[ექსკლუზივი] გიორგი ლორია: როცა ვაგებ, ქუჩაში გასვლის მრცხვენია

AutoSharing Option
"კრილია სოვეტოვი" რუსეთის ჩემპიონატში ბევრი არაფრით გამოირჩევა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ გუნდის მთავარი ვარსკვლავი საქართველოს ეროვნული ნაკრების 30 წლის მეკარე გიორგი ლორიაა. რომ არა ლორიას სანაქებო გარჯა, სამარულ კლუბს ძალიან გაუჭირდებოდა რუსეთის უმაღლეს დივიზიონში თუნდაც საშუალო გუნდის სტატუსის მოპოვება.

ლორია საკუთარ თავს რუსეთის ჩემპიონატშიც არ ღალატობს. არის ძალიან დამაჯერებელი და, ამავე დროს, ეფექტური. შეხედავ მის თამაშს და გაიფიქრებ - "კრილიასთვის" ეს მეკარე ცოდოაო, მაგრამ ისიც ვიცით, რომ მეკარეები ყველაზე რთულად ეწყობიან სოლიდურ კლუბებში.

ლორია ახლა თბილისშია და, რა თქმა
უნდა, მასთან გასაუბრების შანსი ხელიდან არ გავუშვით...

რუსეთის ჩემპიონატი
- მთავარი მახასიათებელი ალბათ, მაინც ის არის, რომ ძალისმიერი ჩემპიონატია, "ჩაკეტილი" თამაშებით. მთავარი აქცენტი კეთდება გოლის არგაშვებაზე. ამინდიც დაბრკოლებაა ზოგჯერ, მაგრამ ხშირად არ იგრძნობა თოვლი და ყინვა, ისეთი კარგი სტადიონებია...

მაწუხებს თუ არა ხშირი გადაფრენები? პრემიერლიგაში ეს პრობლემა ნაკლებად დგას, მე ვერ ვიტყვი, რომ ეს განსაკუთრებული პრობლემაა. ყველაზე ხანგრძლივი გადაფრენა, რასაც ახლა ვიხსენებ, ამ სეზონში სანკტ-პეტერბურგში მქონდა...

"კრილია" და სამარა
- ჯერ საფეხბურთო თვალსაზრისით ვიტყვი. წინა მწვრთნელის, ბელგიელი ფრენკ ვერკოტერენის დროს ჩვენი მთავარი მიზანი გოლის არგაშვება იყო. გავდიოდით მინდორზე იმ მიზნით, რომ კარი როგორმე "მშრალად" შეგვენახა.

ახლა გაცილებით შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ. ურთიერთობების თვალსაზრისით კი, ძალიან მეგობრული გუნდია. როცა გაბულოვ ჩვენთან თამაშობდა, მასთან განსაკუთრებით ვმეგობრობდი. ახლა ვმეგობრობ ცალაგოვთან, სერგეი ტკაჩოვთან, ვინც იჯარით თამაშობს ჩვენთან მოსკოვის ცსკა-დან...

სამარა კი ძალიან კარგი ქალაქია. ფეხბურთი სიგიჟემდე უყვართ და უყვართ "კრილიაც". ქუჩაში გამოსულს, სულ გცნობენ და გაჩერებენ. ყურადღებას გამუდმებით გრძნობ. ზამთარში, გაუსაძლის ყინვაშიც კი ძალიან ბევრი ქომაგი მოდის ჩვენ გასამხნევებლად. ზაფხულში კი სტადიონი სულ სავსეა.

კარიერის "სეივი"
- თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ და, ასეთი "სეივები" ამ ბოლო დროს მართლაც რომ ბლომად დაგროვდა. აღარც კი ვიცი, რომელი ერთი გავიხსენო. მოდით, გავმიჯნოთ საკლუბო და სანაკრებო დონე. დავიწყებ საკლუბოთი.

ამ ცოტა ხნის წინათ, "სპარტაკთან" მატჩში გლუშაკოვის დარტყმული მოვიგერიე. ბურთმა მართლაც რომ სასწაული ტრაექტორია მოხაზა. გუნდის გადარჩენა შევძელი, ხელი კი მეტკინა, რომ არ დაგიმალოთ...

გავიხსენებდი "ლოკომოტივთან" მატჩს, ან თუნდაც მთელი მატჩი "ოლიმპიაკოსთან", როცა ოფი-ში ვთამაშობდი. ბერძნული ფეხბურთის გრანდთან 0:3 წავაგეთ, მაგრამ 17 თუ 21 "სეივი" მქონდა, ზუსტად აღარ მახსოვს.

ნაკრებში ესპანეთთან, ბელორუსთან, საფრანგეთთან მატჩებში მქონდა დასამახსოვრებელი ეპიზოდები. არ მინდა, რომელიმე გამომრჩეს...

რაზე სწყდება გული?
- რა ვიცი, ასე გამორჩევით ვერ ვიტყვი... რუსეთში წასვლამდე გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში შემეძლო გადასვლა. აქვე დავამატებ, რომ რუსული პრემიერლიგა უფრო მაღალი დონეა, ვიდრე გერმანიის მეორე ბუნდესლიგა. რუსეთის ჩემპიონატი მეცხრეა ევროპულ რეიტინგში.

გული მწყდება იმაზეც, რომ "ჩელსიში" ვერ წავედი, მაგრამ მეორე მხრივ, ჩემზე ძალიან ცოტა რამ იყო დამოკიდებული. ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია... მერე, "ოლიმპიაკოსში" რომ გადავედი, ალბათ, უკეთესი იქნებოდა, აეკ-ში ან პაოკ-ში წავსულიყავი.

ერთი შემთხვევაა ფეხბურთელის კარიერა. შეიძლება გააკეთო არჩევანი და მერე სხვანაირად, უკეთესად წავიდეს ყველაფერი. მე ბედს არ ვემდური...

საუკეთესო მწვრთნელი, ვისთანაც უმუშავია...
- საერთოდ, ჩემი ამპლუის ფეხბურთელებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მეკარეების მწვრთნელს, მაგრამ მოდით, დავიწყებ ზოგადად მწვრთნელებით.

აუცილებლად დავასახელებ ალექს გარსიას, "დინამოს" ყოფილ დამრიგებელს. არ ვიცი, სხვა რას ფიქრობს, მაგრამ მე ის ძალიან მაღალი დონის მწვრთნელად მიმაჩნია. აუცილებლად აღვნიშნავ კახა ცხადაძეს, ვლადიმირ ვაისს, თემურ ქეცბაიას, ჯენარო გატუზოს...

მეკარეების მწვრთნელებიდან უნდა გამოვყო იტალიელი გაეტანო პეტრელი. ეს არის მწვრთნელი, ვინც გატუზოს დროს მავარჯიშებდა. სხვათა შორის, ჩვენი გზები კვლავ იკვეთება. ის "კრილიაში" მოდის სამუშაოდ.

ბევრი რამ მომცა ბელგიელმა გი მარტენსმა. მან გაზარდა ტიბო კურტუა. შესანიშნავი მწვრთნელია. აუცილებლად უნდა გამოვარჩიო თბილისის "დინამოს" მეკარეების მწვრთნელი გელა ჭანტურია...

რას იტყოდა გატუზოზე?
- ხომ გახსოვთ, როგორი ფეხბურთელიც იყო? ზუსტად ისეთივე მწვრთნელია. რა თქმა უნდა, ვიგებდით და ვაგებდით ოფი-ში, მაგრამ მე მის თვალებში ბედთან შეგუებული კაცის მზერა არ დამიჭერია. მარცხს არასოდეს ურიგდება, არ ნებდება, ნამდვილი ვაჟკაცია.

ურთიერთობაში კი ძალიან უშუალოა და ამის გამოც ვცემ ძალიან დიდ პატივს. ხშირად ყოფილა, მე და ჩემი თანაგუნდელები შინაც მივუწვევივართ მეგობრულ ვახშამზე და ასე შემდეგ.

ყველაზე საშიში ფორვარდი, ვის წინააღმდეგაც უთამაშია...
- ალბათ, უფრო მცველები გასცემენ ამ კითხვას პასუხს. მართლაც ბევრი ძლიერი თავდამსხმელის წინააღმდეგ მითამაშია, მაგრამ ასე ერთს ვერ გამოვარჩევ...

რუსული ყინვა
- ძალიან სერიოზულ პრობლემას მიადექით (იცინის). საბერძნეთში კუნძულ კრეტაზე ვთამაშობდი, სადაც სულ მზე ანათებდა. რა ვქნა, ვეგუები ამ ყინვას შეძლებისდაგვარად. რაც მაქვს, თითქმის ყველაფერი მაცვია. თუ სტადიონზე ვარ და ბურთი არ მაქვს, მარტოც დავრბივარ, რომ გავხურდე და არ გავიყინო...

რას გრძნობს, როცა აგებს?
- ამ დროს სულ სხვა ადამიანი ვხდები. სულ მეუბნებიან, რომ ძალიან მტკივნეულად განვიცდი მარცხს, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. წაგებული თამაშის შემდეგ ღამე არ მძინავს, ხანდახან მომდევნო ღამეც თეთრად გამითენებია. ვარ ჩემთვის ჩაკეტილი ოთახში და ფირზე ვატრიალებ თამაშს - როგორ შევცდი, სად შევცდი...

პირდაპირ გეტყვით: ქუჩაში გასვლის მრცხვენია ხოლმე, როცა ვაგებ.

ლორია და კინო
- ამ მხრივ, ახალი არაფერია. ფეხბურთი და მხოლოდ ფეხბურთი!.. ისე, თუ იქნება საინტერესო შეთავაზება, რატომაც არა?! არ დავმალავ, კინო ძალიან მიყვარს. ეს ისე მოხდება, რომ არ ავნებს საერთოდ ჩემს კარიერას.

კარიერის მთავარი მიზანი
- აქაც უნდა გავმიჯნოთ საკლუბო და სანაკრებო კარიერა. საკლუბო კარიერაში უფრო მეტის მიღწევა მინდა. არ მგონია, "კრილია" ჩემი ბოლო გუნდი იყოს. არის კიდეც საუბრები...

არ მინდა, გავასწრო მოვლენებს. უბრალოდ, რუსეთის სხვა გუნდში გადასვლა არ მეჩვენება მაინცდამაინც რეალურად. ჩემი პასპორტით ლეგიონერად ვითვლები. რატომღაც კლუბები ერიდებიან ლეგიონერი მეკარის აყვანას. ურჩევნიათ, საშუალო დონის ადგილობრივი მეკარე დააყენონ. არ ვაპირებ მიღწეულით დაკმაყოფილებას.

სანაკრებო დონეზე კი ყველას ერთი მიზანი გვაქვს და ეს ალბათ, სცდება მხოლოდ სპორტულ ჩარჩოებს - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს.

კერპი
- ჩემი კერპი იყო ჯანლუკა პალიუკა. მას შემდეგ, რაც ის წავიდა ფეხბურთიდან, ჯანლუიჯი ბუფონი რჩება ჩემთვის იდეალურ მეკარედ. კიდევ ბევრი დიდებული მეკარეა - ნოიერი, კასილიასი, კურტუა... წარსულიდან - შმეიხელი... გემოვნების ამბავია მაინც...

მეკარე და ასაკი
- 30 წლის ვარ და ჯერ საერთოდ არ ვფიქრობ წასვლაზე. 24 წლის ვიყავი, როცა სტაბილურად დავიწყე თამაში. მწვრთნელები სულ მეუბნებიან, რომ ვპროგრესირებ. უფეხბურთოდ ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია.

ახალი წელი
- მამა აღარ არის ჩემ გვერდით და რთულია, ძალიან რთულია ახალი წელი მის გარეშე... ჩვეულებრივად შევხვდები ახალ წელს. პირველში მამას დაბადების დღეა. თავადაც მიხვდებით, რას და როგორ განვიცდი.

ჩვენს ქვეყანას ხვავს, ბარაქას და სიკეთეს ვუსურვებ. ვისურვებდი, რომ ქართველ ფეხბურთელებს გაგვეხარებინოს ქომაგი 2017 წელს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბევრჯერ ვაპატიეთ.ბოლო შეცდომაზე მაინც მოიხადოს ბოდიში - ნაკრების იმედები დამარხა!აღიაროს შეცდომა და ახსოვდეს, რომ არ გაიმეოროს მომავალში.თორემ, ეგ კი დაივისყებს, მაგრამ გულშემატკივარს ყოველთვის ესხსომება. ახალი წელი არ არის მიზეზი მაგნაირი მარცხის დასავიწყებად. აი მაგის ბოდიში კი შეიძლება ჩაითვალოს ეგეთ მიზეზათ...
სოსო-ს
29 დეკემბერი 2016 12:44
0
ხალხო,ახალი წელი მოდის,ამ კაცისაგან კარგი არაფერი გახსოვთ?დაივიწყეთ ის ერთი ორი შეცდომა და დაიხსომეთ მისი კარგი თამაში.მე კი თქვენც და გიორგისაც გილოცავთ დამდეგ ახალ წელს,დაე წარმატებული ყოფილიყოს ყოველი საქართველოს შვილისათვის,ყველას გისურებთ კეთილი სურვილების ასრულებას,სულიერ და ტერიტორიულ გაერთიანებას,მთავრობაში წესიერი დაჭკვიანი ხალხის მოსვლას,მშვიდობას,ურთიერთ სიყვარულს,ურთიერთ გატანას,ავისა და კარგის შეუცდომელ გარჩევას,ეკონომიურ წინსვლას და რაც მთავარია,ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი.
სოსო
28 დეკემბერი 2016 16:49
0
გიორგი ლორიას-მაშინ შენ საერთოდ არ უნდა გამოხვიდე გარეთ სირცხვილის გამო...
lali
28 დეკემბერი 2016 14:54
0
მოლდოვასთან კარები დაკარგა, დამცველებს უყვიროდა... კარგი მეკარე ბურთს მხედველობიდან არ გამოუშვებს.
გარინჩა
28 დეკემბერი 2016 11:23
0
მოლდოვასთან გოლი ლორიას ბრალი არ იყო. იმ კრეტინმა უბრალოდ ბურთს ფეხი მოუქნია და გოლი გამოვიდა. აი ავსტრიასთან პირველი გოლი ლორიას სინდისზეა.
muzenbezis
28 დეკემბერი 2016 10:23
0
ამ ლოგიკით საქართველოში ვერ უნდა ჩამოდიოდეს... ბოლო თამაშებში მის სინდისზეა რამოდენიმე გოლი :( სამწუხაროდ
musenbezi
28 დეკემბერი 2016 00:52
0
კაი ინტერვიუ კაი კაცთან
loma
27 დეკემბერი 2016 22:48
0
გენაცვალე ლორი!!!
მამუკა
27 დეკემბერი 2016 19:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული