ზაურ სვანაძე: ჩემი სამწვრთნელო კრედო არის სამართლიანობა!

AutoSharing Option
ბაქოს "ინტერი" აზერბაიჯანის ჩემპიონატში წარმატებით თამაშობს. მართალია, ზაურ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი იქაური ფეხბურთის ლიდერებს ფინანსური სტაბილურობითა და კონტინგენტით ვერ დაეტოლება, მაგრამ გუნდი ყველა  შეხვედრაში ბოლომდე იბრძვის და ხშირად სასურველ შედეგსაც აღწევს. დავამატოთ ამას ისიც, რომ "ინტერი"  აზერბაიჯანის თასის ნახევარფინალშია, სადაც ნიკა კვეკვესკირის "გაბალას" დაუპირისპირდება.

"მწვრთნელის გუნდიაო", ეს "ინტერზე" ითქმის. კლუბში ძველებურად მრავლად აღარ არიან ჩვენებურები, მაგრამ ქართველი ფეხბურთელის გარეშე "ინტერი" მაინც არ არის. დედაქალაქური კლუბის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ხიზანიშვილია, ქართული ფეხბურთის ვეტერანი...

"ლელომ" ინტერვიუ ჩაწერა "ინტერის" მწვრთნელ ზაურ სვანაძესთან, რომელმაც არაერთ
საინტერესო თემაზე ილაპარაკა...

- თავდაპირველად, პირველი ნახევრის შეფასება უნდა გთხოვოთ...
- პირდაპირ ვიტყვი, რომ სეზონის პირველ ნახევარში "ინტერის" თამაშით კმაყოფილი ვარ. ჩვენ აზერბაიჯანის ჩემპიონატში მესამე ადგილზე ვართ, ასევე ვითამაშებთ თასის ნახევარფინალშიც. შეიძლებოდა, თუნდაც ჩემპიონატში რამდენიმე ქულით მეტი გვქონოდა, მაგრამ ეს ფეხბურთია...

მოკლედ, მხოლოდ დადებითად შევაფასებდი ჩვენი გუნდისთვის სეზონის პირველ ნახევარს. თან, ყველამ ვიცით, რომ იყო გარკვეული პრობლემები. მათ შორის, ვგულისხმობ ფეხბურთელების მიმართ არსებულ დავალიანებებს. მოკლედ, შედეგი კარგი იყო. ახლა მთავარია, რა იქნება სეზონის მეორე ნახევარში.

აქედანვე ვიტყვი, რომ პირველობის დასკვნით ნახევარში გაცილებით რთული მატჩები გველის, ვიდრე პირველში იყო. ეს ყოველთვის ასეა და ჩვენს შემთხვევაშიც ასე იქნება. მზად უნდა შევხვდეთ ამ მნიშვნელოვან გამოწვევას.

- თასის ნახევარფინალში ნიკა კვეკვესკირის "გაბალას" დაუპირისპირდებით. ალბათ, საინტერესო დუელი იქნება...
- რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო ორმატჩიანი დუელის მომსწრენი უნდა გავხდეთ. როგორც მოგეხსენებათ, "გაბალა" ძალიან კარგი გუნდია. ნიკა კვეკვესკირს კი ჩემი უდიდესი პატივისცემა! - თუ გახსოვთ, "ინტერში" ის ჩემი  ხელმძღვანელობით თამაშობდა.

ძლიერ მოწინააღმდეგესთან მოგვიწევს საქმის დაჭერა, მაგრამ ეს თასია და ყველამ ვიცით, რომ თასის გათამაშებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. დიდი მონდომებით უნდა მოვემზადოთ ამ საპასუხისმგებლო შეხვედრისთვის.

- საინტერესოა, "ინტერმა" ევროთასებზე გამსვლელი ადგილი რომ მოიპოვოს, შეძლებთ ევროტურნირებზე თამაშს თუ კლუბის მიმართ დაწესებული სანქცია ისევ ძალაშია?
- არა, თუ გუნდი მოიპოვებს ევროთასებზე თამაშის უფლებას, აკრძალვა აღარ იქნება ძალაში და ჩვენ აუცილებლად ვითამაშებთ ევროთასებზე. სწორედ ესაა ჩვენი მიზანი. მესამე ადგილზე ვართ და თასის ნახევარფინალს ვთამაშობთ. ასე რომ, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. შანსი არის და ის უნდა გამოვიყენოთ.

- სატრანსფერო პერიოდი ახლოვდება. ქართველი ფეხბურთელების დამატებას ხომ არ აპირებთ?
- სიამოვნებით დავიმატებდით, მაგრამ არ გვაქვს უფლება. სამწუხაროდ, აკრძალვა გვაქვს ტრანსფერებზე. თუ გავედით ევროთასებზე, მაშინ იმ კონტინგენტით მოგვიწევს ფონს გასვლა, რომელიც დღეს გუნდში გვყავს.

- ეს სერიოზული პრობლემაა, თუნდაც - აზერბაიჯანის ჩემპიონატში...
- გეთანხმებით, პრობლემა მართლაც სერიოზულია, მაგრამ რას ვიზამთ, რა მოცემულობაც გვაქვს კონკრეტულ მომენტში, იმას უნდა მოვერგოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ამოცანები გადავჭრათ. უნდა გავიდეთ ფონს იმ კადრებით, რომლებიც დღეს ჩვენს გუნდში არიან.

- თქვენი ხელმძღვანელობით გუნდმა ერთხელ უკვე ითამაშა ევროთასებზე და "ინტერი" ევროპალიგაზე ცუდი ნამდვილად არ იყო - მხოლოდ ბილბაოს "ატლეტიკთან" დამარცხდით...
- ყველას გახსოვთ, რა პროცესები ვითარდებოდა მაშინ "ინტერში". სიმართლე რომ ვთქვათ, ათი დღის შეკრებილი გუნდით ვითამაშეთ. ჯერ ალბანური ბარიერი დავძლიეთ, მერე ისლანდიური... რაც შეგვეძლო, "ატლეტიკთანაც" ვიბრძოლეთ. იმ ეტაპზე, ალბათ, ეს იყო ჩვენი მაქსიმუმი.

რა თქმა უნდა, "ატლეტიკთან" მატჩში ჩვენი მიზანი ბოლომდე ბრძოლა იყო და ეს გარკვეულწილად შევძელით კიდეც, თუმცა უნდა ითქვას, რომ მეტოქე ჩვენზე ძლიერი იყო და კანონზომიერი შედეგიც დაფიქსირდა.

- როგორ ფორმაშია "ინტერის" ერთადერთი ქართველი - ზურაბ ხიზანიშვილი? რამდენად დიდია მისი წვლილი გუნდის წარმატებაში?
- აბსოლუტურად გულწრფელად ვიტყვი, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, ასეთი პროფესიონალი ფეხბურთელი და პიროვნება რომ მყავს გუნდში. სულ თავიდან, როცა "ინტერის" მთავარ მწვრთნელად დავინიშნე, გუნდში ორი ქართველი ფეხბურთელი ავიყვანე - ზურაბ ხიზანიშვილი და ნიკა კვეკვესკირი. ახლაც ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. სეზონის პირველი ნახევარი ხიზანიშვილმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა. მას საერთოდ არ ჰქონია ჩავარდნა. მჯერა, ასე იქნება სეზონის დასკვნით ნაწილში.

Sportall.Ge

ზურა იმხელა მასშტაბის პროფესიონალია, ისე უყვარს ფეხბურთი და ისე უდგება საკეთებელს, რომ სხვანაირად მე ვერ წარმომიდგენია. ხიზანიშვილი "ინტერისთვის" შეუცვლელი ფეხბურთელი და აზერბაიჯანის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.

- ბევრი მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში აზერბაიჯანის ჩემპიონატის საშუალო დონე ოდნავ დაეცა თუნდაც იმის გამო, რომ საშუალო გუნდები შედარებით დასუსტდნენ. იზიარებთ ამ მოსაზრებას?
- არა, ამ მოსაზრებას ვერაფრით გავიზიარებ. ავიღოთ წლევანდელი ჩემპიონატი, რომელიც 8-გუნდიანია. "ინტერი" ერთ-ერთი ლიდერია და უნდა გითხრათ, რომ იოლი მატჩი საერთოდ არ გვქონია. დარწმუნებული ვარ, თქვენს კითხვას ასევე უპასუხებენ "ყარაბაღისა" და "გაბალას" მთავარი მწვრთნელები.

არა, მე ვერ ვამჩნევ, რომ ჩემპიონატი დასუსტდა. მე ვიტყოდი, რომ ის პირიქით, გაძლიერდა. რაც შეეხება ლიდერებს, ისინი მართლაც რომ შესანიშნავად არიან დაკომპლექტებულები.

- ლეგიონერები აზერბაიჯანის ჩემპიონატში - როგორია მათი წვლილი?
- ძალიან დიდი. აზერბაიჯანის ჩემპიონატში ლეგიონერი იმ პრინციპით ჩამოჰყავთ, რომ ერთი თავით მაინც მაღლა უნდა იდგეს ადგილობრივ მოთამაშეზე. ლეგიონერი იქ გუნდის ლიდერია. არ არსებობს, ჩამოიყვანონ უცხოელი, რომელიც სკამზე იჯდება.

- აზერბაიჯანის ჩემპიონატში მომუშავე თქვენი კოლეგებიდან ვის გამოარჩევდით?
- გამოვარჩევდი "ყარაბაღის" მთავარ მწვრთნელს, გურბან გურბანოვს და "გაბალას" დამრიგებელ რომან გრიგორჩუკს. ორივე მათგანი ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია. მათ სამწვრთნელო დონეს ხაზს უსვამს ევროთასებზე მიღწეული შედეგები. "ყარაბაღმა" და "გაბალამ" უკვე კარგა ხანია გემო გაუსინჯეს ევროთასების ჯგუფურ ეტაპს.

- ვინ მიგაჩნიათ აზერბაიჯანის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად?
- ერთ ფეხბურთელს ვერ დავასახელებ. ალბათ, უფრო სამართლიანი იქნება, თუ ვისაუბრებთ რამდენიმე მოთამაშეზე. გამოვარჩევდი კინტანას, ალმეიდას, უიკსს, ხიზანიშვილს... არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. აზერბაიჯანის ჩემპიონატში მრავლად არიან კლასიანი ფეხბურთელები. ნურც ადგილობრივებს ჩამოვწერთ. მოგეხსენებათ, ბოლო დროს აზერბაიჯანის ნაკრებს პროგრესი აქვს.

- თქვენთვის რამდენად არის აზერბაიჯანის ჩემპიონატში მუშაობა პროგრესის საშუალება?
- მიმაჩნია, რომ მაღალი დონის ჩემპიონატია. ჩვენ ჩვენი გვიყვარს და, რა თქმა უნდა, საქართველოს ჩემპიონატზე გვტკივა გული, მაგრამ ობიექტურად რომ შეხედოთ, ამიერკავკასიაში პირველი ჩემპიონატია.

ვგრძნობ, რომ, როგორც მწვრთნელი, ვიზრდები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ჩემპიონატში განსხვავებული სტილის არაერთი გუნდი თამაშობს. ყველა მოწინააღმდეგე თავისებურ მიდგომას მოითხოვს ჩვენგან. მწვრთნელისთვის აზერბაიჯანის ჩემპიონატში მუშაობა პროგრესის კარგი საშუალებაა. ჩვენ ხომ ისეთი გუნდების წინააღმდეგ გვიწევს თამაში, როგორებიც "გაბალა" და "ყარაბაღი" არიან. ძლიერ მეტოქეებთან დაპირისპირებაში გუნდიც იზრდება და მწვრთნელიც.

- როგორ ახერხებთ ფეხბურთელების კეთილგანწყობის მოპოვებას? რა არის თქვენი მთავარი სამწვრთნელო კრედო?
- სამართლიანობა! ამ პრინციპს არასოდეს გადავუხვევ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაი მრწვტნელია.
xishnika
15:40 29-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული