ერთადერთი ქართველი, ვინც "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგაში გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის 2015 წლის შემაჯამებელ საღამოზე გამარჯვებულები ორ ახალ ნომინაციაში გამოავლინეს - საუკეთესო ქალი ფეხბურთელი და საუკეთესო მსაჯი. საუკეთესო ქალი ფეხბურთელის წოდებისთვის სამი ნომინანტი იბრძოდა: თურქეთის "ადანას " წევრები - თამარ ნადირაშვილი და ლელა ჭიჭინაძე, ასევე ყაზახეთის "ბიიკ კაზიგურტის" მოთამაშე გულნარა გაბელია.

საბოლოოდ, გამოკითხულებმა საუკეთესოდ ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, 30 წლის თავდამსხმელი გულნარა გაბელია აირჩიეს.

"ლელომ" მასთან ინტერვიუ ჩაწერა...

- ფეხბურთით როდის დაინტერესდით?
- პატარაობიდან მაინტერესებდა, მიყვარდა და მერე სერიოზულადაც გავყევი.

- ოჯახში თქვენს გატაცებაზე როგორი რეაქცია ჰქონდათ?
- სხვათა
შორის, წინააღმდეგნი არ იყვნენ.

- მართლა?! ვის მოსწონდა განსაკუთრებით - მამას თუ დედას?
- ნუ, რა თქმა უნდა, ზოგჯერ მამა მეჩხუბებოდა, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ კატეგორიული წინააღმდეგი იყო. დედა უფრო გაგებით ეკიდებოდა ჩემს გატაცებას. ერთადერთი, ვისაც ძალიან უარყოფითი რეაქცია ჰქონდა, ბიცოლაჩემი იყო.

- მამა რატომ გეჩხუბებოდათ?
- გოგოს რად გინდა ფეხბურთიო?!

- მაინც რატომო?
- უბრალოდ, გოგო და ფეხბურთი ერთმანეთს არ უხდებაო. მაგრამ მგონია, რომ ნათესავებს ახლა ჩემი ფეხბურთელობა მოეწონებათ. ბოლოს და ბოლოს, საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს.

- კარიერა რომელ კლუბებში დაიწყეთ?
- საქართველოში "ნორჩ დინამოელში" მითამაშია. მერე კი ყაზახეთში წავედი. რეალურად, ყველაზე მეტად სწორედ ახლანდელ კლუბ "ბიიკ კაზიგურტში" თამაში წამადგა. აქ ბევრი რამ ვისწავლე, ვარჯიშებმა და თამაშებმა ძალიან გამზარდა.

- დიდი ხანია, რაც ყაზახურ გუნდში თამაშობთ?
- კი, საკმაოდ. "ბიიკ კაზიგურტში" უკვე მეშვიდე სეზონს ვიწყებ.

- საქართველოში ქალთა ფეხბურთის განვითარება რეალური გგონიათ?
- მიმაჩნია, რომ დაფინანსების შემთხვევაში, ეს რეალური იქნება.

- საქართველოს საუკეთესო ქალ ფეხბურთელად დასახელება თქვენთვის რას ნიშნავს?
- საუკეთესოდ დასახელება ყოველთვის ძალიან დიდი პატივია, მით უფრო, რომ საქართველოში ეს პირველად მოხდა. ყველას დიდი მადლობა, ვინც ხმა მომცა! ძალიან ბედნიერი ვარ.

- "ბარსელონას" კარში სულ 2 ქართველს გაუტანია გოლი. პირველად ეს მაშინ მოხდა, "ლოკომოტივმა" კატალონიელთა 19-წლამდელები 1:0 დათო ჯიქიას გოლით რომ დაამარცხა. მეორედ კი ეს თქვენ, ჩემპიონთა ლიგის თამაშის დროს მოგიხერხებიათ...
- ეს თამაში ბარსელონაში 14 ოქტომბერს გაიმართა. ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის საპასუხო მატჩი იყო. პირველი შეხვედრა შინ 1:1 დავასრულეთ, მეორეს კი 90-ე წუთისთვის 0:4-ს ვაგებდით, მაგრამ პრესტიჟის გოლის გატანა მაინც მოვახერხე და ამითიც ბედნიერი ვარ. მარცხის მიუხედავად, ეს გოლი არასოდეს დამავიწყდება - ასეთ გუნდთან გატანას ყოველთვის ვერ მოახერხებ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

- სხვა დიდი გუნდებისთვის გაგიტანიათ?

- გამიტანია. ეს 2014 წლის 8 ოქტომბერს მოხდა. მაშინაც ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის თამაში გვქონდა და ლიგის მომავალ გამარჯვებულს, გერმანიის "ფრანკფურტს" გავუტანე. ეს თამაში ყაზახეთში გაიმართა და 50-ე წუთზე ანგარიში მე გავხსენი. საბოლოოდ, მხოლოდ ფრეს (2:2) დავჯერდით.

ძლიერი გუნდისთვის ნაკრების შემადგენლობაშიც გამიტანია. შარშან, 18 სექტემბერს, იტალიას ვესტუმრეთ და მე-3 წუთზე ანგარიში მე გავხსენი, თუმცა საბოლოოდ 1:6 წავაგეთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სხვათაშორის მაგ მხრივ არასწორად მიმაჩნია რო უშლიან გოგონებს ფეხბურთს. ყველა სპორტი და სპორტსმენი დასაფასებელია, ეგ არ ჯობია ღამისკლუბებში სიარულს და ბოზობას? მასეთი შემთხვევა იყო, ძმაკაცის და დადიოდა ფეხბურთზე და 16 წლისას ავსტრიაში ეპატიჟებოდნენ და დედამ და ძმამ არა და არ ქნეს, არადა მაგარი თავდამსხმელი იყო ბავშვი. სხვათაშორის ეგ გოგო წელს მონაწილეობდა ქართულ "ვოისში". ფეხბურთს რომ დაანება მუსიკას მიჰყო ხელი. ფიქრია ბანცური
ტყეშელაანთ გიჟი
02:17 14-02-2016
0
"ადანას " წევრები - თამარ ნადირაშვილი - ასეთ რაღაცეებზე მეცინება, საინტერესოა თუ წევრია რატომ არ თამაშობს თურქეთში უკვე მინიმუმ 2 წელია? ეს გოგო ბოლოს ლიტვაში იყო და მის მერე საქართველოშია
lale
19:21 13-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული