TimeLine: გახსოვთ "საუთჰემპტონი"?

AutoSharing Option
- ეს იყო ტურის გოლი, შეიძლება თვის გოლიც, ან საერთოდ სეზონისა! - აღფრთოვანებას ვერ მალავდა რუსი კომენტატორი თორნიკე ოქრიაშვილის "მაკრატელას" შემდეგ. ქართველმა ფორვარდმა რუსეთის ჩემპიონატში საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა. რაც მთავარია, ეს მსაჯის მიერ დამატებულ დროში მოხდა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. ოქრიაშვილის "მაკრატელათი" კი "კრასნოდარმა" "ზენიტი" 2:1 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ზენიტელთა მთავარ მწვრთნელ მირჩა ლუჩესკუს თორნიკე დონეცკის "შახტარში" ჰყავდა, მაგრამ ახალგაზრდა ქართველს არ ენდობოდა...

მეორე დილას მეზობელ-მეგობარი მეწვია, აღფრთოვანებულმა მითხრა: ნახე
რა თამაში იყო "კრასნოდარი"-"ზენიტი"? მე თავიდან ბოლომდე ვუყურე, აუ, რა გოლი გაიტანა ოქრიაშვილმა! ნახე, იგორ შალიმოვმა ლეზგინკა როგორ იცეკვა? თორნიკეს კარიკატურა აუცილებლად უნდა დახატოო... მეგობარს მაგიდასთან ვუხმე და ფურცელზე მივუთითე - ოქრიაშვილის "მაკრატელას" ხატვა "სპორტალისთვის" უკვე დაწყებული მქონდა.

Sportall.Ge

ჰოლანდიელებს ჩემპიონატში ზლატან იბრაჰიმოვიჩი, შოთა არველაძე, არიენ რობენი, რონალდო რომ ჰყავთ, ეფექტური გოლები არც უკვირთ, მაგრამ ქართველები ასეთ სანახაობას მოკლებულნი ვართ. წამყვან საფეხბურთო ლიგებში თითო-ოროლა ფეხბურთელი გვყავს და მათი ყოველი გაელვება გვიხარია.

რომ არა ოქრიაშვილის გოლი, ხომ არ გაგვახსენდებოდა გიორგი ქინქლაძის მარადონასეული დრიბლინგი "საუთჰემპტონთან" მატჩში? ლევან კობიაშვილის "ხიჭვი" ოლივერ კარის კარში...

Sportall.ge-მ ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიზანი ქართველი ლეგიონერების მიერ გატანილი საუკეთესო გოლის გამოვლენა გახლდათ. ჩამოთვლილი იყო ათი ფეხბურთელი, რომელთა შედევრები სტაჟიან გულშემატკივარს ნამდვილად ემახსოვრება.
იხილეთ ვიდეო
ქართველი ლეგიონერების 10 სუპერგოლი
Sportall.Ge

გამოკითხვა დასრულდა და ასეთი შედეგები მივიღეთ:

1. გიორგი ქინქლაძე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი) - 1402 ხმა
ქინქიმ ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, მსუბუქად დაიძრა "საუთჰემპტონის" კარისკენ. ცოტა გასაკვირი კი არის, მაგრამ თანაგუნდელთაგან არავინ წამოეხმარა. მოატყუა ერთი, მოატყუა მეორე, მესამე, შევიდა საჯარიმოში და მეკარეც დანარჩენებს მიაყოლა - მარჯვნივ გადასახტომად მოემზადა, ქინქლაძემ კი მარცხნივ გადაუგდო.

სხვათა შორის, ინგლისის ჩემპიონატში ქინქლაძეს კიდევ არაერთი ეფექტური გოლი აქვს გატანილი.

2. თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი) - 701
ამ შეხვედრაზე დასაწყისში უკვე გესაუბრეთ. ერთს დავძენთ მხოლოდ: ნებისმიერ გოლს ფასს მატებს თუ ის მსაჯის მიერ წამატებულ დროშია გატანილი, მით უმეტეს, თუ ამ გოლით გუნდი იგებს, და თუ მაკრატელაა...

3. შოთა არველაძე (ალკმაარი, ჰოლანდია) - 311
ჰოლანდიის ჩემპიონატის რიგით მატჩში, "ალკმაარი"-"სპარტა" შოთა არველაძემ 22-ე წუთზე მეტოქეს ბურთი თავზე გადაატარა და მიწაზე დაუშვებლად დაარტყა.

Sportall.Ge

4. ლევან კობიაშვილი (შალკე, გერმანია) - 123
საჯარიმოს გარედან დარტყმული ბურთი ყოველგვარი მიხვევ-მოხვევის გარეშე კარის ბადეში რომ შევარდებოდა, ჩემი მწვრთნელი ამბობდა - ხიჭვივით შეარჭოო. საჯარიმო ხაზის კუთხიდან სწორედ ასეთი დარტყმით გაუტანა გოლი "ბაიერნის" მეკარე ოლივერ კანს ლევან კობიაშვილმა.

5. თემურ ქეცბაია (ანორთოსისი, კვიპროსი) - 89
თემურ ქეცბაიას კვიპროსის ჩემპიონატში ლამაზი ჯარიმა აქვს გატანილი. აპოელ-თან მატჩისას მის მიერ დარტყმულმა ბურთმა ისე მოუხვია, მეკარე ჯერ ერთი მიმართულებით წავიდა, თუმცა მეორე მხარეს გადახტომა ვერ მოასწრო.

"ანორთოსისმა" ის მატჩი 3:2 მოიგო.

6. კახა კალაძე (მილანი, იტალია) - 87
კახამ იტალიის ჩემპიონატის მატჩში ბურთი ლამაზადაც დაამუშავა, მშვენივრადაც დაარტყა... ამ გოლს ხარისხი იმანაც მოუმატა, რომ მილანურ დერბიში გაიტანა.

7. ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი) - 71
- ჯანო ანანიძეს კანფეტივით პასი მიუვიდა. მანაც საოცრად ტექნიკური დარტყმით ხარიხიდან ასხლეტით ბურთი მეტოქის კარში შეაგდო, - ასეთი იყო რუსი კომენტატორის რეაქცია ანანიძის გოლზე, რომელიც მან რუსეთის ჩემპიონატში შეაგდო.

8. ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია) - 70
იტალიის ჩემპიონატში გოლის გატანა ძალიან რთული საქმეა. ქუსლით კი დელ პიერო და იბრაჰიმოვიჩი იტანდნენ... და ლევან მჭედლიძე, რომელმაც კარისკენ ზურგით მდგომმა ქუსლით ბურთს მიმართულება კარისკენ მისცა.

9. ზაზა ჯანაშია (ლოკომოტივი, რუსეთი) - 56
1999 წელს ზაზა ჯანაშიას "ლოკომოტივი" თასების თასის ნახევარფინალში გავიდა, სადაც რომის "ლაციოს" დაუპირისპირდა. ზაზამ მეკარე მოატყუა და ტრიალში გაიტანა, რასაც მალაყი დაურთო.

- ვლაპარაკობდი კათოლიკურ და მართლმადიდებლურ აღდგომაზე. ეს მატჩი მათ შორის იმართება. სწორედ ამას ვყვებოდი, ზაზამ გოლი რომ გაიტანა, შემდეგ კი პირჯვარი გადაიწერა, - ასეთი კომენტარი მიაყოლა მატჩის ტელეკომენტატორმა.

10. გიორგი დემეტრაძე (დინამო, უკრაინა) - 50
1999-2000 წლების ჩემპიონთა ლიგაზე ერთი მშვენიერი ქართული მატჩი ჩატარდა. კიევის "დინამომ" მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. პირველი გოლი კახა კალაძემ გაიტანა, მეორე გიორგი დემეტრაძემ. აუტიდან ჩამოწოდებული ბურთი პენალტის ნიშნულთან მყოფ დემეს მიუვიდა და ლამაზი მაკრატელათი გოლად აქცია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული