გიორგი ქვილითაია: ჩემი მხრიდან უხერხულიც კია ამაზე ლაპარაკი...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის ფორვარდი გიორგი ქვილითაია თბილისის "დინამოდან" ვენის "რაპიდში" ამ ზაფხულს გადავიდა. საქართველოდან გაყოლილი ტრავმის გამო, თავდაპირველად იშვიათად თამაშობდა, ბოლო დროს კი სულ უფრო ხშირად ჩანს ძირითად შემადგენლობაში, რაც მის პროგრესზე მიუთითებს. შემთხვევითი არ არის, რომ ქვილითაიამ ავსტრიის ჩემპიონატშიც მოასწრო თავის გამოჩენა და ევროპალიგაზეც აიღო იტალიური "სასუოლოს" კარი...

მან ჯერ კიდევ ჭაბუკმა მიიპყრო ქართველი გულშემატკივრებისა და სპეციალისტების ყურადღება. მოასწრო თამაში უცხოეთშიც, სადაც უნგრული "დიორი ეტოს" ღირსებას იცავდა. საქართველოში კი მოირგო გორის "დილასა" და თბილისის "დინამოს" მაისურები, წინა
ჩემპიონატში კი საქართველოს პირველობის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა 24 გოლით...

თუ რომელიმე ქართველ ფორვარდზე ითქმის - იმედისმომცემიაო, ერთ-ერთი უდავოდ ქვილითაიაა. "ლელო" მას ავსტრიაში შეეხმიანა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

- ჯერ ვილაპარაკოთ იმ პერიოდზე, რომელიც "რაპიდთან" ერთად განვლეთ თბილისის "დინამოდან" მისვლის შემდეგ...
- მთლიანობაში, საქმე კარგად მიდის. მას შემდეგ, რაც გუნდში ახალი მწვრთნელი მოვიდა, ჩემი სათამაშო დრო მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბოლო 6 თამაშიდან 5 - ძირითად შემადგენლობაში დავიწყე და ეს მახარებს, თუმცა ვიცი, რომ მიღწეულით არ უნდა დავკმაყოფილდე და ამისთვის ძალიან ბევრს ვშრომობ. ვცდილობ, ყოველდღიურად რაღაც ახალი ავითვისო, რათა საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოვავლინო.

საერთოდ, ფეხბურთელი გამუდმებით უნდა ისწრაფვოდეს პროგრესისკენ. სამი გოლი გავიტანე, მოვხვდი ტურის სიმბოლურ ნაკრებში... ძალიან კარგად ვიცი, რომ კიდევ უნდა მოვუმატო, პირველ რიგში - გოლებს. ერთი სიტყვით, ცდასა და მონდომებას არ ვაკლებ...

- და თავად "რაპიდის" გამოსვლას როგორ შეაფასებდით ავსტრიის ჩემპიონატსა და ევროთასებზე?
- სამწუხაროდ, ევროპალიგაში უკვე დავკარგეთ შემდგომ ეტაპზე გასვლის შანსი. რაც შეეხება ავსტრიულ ბუნდესლიგას, აქ მეხუთე ადგილზე ვართ. ასეთ ვითარებაში ჩემპიონობაზე ფიქრი უტოპიაა, მაგრამ იმის ძალა კი შეგვწევს, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ ევროსაგზურის მოპოვებისთვის. ამასთან ერთად, "რაპიდი" ავსტრიის თასზე წარმატებით თამაშობს და თასის მოგებაც შედის ჩვენს მიზნებში. ბიჭებს ვატყობ, რომ განწყობა ოპტიმისტურია და ვფიქრობ, შევასრულებთ იმ ამოცანებს, რომელიც ჩვენ წინაშე დგას. თითოეული ფეხბურთელი ძალიან მოტივირებულია.

- რას იტყვით ავსტრიული ბუნდესლიგის დონეზე?
- საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატია. მაგალითს გეტყვით - "შტურმთან" გოლი რომ გავიტანე, იმ შეხვედრას 26 ათასი გულშემატკივარი ესწრებოდა. ერთი შეხედვით, არ არის მაინცდამაინც ტექნიკური ფეხბურთი, მაგრამ ძალიან გახსნილი თამაშებია, გოლებიც საკმარისად გადის და სანახაობაც არის. ყველა თამაშს ძალების მაქსიმალური მობილიზება სჭირდება, წამითაც ვერ მოდუნდები. თუ ბოლომდე არ დაიხარჯე, იოლად ვერაფერს მიაღწევ.

- ფაქტია, "რაპიდი" დიდი კლუბია ავსტრიის მასშტაბით...
- როცა აქ ჩამოვედი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ თუნდაც გასვლით თამაშებზე ჩვენ მეტი გულშემატკივარი გვეყოლებოდა, ვიდრე მასპინძელ გუნდს.

- როგორ ეგუებით "რაპიდის" ცხოვრების ტემპს? გაცილებით ინტენსიურად გიწევთ თამაში, ვიდრე საქართველოში...
- ეს მართლაც ასეა. საქართველოში ძირითადად ერთი თამაში მიწევდა კვირაში, აქ კი ხშირად სამი თამაშიცაა. ასეთი გრაფიკი ფიზიკურად განსაკუთრებულ მომზადებას მოითხოვს. რა ვიცი, მგონი შევეგუე... ეგ იყო, ბოლო თამაშში მე-60 წუთზე შემცვალა მწვრთნელმა. ალბათ, ცოტა დაღლა შემატყო.

- დატვირთვები დიდია?
- ისეთი ინტენსიური სეზონია, ყოველდღიური ვარჯიშებისთვის დრო პრაქტიკულად არ გვრჩება. თამაში, აღდგენა და მატჩისწინა წვრთნა - ძირითადად ესაა ჩვენი გრაფიკი. ამბობენ, ადრე მოსამზადებელ პერიოდში დიდი დატვირთვები იყოო.

- გუნდის შიგნით როგორი სიტუაციაა?
- მეგობრული გუნდია. ენის მხრივაც არ გამჭირვებია, ინგლისური და რუსული ვიცი, მესმის სერბული და ხორვატული, ცხადია, გერმანულსაც ვსწავლობ... მოკლედ, ამ მხრივ არ არის არანაირი პრობლემა. ერთადერთი პრობლემა, რაც "რაპიდში" მქონდა, ის იყო, რომ საქართველოდან ტრავმირებული ჩამოვედი და ამის გამო დაახლოებით 40 დღე გამიცდა. მაგრამ უცხოობა საერთოდ არ მიგრძვნია. ჯერ ერთი, მართლა ძალიან მეგობრული გუნდია. მეორეც, პატარაობიდანვე ვიყავი მიჩვეული უცხოეთში ყოფნას.

- ახლა როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგადაა. არაფერი მაწუხებს.

- ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა "რაპიდში"?
- თავად განსაჯეთ, გუნდში ექვსი თავდამსხმელია. ძალიან კარგი ფორვარდები არიან, ხორვატი იელიჩი "ჟილინას" შემადგენლობაში სლოვაკეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ბრაზილიელი ჟოელინტონი კონტრაქტით გერმანული "ჰოფენჰაიმის" საკუთრებაა და ჩვენთან იჯარით თამაშობს. ესპანელ ტონი კორეას სეგუნდაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს...

საერთოდ, ძალიან სასიამოვნოა ისეთ გუნდში თამაში, სადაც დიდი კონკურენციაა. შენს თავს გამუდმებით ბევრს სთხოვ. ვარჯიშებზეც კი ბოლომდე მოტივირებული ხარ. ფეხბურთელისათვის ეს ძალიან კარგია.

- "რაპიდის" შემადგენლობაში გატანილი გოლებიდან რომელს გამოარჩევდით?
- გოლს "სასუოლოსთან" მატჩში. როცა ევროპალიგაზე გაგაქვს, სულ სხვა შეგრძნებაა.

- საქართველოს ჩემპიონატის მერე ავსტრიულ ტემპთან შეგუება იოლი არ უნდა ყოფილიყო...
- საქართველოს ჩემპიონატი ყველას ძალიან გვიყვარს, თუმცა ტემპი რომ ვერ არის ისეთი მაღალი, როგორიც უნდა იყოს, ამას ჩემგან მტკიცება არ სჭირდება. მაგალითად, "დინამოში" გავიხსნებოდი და ალექსანდრე იაშვილი ისეთ პასს მომცემდა, აღარაფერი უნდოდა გოლის გატანას. ვიცი, რა მოთხოვნები დგას ჩემ წინაშე და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ისინი დავაკმაყოფილო. ბოლო თამაშებში 12 კილომეტრზე ნაკლები არ მირბენია. საქართველოში თამაშის დროს სპრინტი 200 მეტრი მქონდა, ახლა 500 მეტრი მაქვს.

- ცნობილია, რომ ავსტრიის ჩემპიონატს ძალიან ბევრი სელექციონერი ესწრება. ერთ ნაბიჯზეა, თუნდაც, გერმანული ბუნდესლიგა...
- მართლაც ძალიან ბევრი სელექციონერია, ჩემპიონატის ყველა მატჩს ესწრებიან...

- შეიძლება ადრეა, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ: თქვენ მიმართ ინტერესი არ არის?
- მართლა არ გამიგია არაფერი. ამ ეტაპზე ჩემი მთავარი საზრუნავი "რაპიდში" ადგილის დამკვიდრებაა. იმდენი რამ მაქვს დასამტკიცებელი, ჩემი მხრიდან უხერხულიც კია ამაზე ლაპარაკი...

- "რაპიდთან" რამდენწლიანი კონტრაქტი გაქვთ?
- ოთხწლიანი.

- თავისი ინფრასტრუქტურით, "რაპიდი" ნამდვილი ევროპული კლუბი უნდა იყოს...
- ასეა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გუნდის განკარგულებაში შვიდი უმაღლესი ხარისხის სავარჯიშო მინდორია. გვაქვს უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ბაზა. რაც შეეხება სტადიონს, ეს არის სუპერთანამედროვე არენა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით ლონდონის "ჩელსი" იყო ვენაში ჩამოსული და "რაპიდთან" ამხანაგური მატჩი გამართა. ახალი სტადიონი 32 ათას გულშემატკივარს იტევს.

- გასაკვირი არ იქნება თქვენგან იმის მოსმენა, რომ თვითონ კლუბიც აწყობილად მუშაობს...
- რა თქმა უნდა. აქ ყველამ იცის თავისი საქმე. იყო წაგებების სერია, მაგრამ არავინ ჩავარდნილა პანიკაში, ყველა ჩვეულებრივ, წყნარად და მონდომებით აგრძელებდა საქმის კეთებას. როგორიც არის ჩვენი წარმოდგენა ნამდვილ ევროპულ კლუბზე, სწორედ ასეთია "რაპიდი". საათივითაა აწყობილი მექანიზმიაო, სწორედ მასზეა ნათქვამი.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ "რაპიდის" ქომაგებთან და ავსტრიელ ჟურნალისტებთან?
- ძალიან კარგი. ვცდილობ, ყველაფერი წავიკითხო, რაც "რაპიდზე" და ჩემ შესახებ იწერება. თავიდან მაინც იყო გარკვეული სკეპტიციზმი ჟურნალისტების მხრიდან. საქართველოს ჩემპიონატში გოლები კი გაჰქონდა, მაგრამ აქ გაუჭირდებაო - დაახლოებით ასეთი იყო აზრი. მერე რამდენჯერმე დაიწერა, ქვილითაია კარგად მოერგო ავსტრიის ჩემპიონატსო. სიმბოლურ ნაკრებში მოვხვდი... გულშემატკივრებისგანაც მხოლოდ კეთილგანწყობას ვგრძნობ.

აქ იდეალური გარემოა იმისთვის, რომ საფეხბურთო თვალსაზრისით გაიზარდო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
შრომა უნდა გააგრძელოს და აუცილებლად გახდება რაპიდის ძირითადი ფეხბურთელი ასეთ შემთხვევაში გოლებსაც ბევრს გაიტანს და საქართველოს ნაკრებსაც გამოადგება, მითუმეთეს ნაკრებს ძალიან ჭირდება გამტანი ფორვარდი.
bebeto
15:59 11-12-2016
0
მეტი გოლი უნდა სჰეაგდო ტორე დაიცყებ ცკამის ხეხვას მალე.ისჰრომე ბიზია ეს მარტვილს და ცხინვალს რო უსრულებდი ის არ გრგონოს.
ბაჯო
10:40 10-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული