ელგუჯა გუგუშვილი: ფუნდამენტი ძლიერია, ახლა მყარი კარკასი გვჭირდება!..

AutoSharing Option
ცნობილ ქართველ მწვრთნელსა და მეცნიერს, ელგუჯა გუგუშვილს ქართულ ფეხბურთში არსებულ ზოგად ვითარებაზე ვესაუბრეთ.

როგორც ყოველთვის, მან ამჯერადაც საინტერესოდ და ამომწურავად ილაპარაკა...

"ბევრი პოზიტიური სიახლეა ჩვენს საფეხბურთო ცხოვრებაში. პირველად ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში შემოღებულია ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების დაფინანსების და პრემიალური სისტემები, რომლებიც ფეხბურთის განვითრების და სოლიდარობის ფონდიდან განხორციალდება, რაც უდავოდ დიდი საქმეა.

ფეხბურთი სწრაფად, რომ განვავითაროთ, უწინარეს ყოვლისა, დახმარება და თანადგომა სჭირდება ჩვენს უახლოეს რეზერვს - ბავშვთა და მოზარდთა ფეხბურთს. ბავშვთა ფეხბურთში მომუშავე მწვრთნელების შრომის ანაზღაურება ძალიან მცირეა, რომელიც ხშირად გზის
ფულად არ ყოფნით, მაგრამ მაინც საყვარელ საქმეს არ ღალატობენ, მუშაობენ თითქმის ენთუზიაზმზე...

სამი ფაქტორია, რომელიც მწვრთნელის კარიერას განაპირობებს - საზოგადოებრივი აზრი, კლუბის პრეზიდენტი და კოლექტივი. ჩვენთან კლუბის პრეზიდენტი წყვეტს მწვრთნელის ბედს, მისი გუნდში დანიშვნის ან გაშვების საკითხს, დანარჩენი ორი ფაქტორი კი სრულიად იგნორირებულია.

როცა პრეზიდენტი ნიშნავს მწვრთნელს, რომელიც ვერ აჩვენებს სასურველ შედეგს, ვინ არის პასუხისმგებელი? კლუბის პრეზიდენტი? არა, რეკომენდატორი, სხვანაირად აგენტებს რომ უწოდებენ. ჩამოიყვანეს ფეხბურთელები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა მარტინიკა, ბურკინა ფასო, სიერა ლეონე და ასე შემდეგ...

განა საოცრება არ არის, რომ თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 27 წლის განმავლობაში ერთი ღირსეული ქართველი მწვრთნელი ვერ მოინახა, რომელიც 3 წლის განმავლობაში გაწვრთნიდა "დინამოს"?

ევროტურნირებზე ჩვენი გუნდების წარუმატებელი ასპარეზობის ერთ-ერთი მიზეზი გუნდებში მწვრთნელების ხშირი ცვლაა...

ჩვენთან საკმაოდ ბევრია უმუშევარი სპეციალისტი, რომლებმაც ქართულ ფეხბურთს ბევრი კარგი შესძინა.

მისასალმებელია ახალგაზრდა მწვრთნელების დაწინაურება, რომლებსაც სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში ვხედავთ. ამავდროულად, სასურველი იქნებოდა, როგორც საკლუბო გუნდებში, ასევე ნაკრებშიც, თუ კონსულტანტებად გამოცდილ და კვალიფიციურ მწვრთნელებს დანიშნავენ, რაც, ერთი მხრივ, დაასაქმებს გამოცდილ მწვრთნელებს, მეორე მხრივ კი მათ საშუალებას მისცემს, რომ დაგროვილი ცოდნა გადასცენ ახალგაზრდა კოლეგებს. დარწმუნებული ვარ, შედეგი არ დააყოვნებს...

კლუბებში, განსაკუთრებით კი ნაკრებში, საქმის ნახევარს წყვეტს კვალიფიციური მწვრთნელის შერჩევა. ახალი მწვრთნელისგან ელოდებიან სტაბილურ შედეგს, თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას და ა.შ.

არის მეორე ნახევარი, ეს ფეხბურთელებია. მწვრთნელს უფრო უჭირს, ვიდრე ფეხბურთელებს. თუ გუნდმა სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, მწვრთნელია დამნაშავე, თუ გუნდი კარგად თამაშობს, ვაშა ფეხბურთელებს! არავინ საუბრობს, რომ ფეხბურთელები ცუდად თამაშობენ, ისინი გუნდში რჩებიან, მწვრთნელს ათავისუფლებენ, სამწუხაროდ ასეა.

საერთოდ, ნაკრების მთავარი მწვრთნელის ბედი დამოკიდებულია თითოეული მატჩის შედეგზე. ვიყოთ გულახდილები -
დიდი ხანი არ არის, რაც ვაისმა გუნდი ჩაიბარა და პრაქტიკულად შეუძლებელია, მოკლე პერიოდში მოიპოვოს სერიოზული წარმატებები და რევოლუციური ცვლილებები მოახდინოს. ვიდრე ფეხბურთელები მიეჩვევიან მის სტილს, ხასიათს, ტაქტიკას და ასე შემდეგ, იქნება შეცდომები, პრობლემები. პრობლემები კი იმიტომ არის, რომ ვეძებოთ, ვიპოვოთ და ეტაპობრივად მოვაგვაროთ. ამისთვის დროა საჭირო...

მწვრთნელი დაკავებული უნდა იყოს საწვრთნელი პროცესების ჩატარებით და ტექნიკური პრობლემებით, თუ ამგვარი არის. დანარჩენი საკითხების მოგვარება კლუბის სპორტული დირექტორის ფუნქციაა. კარგი იქნება, თუ გამოვიჩენთ ინიციატივას და მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლების პარალელურად, ჩატარდება სპორტული დირექტორების კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, სადაც მათ შეასწავლიან ამ თანამდებობაზე მუშაობის სპეციფიკას.

სასურველი იქნებოდა, თუ რეგულარულად ჩატარდება ფეხბურთთან დაკავშირებული კონფერენციები, მრგვალი მაგიდები, სემინარები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სპეციალისტები, მედია და გულშემატკივრები. აქ განხილული უნდა იყოს ფეხბურთთან დაკავშირებული აქტუალური და საჭირბოროტო საკითხები...

და ბოლოს, დიდი სურვილი მაქვს, ახალი ფედერაციის მიერ მოტანილმა სიახლეებმა ფუჭად არ ჩაიაროს. ქართულ ფეხბურთს ძლიერი ფუნდამენტი აქვს, მას მყარი კარკასი სჭირდება", - გვითხრა ელგუჯა გუგუშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
რამდენიმე საყურადღებო მოსაზრებაა
mkiTxveli
20:02 04-02-2017
0
ბატონო გუჯა კარგად მსჯელობტ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული