...ქეცბაიამ გლაზგოში გასახდელი დაანგრია - ინტერვიუ გიორგი ჭანტურიასთან

AutoSharing Option
რუსულ matchtv.ru-ზე გამოქვეყნდა ვრცელი ინტერვიუ გიორგი ჭანტურიასთან. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ახლა ტრავმირებულია და "ურალს" ვერ ეხმარება. ვრცელ ინტერვიუში ჭანტურია საინტერესო ამბებს ჰყვება და ვფიქრობთ, ჩვენი მკითხველი იმედგაცრუებული არ დარჩება...

- თქვენ თამაში დაიწყეთ ქართულ კლუბ "საბურთალოში" და იქიდან მოხვდით "ბარსელონაში". ეს როგორ მოხდა?
- "საბურთალო" - ეს არის თბილისის პატარა კლუბი ჩემს სახლთან ახლოს. ახლა ის უკვე პროფესიულია და საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშობს. 15 წლის ვიყავი, როცა სლოვენიაში წავედი 19-წლამდელთა ტურნირზე. თუ კარგად მახსოვს, სამ თამაშში 5 გოლი
გავიტანე. ვიღაც აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ "ბარსელონასგან" იყო ინტერესი, ოღონდ გასინჯვაზე უნდა ჩავსულიყავი. სინჯები ერთი კვირის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ჩავედი და სამი დღის მერე მითხრეს, რომ მტოვებდნენ.

- მაშინ რამდენიმე ესპანური სიტყვა მაინც თუ იცოდით?
- არც ერთი. იქ უფრო კატალონიური ენის შესწავლას ითხოვენ. ძალიან რთულია. ესპანურად კარგადაც რომ ლაპარაკობდე, მაინც არაფერი გესმის.

- რა ნახეთ "ბარსაში"?
- ყველა გუნდი ერთ ადგილას ვარჯიშობს. ამის მიუხედავად, პირველ წელს არცერთი ვარსკვლავი არ მინახავს და არც ურთიერთობა გვქონია. 17 წლის რომ გავხდი, შეკრებაზე წამიყვანეს და "ბოლივარის" კარში გავიტანე გოლი. დღემდე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ვარ, ვისაც "ბარსელონას" მაისურით გაუტანია. მეორეა ბოიან კრკიჩი. ჩავი, ინიესტა, პუიოლი...

ისინი სუპერპროფესიონალები არიან. თუ ყველასთვის ვარჯიში 12 საათზე იწყებოდა, 9 საათზე პუიოლი უკვე ადგილზე იყო. და მაინც, არ შეიძლება ითქვას, რომ ისინი ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯებოდნენ. "ბარსელონაში" ცდილობენ, ფეხბურთისგან სიამოვნება მიიღონ. ვარჯიშის დროს ფეხებში ვარდნას იშვიათად ნახავ. ყველა ვარჯიში "კვადრატით" იწყება - არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც თამაშის წინა დღე იყოს.

- გასაგებია, რომ "ბარსელონაში" ბევრს მუშაობენ ბურთით. გირები იქ სულ არ სჭირდებათ?
- არის ფიზიკური ვარჯიშები, ოღონდ ისინიც კი ბურთით კეთდება. მწვრთნელს არასოდეს უთქვამს ჩვენთვის, რომ 4-5 კილომეტრი გაგვერბინა.

- მესის გულშემატკივრები ყველგან იყვნენ?
- "ბარსელონას" ყველა ვარჯიში დახურულია. ხანდახან, თვეში ერთხელ, მას პატარა სტადიონზე ატარებენ და ყოფილა შემთხვევა, 15-20 ათასი გულშემატკივარიც მოსულა. როცა ბაზიდან გადიან ფეხბურთელები, მათ ყოველთვის ელიან ფანები. ავტოგრაფები, ფოტოები... ეს ნორმალურია.

- ვის იცნობთ "ბარსას" აკადემიიდან?
- ერთ გუნდში ვიყავი რაფინიასთან. ვთამაშობდი დეოლოფეუსთან, ბარტრასთან, სერხი რობერტოსთან ერთად... განსაკუთრებულები იყვნენ ძმები ალკანტარები - ტიაგო და რაფა. მთელი დღის განმავლობაში მხიარულობდნენ. ჩვენთან ბევრი ფეხბურთელი იყო კამერუნიდან. ისინი ეროვნულ ტანსაცმელში დადიოდნენ. მაშინ ჩვენ ეს უცნაურად გვეჩვენებოდა და ცოტას ვხუმრობდით კიდეც ამ თემაზე...

Sportall.Ge

- ვისი მანქანა მოგწონდათ ყველაზე მეტად "ბარსელონას" ავტოსადგომზე?
- იქ ყველა მაგარი მანქანით დადიოდა. "ფერარი" და "ლამბორგინი" ჩვეულებრივი ამბავი იყო. მეორე გუნდის ფეხბურთელებსაც კი კარგი მანქანები ჰყავდათ. ინიესტას და ჩავის პატარა "აუდი A3" ჰყავდათ. ვფიქრობ, მათ მანქანების თემა საერთოდ არ აინტერესებდათ. მაგალითად, ზლატანი "ლამბორგინი ადვენტადორით" დადიოდა. მისი ყველა პრობლემა აქედან მოდის.

გვარდიოლა ფეხბურთელებთან მეგობრული იყო. ბევრ მათგანთან ის თამაშობდა კიდეც. მოვიდა თუ არა იბრაჰიმოვიჩი, გუნდში პრობლემები დაიწყო. "ბარსელონას" ფეხბურთელების კონტრაქტში ეწერა, რომ ისინი კვირაში სამჯერ "აუდის" მარკის ავტომანქანით უნდა მისულიყვნენ ვარჯიშებზე. სეზონის დაწყების წინ ყველამ უფასოდ მიიღო ეს მანქანა. ზლატანი არც ერთხელ არ მოსულა ამ მანქანით. მას "ფერარი" და "პანამერა" ერჩივნა.

ერთხელაც ზლატანსა და გვარდიოლას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. "შენ ჩვენს ოჯახში მოხვედი და თუ გინდა, დარჩე აქ, წესები უნდა დაიცვა" - უთხრა გვარდიოლამ. "შენ მხოლოდ სტადიონზე ხარ მთავარი. მის გარეთ რა უნდა გავაკეთო, ეს უკვე ჩემი საქმეა" - უპასუხა ზლატანმა. ამის შემდეგ აირია სიტუაცია. ზლატანს ფეხბურთელებთანაც გაუფუჭდა ურთიერთობა. მათ მხარი გვარდიოლას დაუჭირეს. ჩვენ აქ 7-8 წლიდან ვთამაშობთ და უნდა დაგვაფასოო, - უთხრეს ზლატანს. ამის შემდეგ ის წავიდა.

დავთანხმდი, რადგან უკეთესი კონტრაქტი იყო, ვიდრე ბარსელონაში
- რა შემოგთავაზათ ასეთი "ვიტესმა", რომ უარი თქვით "ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე?
- როცა 18 წლის ვიყავი, "ბარსელონამ" ორწლიანი კონტრაქტი შემომთავაზა. მთელი ეს დრო მეორე გუნდში უნდა გამეტარებინა. მე კი ვფიქრობდი, რომ მზად ვიყავი უმაღლეს ლიგაში სათამაშოდ. ამის შემდეგ დამირეკეს "ჩელსიდან" და კონტრაქტზე მესაუბრნენ, თუმცა ჯერ "ვიტესში" უნდა მეთამაშა იჯარით. დავთანხმდი, რადგან უკეთესი კონტრაქტი იყო, ვიდრე "ბარსელონაში".

- დაახლოებით ამ დროს თქვენით "ზენიტი" იყო დაინტერესებული...
- ...და "სპარტაკიც". ჯანომ დამირეკა სპორტული დირექტორის, ასხაბაძის თხოვნით და მითხრა, რომ "სპარტაკმა" უკვე გააგზავნა "ვიტესში" სატრანსფერო მოთხოვნა. "ვიტესმა" უარი თქვა. მერაბ ჟორდანია მიიჩნევდა, რომ რუსეთში ჩემთვის ადრე იყო წასვლა. "ჩელსის" ძირითადში გხედავო, - მეუბნებოდა.

- ჯანოსთან დიდი ხანია მეგობრობთ?
- მთელი ცხოვრება! ერთმანეთი თბილისში გავიცანით, სადაც ის სკაუტებმა ჩამოიყვანეს ქობულეთიდან. ჯანოსავით მინდორზე ჩემი არავის ესმის. ყველა ნაკრებში ვითამაშეთ ერთად. ჯანო ახლა "სპარტაკშია", მწვრთნელი მას ენდობა - ამიტომ არიან პირველ ადგილზე.

- "ვიტესში" ყოფნისას "ჩელსის" არაერთ ფეხბურთელს გადაეყარეთ. მათ შორის ყველაზე მაგარი ვინ იყო?
- ლუკას პიაზონი. მასთან დღემდე ვმეგობრობ. ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. "ვიტესში" ის მარცხენაფლანგელი იყო, მე კი - მარჯვენა. ვარჯიშების მერე სულ ერთად ვიყავით. ერთ-ერთ უქმეებზე პიაზონმა ლონდონში დამპატიჟა. ვნახეთ "ჩელსი"-"ასტონ ვილა", ბუკინგემის სასახლე... დიდი ექსკურსია გვქონდა... საერთოდ, ორ წელიწადში "ვიტესში" "ჩელსის" ოცამდე ფეხბურთელმა ითამაშა. იყვნენ ძალიან კარგებიც, ზოგიერთი კი ჰოლანდიაშიც ვერ ხვდებოდა განაცხადში.

Sportall.Ge

- ამ კითხვას სპარტაკელმა კვინსი პრომესმა არ უპასუხა: გასინჯეთ თუ არა ჰოლანდიაში ყოფნისას მარიხუანა?
- არ გამისინჯავს. კვინსი ახალგაზრდული ნაკრებიდან და "ტვენტედან" მახსოვს. მაშინაც კარგი ფეხბურთელი იყო, ახლა უკეთესი გახდა.

- ვილფრიდ ბონი ჩვენ სულ "ტერმინატორად" გვეჩვენებოდა. გინახავთ მასზე ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელი?
- ის არანორმალურია. ჩვენ 20 თამაში ჩავატარეთ ერთად და შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი თავდამსხმელი არ მინახავს. ის 105 კილოგრამს იწონიდა და საერთოდ არ დადიოდა სატრენაჟორო დარბაზში. თამაშის მეორე დღეს, ჩვეულებისამებრ, პარკში მივდიოდით. ერთხელ, მისი ფეხის კუნთები რომ დავინახე, კინაღამ ველოსიპედიდან ჩამოვვარდი. როცა ვარჯიშებზე ხუთი-ხუთზე ვთამაშობდით, ჩადგამდა კორპუსს და მცველები არც კი ცდილობდნენ ბურთამდე მისვლას. იცოდნენ, რომ წართმევის შანსი არ იყო.

მიულერის მაისურა მეგობარს ვაჩუქე
- 2012 წელს "ანჟი" და "ვიტესი" ერთმანეთს ევროპალიგაზე შეხვდნენ. მაშინ სამუელ ეტოომ გურამ კაშიას მაისურა და კაპიტნის სამკლავური აჩუქა. თქვენ შეგრჩათ რამე იმ დროიდან?
- არ მიყვარს მაისურების გაცვლა. როცა გერმანიაში ვთამაშობდი, მიულერს გავუცვალე. მერე ის მაისურა მეგობარს ვაჩუქე. მაქვს ინიესტას მაისურა. ეს იყო ბოლო შეხვედრა ევროპის ჩემპიონატის წინ და ჩვენ ესპანეთის ნაკრები დავამარცხეთ.

- რატომ გადახვედით "ვიტესიდან" "ალანიაში"?
- მაშინ "ვიტესში" მწვრთნელი შეიცვალა. ახალმა მწვრთნელმა და მე ერთმანეთს ვერ გავუგეთ. ამ დროს დამიკავშირდა რუსი აგენტი და მითხრა - თუ გინდა, "ვიტესს" ექვსთვიან იჯარაზე მოველაპარაკებით, მერე კი "ალანიას" გამოსყიდვის უფლება ექნებაო. 6 თვის მერე "ალანია" პრემიერლიგიდან გავარდა...

- ნახევარ წელიწადში 6 მატჩი ჩაატარეთ. ეს ბევრი არ არის. დარწმუნდით ვალერი გაზაევის სიმკაცრეში?
- გაზაევს ჩემთვის ცუდი არაფერი გაუკეთებია. მეტსაც გეტყვით - ის ისეთ მოტივაციას აძლევდა გუნდს, რომ ყველა ვხვდებოდით: უნდა მოგვეგო! სხვა საქმეა, რომ იყო ფინანსური პრობლემები - ხელფასებს არ გვიხდიდნენ.

ყველაზე ემოციური მწვრთნელი ჩემთვის არის არა გაზაევი, არამედ თემურ ქეცბაია. როცა გლაზგოში შოტლანდიასთან წავაგეთ, მან მთელი გასახდელი გაანადგურა. ამის შემდეგ გიბრალტარს ვეთამაშეთ და 3:0 მოვუგეთ. ყოჩაღ, ბიჭებოო! - გვითხრა ქეცბაიამ.

საინტერესოა, რომ გიბრალტარელთა მარცხენა მცველი მეხანძრე იყო. თამაშის შემდეგ დისკოთეკაზე რომ წავედით, იქ მათ თავდამსხმელს შევხვდით. თურმე, დაცვაში მუშაობდა. გვიცნო და გვითხრა - მოდით, ბიჭებო, ურიგოდ გაიარეთო.

- "ალანიას" კოკორინთან ჩხუბისა და დისკვალიფიკაციის შემდეგ დაემშვიდობეთ...
- თამაში უკვე მთავრდებოდა, როცა კოკორინი ჩვენს ფორვარდ ნეტოს ძალიან უხეშად ეთამაშა, იმდენად უხეშად, რომ ნეტო ტკივილისგან ყვიროდა. 1:0-ს ვიგებდით, ნერვული თამაში იყო. ხელი ვკარი კოკორინს, მან კი დამარტყა. მერე თქვენც ნახეთ ყველაფერი... საწყენია...

მაშინ ხუთი ტური კარგად ჩავატარე, გამოჩნდა რაღაც წინადადებები, თუმცა კოკორინთან მომხდარი ინციდენტის გამო 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მომცეს და ინტერესიც დაიკარგა. ორი თვის განმავლობაში არც ერთ ჩემპიონატში არ შემეძლო თამაში.

- "ურალი" ამ სეზონში უკვე ეთამაშა "ზენიტს". კოკორინს ელაპარაკეთ?
- ნორმალურად დავილაპარაკეთ და ერთმანეთს ხელი გავუწოდეთ.

როცა ასეთი ტატუ გექნება, მერე ვილაპარაკოთო...
- რომელი იყო ყველაზე ძვირი ევროპული საღამო, რომელშიც მონაწილეობდით?
- ეს იყო ლუკა ტონის დაბადების დღე. მაშინ "ვერონაში" ვიყავი. მან მილანში ცნობილი რესტორანი დაიქირავა. ყველანი მეუღლეებთან ერთად ვიყავით. მე ასეთ საღამოს ვუწოდებ "კარგ საღამოს კარგ ხალხთან ერთად". ტონი იმ გუნდში მამასავით იყო.

როცა რაფა მარკესი მოვიდა ჩვენთან, ტონის ჰკითხეს - შენ უფრო უკეთესი ხარ თუ რაფაო? ტონი მივიდა მარკესთან და ჰკითხა - შენ ჩემპიონთა ლიგა მოიგეო? მარკესმა - კიო, უპასუხა. მაშინ ტონიმ მას ტატუ აჩვენა მსოფლიოს თასის გამოსახულებით და უთხრა - როცა ასეთი გექნება, მერე ვილაპარაკოთო...

შეიძლებოდა, გასახდელში შემოსულიყო მწვრთნელი და ტონის მისთვის ეთქვა - დაჯექი, დაისვენე, ყველაფერს მე ავხსნიო. როცა ჩვენ კროსებს დავრბოდით, ლუკა მარტო ვარჯიშობდა. ჩემი სარბენი უკვე ვირბინეო, ამბობდა... როცა ის 37 წლის გახდა, ამის არავის სჯეროდა. სეზონის წინ ჟურნალისტების გამოკითხვა იყო. ერთმა დაწერა - ლუკა 8 გოლს გაიტანსო, სხვებმა - უფრო ცოტასო. 22 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირი გახდა!

Sportall.Ge

- გადავიდეთ "კლუჟზე". ეს რაღა იყო?
- არც არაფერი! რუმინეთში, უბრალოდ, დრო ტყუილად დავკარგე. გოლები კი გავიტანე, მაგრამ იქ ცხოვრება ძალიან რთულია. როცა მარტო ვიყავი, სახლიდან თითქმის არ გამოვდიოდი. მთელი ეს დრო ფულიც არ ამიღია.

- 2014 წლის ზაფხულში თქვენ "ვერონას" ფეხბურთელი გახდით, მაგრამ ისე დაუბრუნდით "კლუჟს", იტალიურ კლუბში ერთი მატჩიც არ ჩაგიტარებიათ. რა მოხდა?
- როცა "ვერონა" ჩემით დაინტერესდა, "ვიტესმა" 6 მილიონი ევრო მოითხოვა. იტალიელებმა, ბევრიაო. საბოლოოდ, ორ-ნახევარი მილიონი გადაიხადეს. წავედი შეკრებაზე. გვქონდა ოთხი საკონტროლო მატჩი. ბოლო თამაშში დავშავდი და დიდხანს არ მითამაშია. მერე დავბრუნდი რუმინეთში, თუმცა სიტუაცია მნიშვნელოვნად არ იყო შეცვლილი.

ეს სიმღერა მე მომიძღვნა...
- თქვენი არ იყოს, ბლაგოე გეორგიევიც თამაშობდა "დუისბურგში" და ის გერმანიას დედამიწაზე საუკეთესო საფეხბურთო ადგილს უწოდებს. ეს მეორე ბუნდესლიგაშიც იგრძნობა?
- ყველა ამბობს, რომ მეორე ბუნდესლიგა უფრო რთული სათამაშოა, ვიდრე - პირველი. 12-13 კილომეტრს გარბიან ერთ შეხვედრაში. ყველაზე რთული თამაში იყო, როცა გასავარდნად გვქონდა საქმე და "ლაიპციგი" გვესტუმრა. წარმოიდგინეთ, ახლა ისინი პირველ ადგილზე არიან ბუნდესლიგაში!.. მხოლოდ ორ ფეხბურთელს არ ვიცნობ, დანარჩენების წინააღმდეგ მითამაშია. მათ გავუტანე კიდეც გოლი.

"ლაიპციგი" აღარ ვარდებოდა და თავიც აღარ მოიკლეს. 1:0 მოვიგეთ, თუმცა მაინც გავვარდით. შეკრებებზე დილის 6 საათზე გვიწევდა ადგომა. პირველად, ცხოვრებაში! სამჯერადი ვარჯიში დღეში... 10 დღე გავატარეთ ასე. გაზაევსაც მძიმე შეკრებები ჰქონდა, მაგრამ გერმანიას მაინც ვერ შევადარებ.

- გეორგიევი ჰყვებოდა, რომ "დუისბურგში" მისი კარიერა მას შემდეგ დასრულდა, რაც კლუბის პრეზიდენტზე უკეთესი მანქანა იყიდა...
- როცა პირველი ან მეორე ბუნდესლიგის ფეხბურთელს უნდა მანქანის იჯარით შეძენა, ის მხოლოდ მისი ფასის ერთ პროცენტს იხდის. ვთქვათ, თუ მანქანა ღირს 100 ათასი ევრო, შენ იხდი 1 000 ევროს, ოღონდ - ყოველთვიურად. მეც ნორმალური მანქანა ვიყიდე, ვცხოვრობდი დიუსელდორფში, საიდანაც გადავდიოდი დუისბურგში. სულ 19 კილომეტრია ამ ქალაქებს შორის.

Sportall.Ge

- გუუს ჰიდინკი რომან პავლიუჩენკოს "მძინარე გიგანტს" უწოდებდა. არ შეგინიშნავთ, როგორ აყენებდა ის მაღვიძარას თამაშის წინ?
- ყველამ იცის, რომკა როგორი ფეხბურთელია, ხოლო, როგორც ადამიანი, ასჯერ - უკეთესი. ეკატერინბურგში ჩვენ ხშირად დავდივართ რესტორანში, ან უბრალოდ, ვისვენებთ.

- ავარიაშიც ერთად ხომ არ მოყევით?
- არა, მაშინ მე ნაკრებში ვიყავი. სხვა ისტორიას მოგიყვებით. იცით, ასეთი სიმღერა - "შენი თვალები"? ერთ-ერთ საღამოზე პავლიუჩენკო "დი-ჯეი" გახდა. ჩართო სიმღერა და ჩემკენ გამოიშვირა თითი - მე მომიძღვნა. ეს მოხდა "ლაუნჯ ბარში". როგორც წესი, იქ არ უსმენენ ასეთ სიმღერებს...

ეს რომ გავიგე, შოკში ვიყავი...
- იცით, რომ ჩისამბა ლუნგუს ქართული პასპორტი აქვს?
- შოკში ვიყავი, რომ გავიგე. ვფიქრობდი, ეს როგორ მოხდა-მეთქი?! ახლა ამას ვეღარ გააკეთებ - მთავრობა შეიცვალა და მოქალაქეობის მიღება გართულდა...

- ჩისამბას რაიმე ქართული აქვს? თუნდაც, ტექნიკა...
- ქართულად მხოლოდ გაბრაზებას გამოხატავს. კარგი ბიჭია. მგონი, "ურალში" უფრო დიდხანსაა, ვიდრე გრიშა.

- გრიშა? ანუ კლუბის პრეზიდენტი გრიგორი ივანოვი?
- კი. ჩისამბა მისი საყვარელი ფეხბურთელია. როცა ახალი მოსული ვიყავი, ასეთი თბილი ურთიერთობა არ გვქონდა. გუნდი სხვა ტაქტიკით თამაშობდა. იყო გაუგებრობა მწვრთნელთან, იყო საუბრები, რომ შეიძლებოდა, ოქრიაშვილი გადმოსულიყო "ურალში", მაგრამ სკრიპჩენკომ არ მოინდომა მისი აყვანა. ახლა ყველაფერი თავის ადგილზეა, ოქრიაშვილს "ზენიტის" კარში გააქვს... როცა მე და ივანოვი ერთმანეთს ვხვდებით, გადავეხვევით ხოლმე და თბილად ვსაუბრობთ.

Sportall.Ge

- სკრიპჩენკოს წასვლას ივანოვმა "ზურგში დანის ჩარტყმა" უწოდა...
- არ მინდა სკრიპჩენკოზე ლაპარაკი. მან თქვა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მეორე დღეს კი "კრილიადან" გიორგი ლორიამ მომწერა, თქვენი მწვრთნელი ჩვენთან მოვიდაო. ვკითხე, რომელი მწვრთნელი-მეთქი? რომელი და სკრიპჩენკოო. არადა, მომდევნო მატჩი სწორედ "კრილიასთან" გვქონდა...

- "ტერეკს" გაუტანეთ, თუმცა 30-ე წუთზე მოითხოვეთ შეცვლა...
- ფეხი მტკიოდა. საერთოდ არ უნდა მეთამაშა "ტერეკთან", ნემსი გავიკეთე... ვითამაშე სრული დატვირთვით ნახევარი საათი და მერე გავედი. წავაგეთ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ იქ რამე ისეთი იყო...

- თავიდანვე იცოდით, რომ "ტერეკთან" ნახევარი საათი უნდა გეთამაშათ?
- საზარდული მტკიოდა, ნემსი გავიკეთე. იმ შეხვედრაში მუხლში ჩამარტყეს. მათი მარცხენა მცველი რამდენჯერმე მოვატყუე. ტკივილს ვგრძნობდი, წინ იყო ფინალის ტოლი მატჩი "კრილიასთან". მივედი ექიმთან და ვუთხარი - გადაწყვიტეთ, როგორც უკეთესი იქნება, მე გაგრძელება შემიძლია-მეთქი. არ გარისკეს. ეს ფეხი დიდი ხანია, მტკივა. ჯერ კიდევ გერმანიიდან...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს გვარდიოლას და იბრას კონფლიქტი ასე ზუსტად საიდან იცი? შენ გააშველე ალბათ...
zaza
17:20 03-12-2016
0
ჭანტურ, ერთი მადლობა პოლოლიკაშვილს ეკუთვნოდა.
გამოჯანმრთელება გიო
Georgiano
20:20 03-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული