თაკო ქველიძე ობერლიგაში გაირჯება

AutoSharing Option
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების წევრი, ცენტრალური მცველი თაკო ქველიძე გერმანული "კარლსრუეს" ქალთა გუნდში ჩაირიცხა.

"გერმანიაში სავარჯიშო და სათამაშო პირობები, რა თქმა უნდა, შესაშურია. ვარჯიშისას ყურადღება გამახვილებულია სისწრაფესა და ტექნიკაზე. თანაგუნდელები კარგად შემხვდნენ. მწვრთნელი ჩემგან სწრაფად აზროვნებას და დაცვაში საიმედო თამაშს მოითხოვს".

ობერლიგა
გერმანულ ქალთა ფეხბურთში ექვსი საფეხბურთო ლიგაა. ბუნდესლიგა, მეორე ბუნდესლიგა, მესამე ბუნდესლიგა, რეგიონალლიგა, ობერლიგა და უმცროსთა ლიგა. ობერლიგაში 13 გუნდია, მათ შორის ფრანკფურტის "აინტრახტი", "კარლსრუე", "შტუტგარტი"... ჩვენებურის "კარლსრუემ" 1945 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ სამჯერ გაიმარჯვა. პირველად 1955-56 წლების სეზონში, შემდეგ
1957-58 და 1959-60 წლებში.

კონტრაქტი
თაკო ქველიძე: "კარლსრუესთან" ერთწლიანი კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. მათ ჩემი საცხოვრებლითა და ხელფასით უზრუნველყოფა ევალებათ. გუნდში ჩემს პოზიციაზე სამნი ვართ და შევეცდები, მათ სათანადო კონკურენცია გავუწიო. სულ მალე გერმანიის საელჩოსგან ვიზას მივიღებ, ჩასვლიდან სამ დღეში კი ვარჯიშსაც დავიწყებ".

საქართველოს ნაკრები
საქართველოს ქალთა ორი ასაკობრივი ნაკრები ჰყავს – 17-წლამდელთა და ეროვნული. უახლოეს მომავალში 17-წლამდელები ამხანაგური შეხვედრის ჩასატარებლად აზერბაიჯანში გაემგზავრებიან. სამწუხაროდ, მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ეროვნული ნაკრებისთვის დაგეგმილი არაფერია.

მსოფლიოს ჩემპიონატი
თაკო ქველიძე: "მიუხედავად იმისა, რომ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატს გერმანია და ბრაზილია გამოეთიშნენ, ბევრი ისეთი გუნდი მონაწილეობდა, რომელთაც სიამოვნებით ვგულშემატკივრობდი. დასანანია, რომ შესარჩევ ეტაპზე ასპარეზობისას ფინალურ ეტაპზე გასვლა ვერ შევძელით. ჩვენი ოცნებაა, მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი წარმატებით დავძლიოთ".

მომავლის პერსპექტივა
"ვოცნებობ, მიუნხენის "ბაიერნის" ან ლონდონის "არსენალის" ქალთა გუნდში ვითამაშო. ძალღონეს არ დავიშურებ, რათა ზამთრის სატრანსფერო სეზონში ზედა ლიგაში გადასვლა შევძლო. ობერლიგაში თამაში არ გამიჭირდება, რადგან "კარლსრუეს" შეკრული გუნდია და გოგონების მხარდაჭერით გერმანულ ფეხბურთს ადვილად შევეთვისები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული