ჯანოს ეს ფაქტი უნდა ახსოვდეს... ინტერვიუ რევაზ ჩელებაძესთან

AutoSharing Option
სეზონის დასრულების შემდეგ კლუბებში ტრადიციული საკადრო ცვლილებების ხანა იწყება. გამონაკლისი არც ქობულეთის "შუქურაა", რომელმაც პრო ლიგა 1-ში თამაშის უფლება მოიპოვა...

...მაგრამ კლუბის დირექტორ რევაზ ჩელებაძეს "ლელო" მხოლოდ საკლუბო თემაზე არ ელაპარაკა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც ვკითხეთ აზრი. რადგან ის მოთამაშეების ტრანსფერებშიც მონაწილეობს, შესაბამისად, ბათუმის "დინამოს" მოთამაშეთა რუსულ კლუბში წასვლასა და საბა კვირკველიას მომავალზეც გველაპარაკა, თან კომენტარი ჯანო ანანიძის ინტერვიუზეც ვთხოვეთ...

კომახიძის ტრანსფერი
- ჯერ ქობულეთის "შუქურაზე" გკითხავთ. სეზონი დასრულდა და საინტერესოა, რა ცვლილებებს გეგმავთ?
- კონტრაქტი ბევრ ფეხბურთელს უმთავრდება და მალე გადაწყდება,
ხელშეკრულება ვისთან გავაგრძელოთ და ვისთან - არა. ალბათ, მოთამაშეთა ნაწილი დაგვტოვებს, თუმცა გაძლიერებაც გვსურს და იმედია, ახალ სეზონს "შუქურა" შარშანდელზე უკეთესი შემადგენლობით შეხვდება.

- ცნობილია, რომ "შუქურას" წევრი, ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი ირაკლი კომახიძე ბევრი გუნდის ინტერესის სფეროში მოექცა...
- დიახ, ასეა. ირაკლის 12 წლიდან ვიცნობ, ნიჭიერი ბიჭია და შეუძლია, მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშოს.

- ამტკიცებენ, რომ მისით თბილისის "დინამო" და "ლოკომოტივი" დაინტერესდნენ...
- არ დავკონკრეტდები, რომელი კლუბები დაინტერესდნენ, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ საქართველოში ლამის ყველა ლიდერი იწვევს.

- მართალია, თითქოს უცხოეთშიც იწვევენ?
- პირდაპირ ვიტყვი, რომ რუსეთის პრემიერლიგის გუნდები დაინტერესდნენ და შესაძლოა, მალე ერთ-ერთ მათგანში აღმოჩნდეს და იქვე გადაწყდება, თურქულ შეკრებაზე რომელ გუნდს გაჰყვება. სხვათა შორის, მარცხენა მცველის პოზიცია დეფიციტურია და შრომა თუ არ დაეზარება, დიდ ფეხბურთს ითამაშებს, შანსი აქვს, ტოპ-კლუბში მოხვდეს.

კომახიძის შესაძლებლობები ჯერ კიდევ ასაკობრივ ნაკრებებში გამოჩნდა. შესარჩევ ციკლში, ალბანეთთან, ლამის მთელი გუნდი მოატყუა და ჩვენი 19-წლამდელები ელიტრაუნდში გაიყვანა. სწორედ მაშინ ვიფიქრე, რომ დრო იყო, "შუქურას" ძირითადში ეთამაშა.

ფეხბურთელი მხოლოდ ვარჯიშით ვერ გაიზრდება, მთავარი - სათამაშო პრაქტიკაა. ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთი წელი ითამაშა და ამის მიუხედავად, ძალიან გაიზარდა.

- როგორც გავიგეთ, ბათუმის "დინამოს" მოთამაშეები - ლევან გეგეჭკორი და ელგუჯა ლობჯანიძე რუსეთის პრემიერლიგის კლუბ "ორენბურგში" მიგყავთ...
- დიახ, დიდი ალბათობით, ასეც მოხდება. კლუბის წარმომადგენლებს ველაპარაკე, ორშაბათს თურქეთში ბილეთებს აუღებენ და 11 იანვარს "ორენბურგს" ანტალიაში გაჰყვებიან.

კვირკველიას და ხოჭოლავას მომავალზე
- ახლა დიდი მოთხოვნაა დავით ხოჭოლავაზე, რომელიც 2014 წლის ზაფხულში ფოთის "კოლხეთიდან" "შუქურაში" სეზონის დაწყებამდე საჩქარო წესით აიყვანეთ. არადა, მაშინ ხოჭოლავაზე ჩვენი ჩემპიონატის ლიდერები უარს ამბობდნენ...
- ნიჭიერი ბიჭი რომ იყო, აშკარად ჩანდა. ახლა მისით დონეცკის "შახტარი" დაინტერესდა. მასთან ახლა მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა მაქვს და ვგულშემატკივრობ, რადგან ძალიან კარგი ადამიანი და ნიჭიერი მცველია.

- საბა კვირკველიას ამბებიც გეცოდინებათ, ისიც ხომ თქვენ წაიყვანეთ რუსეთში...
- რაც ვიცი, საბას საკითხი მალე გადაწყდება. ამაზე ჩემი ახლო მეგობრები მუშაობენ. "რუბინში" თუ დარჩება, ძალიან კარგად იქნება და პრობლემები მოეხსნება, ან ძალიან ძლიერ და კარგ კლუბში გადავა. რუსეთის პრემიერლიგის ტოპ-კლუბები მისით რეალურად დაინტერესდნენ.

სხვათა შორის, მასზე, როგორც პიროვნებაზე, უნდა ვთქვა - რთულ პერიოდში დამიდგა გვერდში. მეუღლე ცუდად მყავდა და ძვირად ღირებული ოპერაცია დასჭირდა, მე კი ამ თანხას ვერ ვშოულობდი. საბამ ეს ხარჯი საკუთარ თავზე აიღო და მეუღლე გადამირჩინა. ამას არასოდეს დავუვიწყებ. საბა შვილივით მიყვარს და მჯერა, დიდ გუნდში ითამაშებს.

პოლემიკას არ ვაპირებ
- რუსულ მედიაში ანანიძემ თქვენზე საკმაოდ მწვავედ ილაპარაკა და გვერდს ამ თემასაც ვერ ავუქცევთ...
- ამ ინტერვიუმ გამაოგნა! ჯანოსთან პოლემიკას არ ვაპირებ, ღმერთმა გაუმარჯოს და წარმატებებს ვუსურვებ! მაგრამ მიკვირს, საიდან ასეთი უმადურობა?

ჯანომ თავადაც კარგად იცის, რომ აგენტივით კი არ მსურდა წილში ჩაჯდომა, არამედ კარიერის აწყობაში დავეხმარე. ეს კი ორი სხვადასხვა რამაა. მამამისმა მთხოვა, რომ მიმეხედა, სხვა არაფერი მაინტერესებსო და მეც შვილივით ვექცეოდი. ძმები სურკისები ჩემი მეგობრები არიან და ჯერ კიევში ჩავიყვანე, მაგრამ 17-წლამდელების მაშინდელმა მწვრთნელმა ცანკერმა უნგრეთში ათამაშა და კიევის "დინამოდან" გამოუშვეს, რადგან უკრაინულ პასპორტზე უარი ვათქმევინე.

მართალს ამბობს, უნგრეთში, ჩვენი ნაკრების თამაშებს მოსკოვის "სპარტაკის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ და ჯანო მოეწონათ. მაგრამ კიევის აკადემიიდან გამოშვებულს, კარლო მჭედლიძის შვილმა, გიორგიმ "ემპოლიში" გასინჯვა შესთავაზა და იტალიაში მე ვახლდი, სადაც თავი ვერ გამოიჩინა.

ამის მერე დამიკავშირდა მოსკოველების ტექნიკური დირექტორი ევგენი სმოლენცევი. წესით, ჯანოს ეს ფაქტი უნდა ახსოვდეს. "სპარტაკის" დუბლებში რომ სინჯავდნენ, იქ მწვრთნელი კეჩინოვი იყო, რომელმაც მითხრა - 15 წუთი დავაკვირდებითო. ვთხოვე, ეს საკმარისი დრო არაა და იქნებ ტაიმი მაინც ათამაშო-მეთქი. ასეც მოხდა და ჯანომ "იფრინა" - ორი გოლი გაიტანა და ორიც საგოლე პასი გააკეთა.

მაინტერესებს - მარტო რომ მისულიყო, 15 წუთზე მეტს ათამაშებდნენ და ამ დროში თავს გამოიჩენდა?

- როგორც ინტერვიუდან ირკვევა, ანანიძის უმაყოფილება თქვენმა ფინანსურმა მოთხოვნებმა გამოიწვია...
- საქმე რომ გამოსულიყო, ჩემი თანხის ნაწილზე ვთქვი უარი და არა 300 ათასზე, არამედ 250 ათასზე შევთანხმდით, ოჯახმა კი 30-ის ნაცვლად, 100 ათასი მიიღო. გაითვალისწინეთ, რომ ლაპარაკი 15 წლის ბიჭზე იყო, "სპარტაკს" კი ამხელა თანხა მისი ასაკის ფეხბურთელში არასოდეს გადაეხადა.

ჯანოსთან კონტრაქტის გაფორმებაზე არც მიფიქრია, ერთმანეთთან იმდენად ახლო ურთიერთობა გვქონდა - აგენტივით რომ მოვქცეულიყავი, კონტრაქტს გავუფორმებდი და ვერსად გამექცეოდა. მაგრამ ის ჩემთვის შვილივით იყო, ორი წლის განმავლობაში კიევში მის წასვლა-წამოსვლას და დაბინავებას ვახერხებდი.

არ ვიცი, ხელფასის წილზე ვინ რა უთხრა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომითხოვია. სხვათა შორის, თავად კი არ დამშორდა, ურთიერთობაზე უარი ჩემი ნებით ვთქვი, რადგან აშკარად ვგრძნობდი, რაღაც კარგად აღარ იყო. გული მწყდება და მისი ასეთი საქციელი ვერ ამიხსნია.

ბოდიშს ვიხდი, რომ დავეხმარე ნიჭიერ ბიჭს, რომელსაც საფეხბურთო სამყაროში მარტოს გაუჭირდებოდა - გვერდში მდგომი თუ არ გყავს, ცნობილ კლუბებთან ურთიერთობა ძნელია. სხვაგვარად, 13 წლის ბიჭს კიევის "დინამოსა" და მოსკოვის "სპარტაკში" გზა ასე იოლად არ გაეხსნებოდა.

იმისთვისაც ბოდიშს ვიხდი, რომ 16 წლის ბიჭს 100 ათასი ავაღებინე და ეტყობა, იმაშიც დამნაშავე ვარ, რომ მის ამბავში ჩავერიე და მოსკოვის "სპარტაკის" დუბლების მწვრთნელმა გასინჯვაზე მეტი ათამაშა. მისი მომავლის გამო კიევის "დინამოსთან" მისასვლელი დავკარგე და ამისთვისაც ბოდიში მე უნდა მოვიხადო!..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 28 /
"ცისფერი მტები ანუ დაუჯერებელი ამბავი". გაიტანეთ, გაიტანეთ, გაიტანეთ ჩელეეეეეეეეეეეეე“!!!!!!!
ჯუდო დარსაძე
16:06 14-02-2017
0
შენ რამდენი აიღე ის თქვი, ჯანომ ამდენი თანხა აიღო სპარტაკიდანო რო ამბობ. შენ რამდენი გამოართვი "მეგობრულად"? ესეთი ხალხია ქართულ ფეხბურთში და მერე გვიკვირს რატო ვართ ასეთ დღეში
giorgi
12:08 10-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული