საბოლოოდ, გამოკითხულებმა საუკეთესოდ ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, 30 წლის თავდამსხმელი გულნარა გაბელია აირჩიეს.
"ლელომ" მასთან ინტერვიუ ჩაწერა...
- ფეხბურთით როდის დაინტერესდით?
- პატარაობიდან მაინტერესებდა, მიყვარდა და მერე სერიოზულადაც გავყევი.
- ოჯახში თქვენს გატაცებაზე როგორი რეაქცია ჰქონდათ?
- სხვათა
- მართლა?! ვის მოსწონდა განსაკუთრებით - მამას თუ დედას?
- ნუ, რა თქმა უნდა, ზოგჯერ მამა მეჩხუბებოდა, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ კატეგორიული წინააღმდეგი იყო. დედა უფრო გაგებით ეკიდებოდა ჩემს გატაცებას. ერთადერთი, ვისაც ძალიან უარყოფითი რეაქცია ჰქონდა, ბიცოლაჩემი იყო.
- მამა რატომ გეჩხუბებოდათ?
- გოგოს რად გინდა ფეხბურთიო?!
- მაინც რატომო?
- უბრალოდ, გოგო და ფეხბურთი ერთმანეთს არ უხდებაო. მაგრამ მგონია, რომ ნათესავებს ახლა ჩემი ფეხბურთელობა მოეწონებათ. ბოლოს და ბოლოს, საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს.
- კარიერა რომელ კლუბებში დაიწყეთ?
- საქართველოში "ნორჩ დინამოელში" მითამაშია. მერე კი ყაზახეთში წავედი. რეალურად, ყველაზე მეტად სწორედ ახლანდელ კლუბ "ბიიკ კაზიგურტში" თამაში წამადგა. აქ ბევრი რამ ვისწავლე, ვარჯიშებმა და თამაშებმა ძალიან გამზარდა.
- დიდი ხანია, რაც ყაზახურ გუნდში თამაშობთ?
- კი, საკმაოდ. "ბიიკ კაზიგურტში" უკვე მეშვიდე სეზონს ვიწყებ.
- საქართველოში ქალთა ფეხბურთის განვითარება რეალური გგონიათ?
- მიმაჩნია, რომ დაფინანსების შემთხვევაში, ეს რეალური იქნება.
- საქართველოს საუკეთესო ქალ ფეხბურთელად დასახელება თქვენთვის რას ნიშნავს?
- საუკეთესოდ დასახელება ყოველთვის ძალიან დიდი პატივია, მით უფრო, რომ საქართველოში ეს პირველად მოხდა. ყველას დიდი მადლობა, ვინც ხმა მომცა! ძალიან ბედნიერი ვარ.
- "ბარსელონას" კარში სულ 2 ქართველს გაუტანია გოლი. პირველად ეს მაშინ მოხდა, "ლოკომოტივმა" კატალონიელთა 19-წლამდელები 1:0 დათო ჯიქიას გოლით რომ დაამარცხა. მეორედ კი ეს თქვენ, ჩემპიონთა ლიგის თამაშის დროს მოგიხერხებიათ...
- ეს თამაში ბარსელონაში 14 ოქტომბერს გაიმართა. ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის საპასუხო მატჩი იყო. პირველი შეხვედრა შინ 1:1 დავასრულეთ, მეორეს კი 90-ე წუთისთვის 0:4-ს ვაგებდით, მაგრამ პრესტიჟის გოლის გატანა მაინც მოვახერხე და ამითიც ბედნიერი ვარ. მარცხის მიუხედავად, ეს გოლი არასოდეს დამავიწყდება - ასეთ გუნდთან გატანას ყოველთვის ვერ მოახერხებ.
- სხვა დიდი გუნდებისთვის გაგიტანიათ?
- გამიტანია. ეს 2014 წლის 8 ოქტომბერს მოხდა. მაშინაც ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის თამაში გვქონდა და ლიგის მომავალ გამარჯვებულს, გერმანიის "ფრანკფურტს" გავუტანე. ეს თამაში ყაზახეთში გაიმართა და 50-ე წუთზე ანგარიში მე გავხსენი. საბოლოოდ, მხოლოდ ფრეს (2:2) დავჯერდით.
ძლიერი გუნდისთვის ნაკრების შემადგენლობაშიც გამიტანია. შარშან, 18 სექტემბერს, იტალიას ვესტუმრეთ და მე-3 წუთზე ანგარიში მე გავხსენი, თუმცა საბოლოოდ 1:6 წავაგეთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"