაუბრა.

დიდი გზა პსჟ-მდე
ხუთი წლის ვიყავი,
ბაბუამ ფეხბურთზე რომ მიმიყვანა. იმ გუნდს "ლიდერი" ერქვა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტადიონზე ვვარჯიშობდით. ირაკლი გორგოშიძე მწვრთნიდა... "ლიდერში" 3 წელი დავყავი.

ამის შემდეგ, მამამ სინჯებზე პრაღის "სპარტაში" მიმიყვანა. პირველ თამაშში 3 გოლი გავიტანე, მეორეში - ორი, მესამეში - ოთხი და დამტოვეს "სპარტაში". ჩეხეთში ორი წელი გავატარე და თითქმის ყველა ტურნირზე ხან საუკეთესო ფეხბურთელის, ხანაც საუკეთესო ბომბარდირის პრიზს ვიღებდი.

10 წლის ასაკში მამამ ჩათვალა, რომ "სპარტაზე" უკეთეს კლუბში უნდა მეთამაშა. სწორედ ამიტომ, სინჯებზე ამჯერად "ბარსელონაში" მიმიყვანა. იქ სულ 10 დღე გავატარე. ერთ მატჩში მათამაშეს და გოლიც გავიტანე, თუმცა არ დამტოვეს. ასე გვითხრეს, 13 წლამდე მხოლოდ კატალონიელებს ვაძლევთ შანსსო... მე კი ვფიქრობ, რომ მაშინ კლუბის მოთხოვნები ვერ დავაკმაყოფილე და უარი ლამაზად გვითხრეს...

Sportall.Ge

ამის მერე იყო "მილანი"... სანამ უშუალოდ "მილანზე" მოვყვები, ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი კახა კალაძეს. ჩემთან დაკავშირებით, მას და გიორგი დემეტრაძეს მამამ მიმართა თხოვნით. კალაძემ მიმიყვანა "მილანში" სინჯებზე, თუმცა მაშინ კლუბში ექიმი არ იყო და სამედიცინო შემოწმების გავლა კერძო კლინიკაში მიწევდა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მათამაშებდნენ. ეს შემოწმება ძალიან ძვირი ღირდა და თანხა სრულად კალაძემ დაფარა. მანვე "მილანი"-"იუვენტუსის" თამაშზე მთელ ოჯახს VIP ბილეთები გადმოგვცა. დაუვიწყარი იყო...

Sportall.Ge

"მილანში" ორი კვირა ვიყავი. თავდაპირველად, ჩემზე 1-წლით უფროს გუნდში მათამაშეს. 1:3 წავაგეთ და ის ერთი გოლი მე გავიტანე. შემდეგ ჩემს თანატოლებთან ვითამაშე, 6:2 მოვიგეთ და 5 გოლი გავიტანე. პაოლო მალდინის ვაჟი, დანიელ მალდინი იყო იმ გუნდის კაპიტანი. თუ არ ვცდები, დღესაც ის კაპიტნობს გუნდს. ძალიან მინდოდა დარჩენა, მაგრამ სამწუხაროდ უარი მივიღეთ - მამას უთხრეს, თქვენი შვილი ჩვენს ბავშვებზე ძლიერი არ არისო...

Sportall.Ge
"მილანიდან" "ლილში" წავედი. მანდაც სინჯების გავლა მომიწია და დამტოვეს. იქ 5 სეზონი გავატარე და "ლილის" მაისურით ჯამში 117 გოლი გავიტანე.

ამის გარდა, 12-წლამდელთა ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, 14 გოლით საუკეთესო ბომბარდირებში მეორეზე მოვხვდი და პირველადგილოსანს 1 გოლით ჩამოვრჩი, უამრავი ჯილდო მოვიპოვე და ბოლო წელს ჩრდილოეთ საფრანგეთის ჩემპიონებიც გავხდით.

ამ დროს პსჟ-ს სკაუტებს მოვეწონე, სინჯებზე მიმიწვიეს. მათამაშეს... 5:2 მოვიგეთ - 2 გოლი მე გავიტანე, დანარჩენ 3-ში კი საგოლე გადაცემა მივითვალე.

მატჩის შემდეგ კლუბის დირექტორი და მწვრთნელი მოვიდნენ ჩემთან, მკითხეს, მსურდა თუ არა პსჟ-ში თამაში. მითხრეს, საკმაო ხანია გაკვირდებით, კარგად გიცნობთ და ძალიან კარგი ფეხბურთელი ხარო... დავთანხმდი.

ერთი კვირის შემდეგ დამიბარეს, კიდევ ერთხელ მათამაშეს. 0:1 აგებდა გუნდი და ბოლო წუთზე გავიტანე. ერთ კვირაში სამედიცინო შემოწმება გავიარე და საბოლოო შეთანხმებაც შედგა.

პსჟ
პსჟ-ში ადაპტაციის გავლა არ გამჭირვებია. 16-წლამდელებში ვთამაშობ, 17 წლამდელებთან კი ვვარჯიშობ. აქ უფრო დიდ ყურადღებას ფიზ.მომზადებას ანიჭებენ. 6 ჩატარებული მატჩიდან 5-ში ძირითად შემადგენლობაში ვიყავი. ჩემს ანგარიშზე უკვე 3 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა. ბოლო, მე-6 მატჩში სასტარტოში არ ვყოფილვარ, თუმცა მე-60 წუთზე, როცა 1:2 ვმარცხდებოდით, მწვრთნელმა შემიშვა და ორი გავიტანე. საბოლოოდ, 3:2 მოვიგეთ...

პატრიკ კლუივერტი დადის ხშირად თამაშებზე და გვაკვირდება.

უარი საფრანგეთსა და უკრაინას საქართველოს გამო
აქ ნაკრებები რეგიონებადაა დაყოფილი. ჯერ რეგიონის ნაკრებში გიწვევენ და თუ თავი გამოიჩინე, მერე ასაკობრივ გუნდებშიც გიძახებენ. "ლილიდან" ჩრდილოეთ საფრანგეთის 14-წლამდელთა ნაკრებში 4 ფეხბურთელს უხმეს - ერთ-ერთი მე ვიყავი. რამდენიმე ეტაპი უნდა გაგვევლო...

4 ეტაპი წარმატებით გავიარე და ბოლოს, ნაკრების სამწვრთნელ ბაზაზე 44 საუკეთესო მოთამაშე შეგვკრიბეს. მანამდე ისე, ლიცენზიით მიძახებდნენ. საქმე იმაშია, რომ აქ ყველა ფეხბურთელს სალიცენზიო ბარათს გვაძლევენ, რომლითაც ვთამაშობთ. ჩვენს შესახებ ინფორმაციას სწორედ ამ სალიცენზიო ბარათით იგებენ. მასზე ყველაფერია, გარდა ეროვნებისა. ამიტომ, ისე მიძახებდნენ, ეროვნება არ იცოდნენ... სამწვრთნელ ბაზაზე, როცა პირადობის მოწმობა მოითხოვეს და ნახეს, რომ ქართველი ვარ და საქართველოს მოქალაქეობა მაქვს, ბოდიში მომიხადეს. საფრანგეთში უამრავი უცხოელი ფეხბურთელია აქაური მოქალაქეობით და მეც ერთ-ერთი ასეთი ვეგონე...

ერთი კვირა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციიდან ფსიქოლოგები რეკავდნენ, ძალიან არ განიცადოს ეს ამბავი და ფსიქოლოგიური დარტყმა არ მიიღოსო. მეცინებოდა... ვპასუხობდი, ისედაც არ ვაპირებდი თქვენს ნაკრებში თამაშს და რომ მაინც საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ!

საფრანგეთს აქვს ორმაგი მოქალაქეობა, მაგრამ ჩემთვის არავის შემოუთავაზებია. რომც შემომთავაზონ, ჩემი მხრიდან უარი იქნება - ჩემი ოცნება საქართველოს ნაკრებია!

შესაძლოა, გულშემატკივარს კითხვა გაუჩნდეს, თუ რატომ დავდიოდი იმ შეკრებებზე, თუკი საქართველოს ნაკრები მსურს... მამა მეუბნებოდა, წადი და მოსინჯე შენი ძალები, ნახე რამდენ ეტაპს დაძლევო...

თავის მხრივ, მეც მაინტერესებდა ჩემი შესაძლებლობები. თანაც, ფეხბურთის თამაში არასოდეს მეზარება. დიდი გამოცდილება მივიღე და ვფიქრობ, მამა სწორად მოიქცა, როცა იმ ნაკრებში თამაშით დამაინტერესა - გამოცდილების მიღების გარდა, ბევრმა გამიცნო, მეც ბევრი გავიცანი და ბევრი პოზიტივი იყო, თორემ, მერწმუნეთ, თავიდანვე საქართველოს სახელით თამაში მქონდა გადაწყვეტილი.

საფრანგეთის გარდა, უკრაინიდანაც მქონდა შემოთავაზება. ბებია მყავს უკრაინელი, ხოდა დონეცკის "შახტარი" და კიევის "დინამო" მიწვევდნენ უკრაინის ნაკრების დაპირებით... ისინიც უარით გავისტუმრე.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში სულ ორი მატჩი მაქვს ჩატარებული და ორივე აზერბაიჯანთან. პირველ შეხვედრაში 6-7 წუთი მომეცა, მეორეში კი, სადაც 4:1 მოვიგეთ, 18 წუთი და მეოთხე გოლი მე გავიტანე. ჩემზე ბედნიერი იმ დღეს კაცი არ მეგულებოდა.

მაგრამ, საბოლოოდ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 18-კაციან განაცხადში ვერ მოვხვდი, რაზეც ძალიან დამწყდა გული. ძალიან მინდა საქართველოს მაისურით თამაში...

ბაბუა მიყვებოდა პატარაობაში, მიხეილ მესხი როგორ "აწამებდა" მცველებს, სლავა მეტრეველს მეკარეები პენალტს რომ ვერ უღებდნენ... მიყვებოდა ილია დათუნაიშვილის ჩახვეულ კუთხურზე... ტაშკენტში თამაშის შემდეგ, თურმე სომხეთში ბავშვებს ძილის დროს მშობლები სწორედ მისით აშინებდნენ - დაიძინე, თორემ დათუნაიშვილი მოვაო... გუცაევი პენალტებს იკიდებდა ხშირადო... მეუბნებოდა, რომ გია გურული საფრანგეთში პირველი ქართველი იყო... კახა ცხადაძე კი პირველი ქართველი ლეგიონერი...

სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ მსურს "დინამო არენაზე" საქართველოს ნაკრების მაისურით თამაში. ზუსტად ისე, როგორც ისინი!

თავის უმცროს ძმაზე, სანდრო ქუთათელაძეზე
დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა: სანდრო ძალიან მაგარი ფეხბურთელი გახდება! ძალიან სწრაფად პროგრესირებს. პირველი წრის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი, ის კი უკვე წრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ამის გარდა, პსჟ-ს კაპიტნადაც აირჩიეს.
მკითხველის კომენტარები / 33 /
შენი ძმაც მანდვე ყოფილა ,ასე გაცილებით იოლი იქნება დამკვიდრება,კარგად გაუზრდიხართ შვილო მშობლებს,მოფიქრალებად და პატრიოტებად.ღმერთმა ისინიც დალოცოს და თქვენც.ასე განაგრძეთ შრომა,წარატება თავში არ აგივარდეთ,დარჩით ისეთივე პატრიოტებად და ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება.
სოსო
01:06 29-11-2016
0
აქ უკვე მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ვინც ასე აპიარებს სწორედ ის ღუპავს ამ ბავშვს.ასეთი და უკეთესები ყველა ქართულ გუნდში გვყავს. ალბათ ისევ არ იძახებენ ნაკრებში და ამიტოა ამხელა ამბავი ატეხილი
Buba
00:38 29-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული