...მუდამ ფავორიტები ვიყავით!

AutoSharing Option
`ლელოს~ გუშინდელ ნომერში ევროტურნირების ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე ქართული გუნდების ასპარეზობაზე ვისაუბრეთ. ისიც აღვნიშნეთ, რომ თასების თასისა და უეფას თასისგან განსხვავებით, ჩემპიონთა ლიგაზე (იგივე, ჩემპიონთა თასზე) ქართული გუნდები არასდროს გასულან მესამე ეტაპზე. დღეს, უეფას თასზე ჩვენი გუნდების `მონაგარი~ გვინდა შემოგთავაზოთ, ოღონდ, ამჯერად საუბარი მხოლოდ თბილისის `დინამოზე~ გვექნება, _ ევროტურნირებზე მოასპარეზე ქართული გუნდებიდან ყველაზე `სტაჟიან~ წევრზე...

ისე როგორც გუშინ, უეფას თასზე `დინამოს~ ასპარეზობა ორ ეტაპად უნდა დავყოთ და ჯერ იმ პერიოდზე ვისაუბროთ, როცა იმ დროისთვის ყველა ქართველისათვის უპირველესი გუნდი საბჭოთა
კავშირის სახელით მონაწილეობდა. სხვათა შორის, წინდაწინვე უნდა ითქვას, რომ იმ პერიოდში უეფას თასზე ჩატარებულ შეხვედრებში `დინამოს~ დადებითი ბალანსი აქვს: 26 მატჩში 13 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და 8 წააგო (ბურთების სხვაობა 39-31).

უეფას თასზე და საერთოდ, ევროტურნირებზე `დინამოს~ დებიუტი 1972 წლის 13 სექტემბერს ჰქონდა. გავრილ კაჩალინის ხელმძღვანელობით მოასპარეზე `დინამომ~ უეფას თასის 1/32 ფინალში წარმატებული სტარტი აიღო: ევროტურნირებზე სადებიუტო შეხვედრაში ჰოლანდიური `ტვენტე~ დაამარცხა (3:2). იმ მართლაც ისტორიულ მატჩში დინამოელთაგან ორი გოლი გივი ნოდიამ გაიტანა, ერთიც დავით ყიფიანმა. სამწუხაროდ, ორი კვირის მერე ჩატარებულ განმეორებით შეხვედრაში `დინამომ~ 0:2 წააგო და ევროტურნირებზე სადებიუტო ასპარეზობა ასე ადრეულ ეტაპზე დაასრულა. სამაგიეროდ, ბევრად უფრო წარმატებული გამოდგა მომდევნო სეზონი: ალექსანდრე კოტრიკაძის ხელმძღვანელობით `დინამომ~ უეფას თასის მერვედფინალს მიაღწია! 1/32 ფინალში `დინამომ~ ორი მატჩის ჯამში ბულგარულ `სლავიას~ აჯობა (4:1, 0:2), 1/16 ფინალში კი საკმაოდ იოლად გაუსწორდა იუგოსლავიის ოფკ-ს (3:0, 5:1). აი, მერვედფინალში კი `დინამოს~ საკმაოდ ძლიერი მეტოქე ელოდა – ინგლისური `ტოტენჰემ ჰოთსპური~, რომლის ლიდერიც 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონი მარტინ პიტერსი გახლდათ. თბილისური მატჩი ფრედ (1:1) დამთავრდა (დინამოელთაგან გოლი კახი ასათიანმა გაიტანა), აი, ლონდონში კი სრული ფიასკო გველოდა: `ტოტენჰემმა~ ქართულ გუნდს დიდი ანგარიშით, 5:1 მოუგო...

ამის შემდეგ ოთხი წელი გავიდა, ვიდრე `დინამო~ კვლავ იასპარეზებდა უეფას თასზე. თანაც, ქართულ ფეხბურთში ნოდარ ახალკაცის ეპოქა უკვე დაწყებული იყო და 1977 წლის 14 სექტემბერს `დინამომ~ თავის ისტორიაში კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაწერა! დღევანდელი გადასახედიდან, ცოტა არ იყოს, დაუჯერებლად ჩანს მაგრამ, რეალობას ვერსად გავექცევით: 1/32 ფინალში `დინამომ~ სტუმრად მილანის `ინტერი~ დაამარცხა! გამარჯვების მომტანი ის ერთადერთი გოლი კი დავით ყიფიანმა გაიტანა, როცა მასპინძელთა და, საერთოდ, იტალიური ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას ფაკეტის მოედნის ცენტრიდან ბურთი `მოპარა~ და საშუალო მანძილიდან მეტოქის კარში ზუსტადაც დაარტყა. განმეორებითი მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა; 1/16 ფინალში კი `დინამომ~ უპრობლემოდ გადალახა დანიური `ბკ კოპენჰაგენის~ ბარიერი (4:1, 2:0). აღსანიშნავია, რომ ამ ორ მატჩში თავი გამოიჩინა რევაზ ჩელებაძემ, მეტოქის კარში სამი გოლი რომ გაიტანა; ამას გარდა, ევროტურნირებზე პირველი გოლები გაიტანეს ალექსანდრე ჩივაძემ და რამაზ შენგელიამ (სხვათა შორის, `კოპენჰაგენის~ შემადგენლობაში ფინ ლაუდრუპი თამაშობდა – 90-იანი წლების მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების, მიქაელ და ბრაიან ლაუდრუპების მამა). აი, მერვედფინალში კი `დინამო~ აშკარა უსამართლობის მსხვერპლი გახდა: თბილისში შვეიცარიულ `გრასჰოპერსს~ რამაზ შენგელიას ერთადერთი გოლით ვაჯობეთ, მაგრამ ციურიხში ჩატარებულ განმეორებით მატჩში ფრანგმა არბიტრმა კიტაბჯანმა საშინელი მიკერძოებით იმსაჯა. ყოველ შემთხვევაში, `დინამო~ ასეთი დიდი ანგარიშით (0:4) წაგებას ნამდვილად არ იმსახურებდა.
ამის შემდეგ ისე მოხდა, რომ ზედიზედ ორჯერ უეფას თასზე პირველივე წრეში მეტოქედ იტალიური `ნაპოლი~ გვხვდებოდა! 1978 წელს `დინამომ~ შესძლო და ეს ძლიერი მეტოქე გზიდან ჩამოიცილა: თბილისში, დავით ყიფიანის და რამაზ შენგელიას ორი უპასუხო გოლით გავიმარჯვეთ, ნეაპოლში კი მატჩი ფრედ (1:1) დასრულდა. სხვათა შორის, სწორედ ამ განმეორებით შეხვედრას უკავშირდება ცნობილი ისტორია. ვიტალი დარასელიამ იტალიაში ყოფნისას შეიტყო, ვაჟი რომ შეეძინა და `დინამოს~ ნახევარმცველს თანაგუნდელებისთვის უთქვამს – მეტოქის კარში გოლს ვინც გაიტანს, ჩემს ბიჭს იმის სახელს დავარქმევო! ჰოდა, ისე მოხდა, რომ ერთ ეპიზოდში, ვახტანგ ქორიძის ძლიერი დარტყმის მერე `ნაპოლის~ მეკარემ ბურთი მოიგერია და დამატებაზეც ყველას... ვიტალი დარასელიამ დაასწრო! სიტყვა სიტყვა იყო: დარასელიების ოჯახში 1978 წლის 27 სექტემბერს დაბადებულ ახალშობილს ვიტალი დაარქვეს; გავა წლები და უეფას თასზე თბილისის `დინამოს~ მაისურით იასპარეზებს და მეტოქეთა კარში ერთი-მეორეზე ეფექტურ გოლებს... ვიტალი დარასელია-უმცროსი გაიტანს!
...ისევ 1978-79 წლების სეზონს დავუბრუნდეთ, როცა `დინამომ~ ევროტურნირებზე ასპარეზობა 1/16 ფინალში შეწყვიტა. ჩვენი მეტოქე დასავლეთ ბერლინის `ჰერტა~ იყო და სტუმრად 0:2 დავმარცხდით, ხოლო თბილისში რამაზ შენგელიას მართლაც დიდოსტატური გოლი საკმარისი არ აღმოჩნდა. ამის შემდეგ `დინამოს~ უეფას თასზე სამწლიანი და, ამასთან, `საპატიო~ პაუზა ჰქონდა: გუნდმა ჯერ ჩემპიონთა თასზე იასპარეზა, შემდეგ კი ზედიზედ ორჯერ – თასების მფლობელთა თასზე. ფეხბურთის გულშემატკივრებს კარგად მოეხსენებათ, თუ რა ზღაპრული მატჩები ჩაატარა ჩვენმა უპირველესმა გუნდმა იმ სამივე გათამაშებაში. აქედან გამომდინარე, 1982 წლის შემოდგომაზე `დინამოს~ პირველსავე ეტაპზე გამოვარდნა, მართლაც კატასტროფულ შედეგად მიგვაჩნდა. ჰო, მართლაც უცნაურად მოსჩანს დღევანდელი გადასახედიდან: ქართველი გულშემატკივარი იმაზე იყო აღშფოთებული, იტალიურმა `ნაპოლიმ~ როგორ გვაჯობაო!.. არადა, უნდა ვაღიაროთ, რომ `დინამოში~, ფაქტობრივად, უკვე დაწყებული იყო იმ მართლაც, `დიდი გუნდის~ ნელ-ნელა კი არა, აშკარად `ჩქარი ტემპებით~ დაშლა; ანუ, ლოგიკასთან ახლოც იყო, როცა `ნაპოლიმ~ ორი მატჩის ჯამში (1:2, 1:0) გვაჯობა. ნეაპოლურ გუნდში ორი ჩინებული ლეგიონერი თამაშობდა – ვეტერანი ჰოლანდიელი მცველი რუუდ კროლი და ახალგაზრდა არგენტინელი ფორვარდი რამონ დიასი; თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ განმეორებით შეხვედრაში მსაჯობა აშკარად ტენდენციური იყო: ნეაპოლურ მატჩში ალექსანდრე ჩივაძემ შორეული საჯარიმო დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა, მაგრამ არბიტრმა, გაურკვეველი მიზეზებით, სტანდარტულის ხელახლად შესრულება მოითხოვა და მასპინძელთა კარში გატანილი ათასპროცენტიანი გოლი არ ჩაგვითავალა...

ამის შემდეგ `დინამოში~ ხანგრძლივი კრიზისი დაიწყო და ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში ევროტურნირები უჩვენოდ ტარდებოდა და აი, 1986 წლის სეზონის მიხედვით, მომავალ წელს უეფას თასზე მონაწილების უფლებაც მივიღეთ. ოღონდ, იმ ერთ წელიწადში `დინამოში~ უამრავი საკადრო ცვლილება მოხდა: ოთხი მთავარი მწვრთნელიც გამოიცვალა, რომ აღარაფერი ვთქვათ ფეხბურთელების წასვლა-მოსვლაზე. ამიტომაც იყო, რომ ქართველი გულშემატკივარი საკმაოდ სკეპტიკურად უცქერდა 1987 წლის შემოდგომაზე `დინამოს~ შანსებს. თუმცა, ბევრისთვის მოულოდნელად, გერმან ზონინის ხელმძღვანელობით მოასპარეზე `დინამომ~ უეფას თასზე მართლაც ჩინებულად იასპარეზა! 1/32 ფინალში პირველი მატჩი ბულგარეთში, სოფიის `ლოკომოტივთან~ 1:3 წავაგეთ: განმეორებით შეხვედრაში, მატჩის დასაწყისშივე გელა კეტაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ `დინამომ~ მაინც შესძლო თავისთვის სასურველი შედეგის მიღწევა და მეტოქის კარში სამი უპასუხო გოლი გაიტანა. განსაკუთრებით ეფექტური კი გია გურულის მიერ 40 მეტრიდან გატანილი გოლი იყო, _ ბურთი მეტად უცნაური ტრაექტორიით მეტოქის კარის `ცხრიანში~ რომ შეფრინდა. ამას მოჰყვა 1/16 ფინალში რუმინული `ვიქტორიას~ ძლევა (2:1, 0:0) და მერვედფინალში მეტოქედ გერმანული `ვერდერი~ გველოდა; გუნდი, რომელსაც ოტო რეხაგელი წვრთნიდა და რომელმაც ჩვენამდე მართლაც რომ აბუჩად აიგდო მოსკოვის `სპარტაკი~ _ `ვერდერმა~ პირველი მატჩი 1:4 წააგო, მაგრამ საკუთარ მოედანზე 6:2 დაამარცხა! აი, `დინამო~ კი მართლაც ღირსეულად ეპაექრა ამ წყვილის უპირობო ფავორიტ გერმანულ გრანდს: ბრემენში მინიმალური სხვაობით (1:2) წავაგეთ და სხვათა შორის, ეს იყო შენგელიას უკანასკნელი გოლი ევროტურნირებზე...

1987 წლის 9 დეკემბერს თბილისის `დინამომ~ ევროტურნირებზე უკანასკნელი მატჩი ჩაატარა... როგორც საბჭოთა კავშირის წარმომადგენელმა. სამწუხაროდ, `ვერდერის~ ძლევა ვერ მოხერხდა, მაგრამ ასეთი დონის გუნდთან ფრეც (1:1) არ იყო ურიგო შედეგი (დინამოელთაგან გოლი თენგიზ სულაქველიძემ გაიტანა).

აი, ამის შემდეგ კი თბილისის `დინამო~ ევროტურნირებზე უკვე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ასპარეზობდა, თუმცა ამ თემაზე `ლელოს~ ხვალინდელ ნომერში ვისაუბროთ. მანამდე კი `დინამოს~ ის ფეხბურთელები ჩამოთვალოთ, 1973-1989 წლებში უეფას თასზე მეტოქეთა კარში გოლები რომ გაჰქონდათ: რამაზ შენგელია – 8, დავით ყიფიანი – 7, გივი ნოდია – 5, რევაზ ჩელებაძე – 3, ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე, ლევან ნოდია – ყველა 2-2, გოჩა გავაშელი, მანუჩარ მაჩაიძე, ვახტანგ ჭელიძე, ზურაბ წერეთელი, კახი ასათიანი, ზორბეგ ებრალიძე, ვიტალი დარასელია, ნოდარ ხიზანიშვილი, სოსო ჭედია, გია გურული – ყველა თითო-თითო.

(გაგრძელება ხვალინდელ ნომერში)


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული