გიორგი წიტაიშვილი: კიევის "დინამოსთან" კონტრაქტი საუკეთესო საახალწლო საჩუქარია

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ "ლელომ" შემოგთავაზათ ინტერვიუ 16 წლის გიორგი წიტაიშვილთან, ვინც კიევის "დინამოს" ასაკობრივი გუნდისა და უკრაინის 17-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია.

- გიორგი წიტაიშვილი: ჩემი მიზანია, გავხდე კიევის "დინამოს" ლიდერი

და აი, ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია უკრაინიდან - კიევის "დინამომ" ქართველ ფეხბურთელთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება 2018 წლამდე მოქმედებს. რა თქმა უნდა, წიტაიშვილი თავდაპირველად "დინამოს" ახალგაზრდულ გუნდში ითამაშებს და გადაწყვეტილია, რომ სწორედ ამ გუნდთან ერთად გაემგზავრება ესპანურ შეკრებაზე.

კიევის "დინამოს" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ინტერვიუ ქართველ ფეხბურთელთან, რომლის თარგმანსაც აქვე გთავაზობთ...

-
თავდაპირველად, გილოცავთ პირველ პროფესიულ კონტრაქტს კარიერაში. მოგვიყევით ფეხბურთში თქვენს პირველ ნაბიჯებზე...

- ისრაელში დავიბადე. მაშინ მამაჩემი ამ ქვეყნის კლუბში თამაშობდა. ის ყოველთვის სამაგალითო იყო ჩემთვის. ამიტომ მინდოდა ფეხბურთელობა. სამი წლის ვიყავი, როცა მამა სათამაშოდ კვიპროსის "ანორთოსისში" გადავიდა. მაშინ "ანორთოსისის" მოთამაშე-მწვრთნელი თემურ ქეცბაია იყო. მამას ვარჯიშებზე სულ დავყავდი და ჩემი პირველი მწვრთნელიც ის იყო.

- კიევის "დინამოს" სკოლაში როგორ აღმოჩნდით?
- 11 წლის ვიყავი, როცა სინჯებზე მოვხვდი "ბარსელონას" საყოველთაოდ ცნობილ აკადემია "ლა მასიაში". სინჯებმა წარმატებით ჩაიარა. მზად იყვნენ, აკადემიაში ჩავერიცხე, მაგრამ აქ იყო ერთი პრობლემა - "ბარსელონას" ბაზაზე ჩემს თანატოლ ბიჭებს არ ჰქონდათ ცხოვრების უფლება. ამის შემდეგ ქეცბაიამ მამას ურჩია, მივებარებინე კიევის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიაში. კიევში მიმიღეს. საცხოვრებლის პრობლემა არ იყო. იმ დროიდან აქ ვარ.

- ვინ იყო თქვენი პირველი მწვრთნელი "დინამოში"?
- ჩამრიცხეს იური ესკინის ჯგუფში. სტაბილურად თამაში კი მაშინ დავიწყე, როცა ჩემი მწვრთნელი გახდა ალექსეი დროცენკო. მან პირველად მანდო ადგილი სასტარტო შემადგენლობაში.

- აღწერეთ თქვენი თამაში, საყვარელი პოზიცია მინდორზე...
- ფლანგის შემტევი ვარ. ძირითადად, მარჯვენა ფლანგზე ვთამაშობ, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ მარცხნივ და ცენტრშიც. თავი ტექნიკურ ფეხბურთელად მიმაჩნია. გოლების გატანაზე მეტად საგოლე გადაცემების გაკეთება მიყვარს.

- ვინ არის თქვენი კერპი მინდორზე?
- მესი. მინდა, გუნდის ნამდვილი ლიდერი ვიყო, როგორც ის.

- იანვარში კიევის "დინამოს" ახალგაზრდულ გუნდთან ერთად მიდიხართ ესპანურ შეკრებაზე. კმაყოფილი ხართ გუნდის გამოსვლით ევროპის ახალგაზრდულ ლიგაზე?
- კარგად თამაშობს ჩვენი გუნდი და ასეც უნდა იყოს, რადგან კიევის "დინამოა".

- ამ გუნდის ფეხბურთელებიდან რომელიმეს თუ იცნობთ?
- ყველას კარგად ვიცნობ. ბაზაზე მათთან ერთად ვცხოვრობდი. ამ გუნდში ჩემი თანატოლი რამდენიმე ფეხბურთელია.

- თქვენი უახლოესი მიზნები...
- პირველ რიგში, მინდა გავხდე კიევის "დინამოს" 19-წლამდელთა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და სარგებლობა მოვუტანო გუნდს, პროგრესს მივაღწიო...

- რა რეაქცია გქონდათ, როცა შეიტყვეთ, რომ კლუბს თქვენთან პროფესიული კონტრაქტის გაფორმება სურდა?
- ეს ზამთრის არდადეგების დასაწყისშივე ვიცოდი, ოღონდ ოფიციალურად ახლა მოხდა. ეს ჩემთვის საუკეთესო საახალწლო საჩუქარია. მადლობა პრეზიდენტს და მწვრთნელებს ამხელა ნდობისთვის. ვეცდები, მათი იმედები გავამართლო. ეს ჩემთვის დიდი სტიმული და გამოწვევაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული