ლეგიონი გუშინ: კახა მახარაძემ თასი მოიგო, შოთა არველაძე დაემშვიდობა

AutoSharing Option
30 ნოემბერს ქართველი ლეგიონერების გუნდებმა ჩემპიონატსა და თასზე ითამაშეს.

კახა მახარაძემ უზბეკეთის თასი მოიგო. მისმა "ლოკომოტივმა" ფინალში "ნასაფს" 1:0 მოუგო. გამარჯვებულთა შორის ქართველმა ლეგიონერმა სრულად ითამაშა.

ავსტრიული ბუნდესლიგის მორიგ ტურში ვენის "რაპიდი" გასვლაზე "მატერსბურგს" დაუზავდა - 1:1. გიორგი ქვილითაია ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

ისრაელში "ტოტოს თასს" მეოთხედფინალიდან დაემშვიდობა შოთა არველაძის "მაკაბი", რომელსაც "შმონასთან" შინ 3:2 ჰქონდა მოგებული, თუმცა გასვლაზე 0:1 დამარცხდა და გზა მეტოქეს დაუთმო.

ნორვეგიის ტიპელიგაში (უმაღლესი) ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლმა "სტაბეკმა" პლეი აუტის პირველი მატჩი
სტუმრად 0:1 დათმო "იერვთან". "სტაბეკის" ქართველი ნახევარმცველი გიორგი გოროზია სათადარიგო იყო.

რუსეთის ჩემპიონატში "რუბინმა" შინ 1:0 მოუგო ტულის "არსენალს". საბა კვირკველიამ, უკვე ტრადიციულად, მთელი მატჩი სათადარიგო სკამზე გაატარა.

უკრაინის თასის გათამაშებას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა პოლტავის "ვორსკლა". სანდრო კობახიძის გუნდმა სტუმრად 0:1 წააგო მისივე ყოფილ კლუბ "დნიპროსთან". კობახიძემ 90 წუთი ითამაშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული