ლევანმა 90 წუთი ითამაშა ყოფილი გუნდის, "პალერმოს" წინააღმდეგ. 26-ე წუთზე მან მეტოქის კარში დაუმუშავებლად დაარტყა, თუმცა სტუმართა გუნდი მცველმა იხსნა, როცა ბურთს გადაეღობა.
მატჩის ბედი 76-ე წუთიდან გადაწყდა, როცა მოედანზე ვეტერანი მასიმო მაკარონე შევიდა. ზუსტად ერთ წუთში მჭედლიძემ თავით დაუგდო ბურთი მაკარონეს, რომელიც საჯარიმოში მოცელეს. პენალტი თავად დაზარალებულმა დაარტყა - 1:0. რომან ჭანტურია მატჩის განაცხადში იყო.
ლევანმა ზედიზედ მეოთხედ ითამაშა "ემპოლის" სასტარტოში. აქედან ორჯერ მან მოედანზე შეუცვლელად
* * *
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში გიორგი აბურჯანიას "სევილია B"-მ "ოვიედოს" უმასპინძლა და თვალსასეირო მატჩში 5:3 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თამაშში 84-ე წუთიდან ჩაერთო. 20 ტურის შემდეგ აბურჯანიას გუნდს 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზეა.
* * *
ჯაბა კანკავას "რეიმსი" საფრანგეთის თასის 1/32-ფინალიდან რანგით მეხუთე ლიგის "სარგემინმა" გამოაგდო, როცა შინ 2:1 აჯობა. მწვრთნელმა კანკავა 73-ე წუთზე (1:1-ზე) შემოიყვანა მოედანზე.* * *
კვიპროსის ჩემპიონატში ქართველთა "ახნასი" "ერმისს" დაუპირისპირდა, რომლის რიგებშიც თამაშობს ერთი ჩვენებური - ირაკლი მაისურაძე. "ახნასმა" 3:1 იმარჯვა. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ნიკა კაჭარავამ (გააფრთხილეს), ნიკა ყიფიანი კი 69-ე წუთზე გიორგი ილურიძემ შეცვალა. კიდევ ერთი ჩვენებური, გია გრიგალავა ტრავმირებულია.
წაგებულთა შორის იყო მაისურაძე, რომელიც 62-ე წუთზე ექსდინამოელმა კარლეს კოტომ შეცვალა. "ერმისი" 25 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო "ახნასი" 21 ქულით მერვეა.
* * *
პორტუგალიის სეგუნდა დივიზიონში ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტემ" სტუმრად 0:1 დათმო "ფამალიკაოსთან". ჩვენებურს არ უთამაშია. "ჟილ ვისენტე" 24 ქულით გასავარდნ ზონაში ჩაეშვა.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"